
ენერგეტიკული ბაზრის გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება, როცა ჭარბი ენერგია გვექნება - დავით ნარმანია
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია შედარებით გრძელვადიანი პროცესია. მან ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის დღიური ბაზრის გახსნაზე BMG-ს კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, ბაზრის გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება, როცა მეტი გენერაცია გაჩნდება.
"ბაზრის ლიბერალიზაცია შედარებით გრძელვადიანი პროცესია. ტექნიკური სისტემა გამართულია. მნიშვნელოვანი არის დამატებით სიმულაციების გაკეთება ბაზრის გახსნის შემთხვევაში, რომ ენერგიაზე ფასები არ გაიზარდოს. ბაზრის გახსნა უფრო ეფექტიანი იქნება მაშინ, როცა უფრო მეტი გენერაცია გაჩნდება ქვეყანაში, ანუ როცა უფრო მეტი ჭარბი ენერგია გვექნება. ამ შემთხვევაში, როცა მიწოდება უფრო მეტი იქნება, ვიდრე მოთხოვნა, ფასი დაიკლებს", - ამბობს ნარმანია.
ენერგეტიკული ბირჟა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის რეჟიმში 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. გარდამავალი მოდელის ამოქმედება პირველი ნაბიჯი იყო ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციისკენ, რისი ვალდებულებაც საქართველომ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ნაწილში აიღო. 1-ელი ოქტომბრიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 8 სექტემბერს გამოსცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღიური ბაზრის ოპერირება 2027 წლის პირველ ივლისამდე ჩერდება, ხოლო 2027 წლის პირველი ივლისიდან, დღიური ბაზრის ოპერირებას ბირჟის ოპერატორი უზრუნველყოფს. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ირაკლი გალდავა ამბობს, რომ ბირჟაზე დღიური ბაზრის ოპერირება შეჩერდა, რადგან მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო და გასულ წელს მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო. მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟა დღით ადრე ბაზრის რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
BM.GE
წყარო: bm.ge