მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგოსისტემის მთავარი გამოწვევა სეზონურობაა-თურქეთის ბაზარი ისეთი მაღალტარიფიანი აღარ იქნება, როგორც ადრე - მარიამ ჩახვაშვილი
ენერგოსისტემის მთავარი გამოწვევა სეზონურობაა-თურქეთის ბაზარი ისეთი მაღალტარიფიანი აღარ იქნება, როგორც ადრე - მარიამ ჩახვაშვილი

ენერგოსისტემის მთავარი გამოწვევა სეზონურობაა-თურქეთის ბაზარი ისეთი მაღალტარიფიანი აღარ იქნება, როგორც ადრე - მარიამ ჩახვაშვილი

BM.GE23 ივლისი, 2026, 20:16|bm.ge

ენერგოსისტემის მთავარი გამოწვევა სეზონურობაა - თურქეთის ბაზარი ისეთი მაღალტარიფიანი აღარ იქნება, როგორც ადრე - ამის შესახებ BMG-სთან Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი აცხადებს. მისი თქმით, სეზონურობის პრობლემა სისტემურია და მომავალ წლებშიც მოსალოდნელია.

როგორც Galt & Taggart განმარტავს, ივნისში, საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად 16.3%-ით შემცირდა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე, საქართველოს ელექტროსისტემას მოუწია გენერაციის შეზღუდვა მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, მაისის მსგავსად.

მარიამ ჩახვაშვილის თქმით, შეზღუდვის მთავარი გამომწვევი მიზეზი თურქეთის ბაზარზე შეცვლილი გარემო გახდა. მაისსა და ივნისში მეზობელ ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასები მკვეთრად დაეცა, ივნისში კი თურქეთმა საქართველოდან იმპორტზე საერთოდ განაცხადა უარი.

მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ამას ორი მიზეზი ჰქონდა: თურქეთში, ისევე როგორც საქართველოში, წელს კარგი ჰიდროლოგიური პერიოდი იყო, რამაც მათი ჰიდროსადგურების გამომუშავება გაზარდა; ამასთან, თურქეთის ენერგოსისტემამ ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობით მზის სადგურები დაამატა, რამაც დღის განმავლობაში ენერგიის ჭარბი მიწოდება შექმნა.

„მაისში თურქეთში ფასი საშუალოდ 1.8 ცენტი იყო, ივნისში კი თვითონ თურქეთმა განაცხადა უარი საქართველოდან ელექტროენერგიის იმპორტზე. შესაბამისად, ის ჭარბი ენერგია, რომელიც სხვა შემთხვევაში ექსპორტზე გადიოდა, აუთვისებელი დარჩა და საჭირო გახდა გენერაციის შეზღუდვა“, - განმარტავს ჩახვაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, ეზღუდვებმა ყველაზე მეტად მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურები დააზარალა - ივნისში, ენგურჰესის გარდა, სხვა სადგურების გამომუშავება დაახლოებით 35%-ით შემცირდა.

„იმ სადგურებზე, რომლებსაც შეეხო ეს შეზღუდვები, დაახლოებით 30-35% იყო გენერაციის კლება. ეს მძიმე პრეცედენტია იმ ინვესტორებისთვის, ვისაც არ აქვთ სახელმწიფო მხარდაჭერის სქემები, რადგან მათთვის შემოსავლების დაგეგმვა და პროექტების რისკიანობა იზრდება“, - აღნიშნავს ჩახვაშვილი.

ივლისის დაწყებასთან ერთად ვითარება გარკვეულწილად, შეიცვალა - თურქეთში საშუალო ფასმა 6 ცენტს მიაღწია, რამაც ექსპორტის განახლება გახადა შესაძლებელი. თუმცა, ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ თურქეთის იმედად ყოფნა ქვეყნისთვის რისკიანია.

„თურქეთის ბაზარი ისე აღარ აღიქმება, როგორც ძალიან მაღალი ტარიფის მქონე. 9-10 ცენტიანი მოლოდინები აღარ გვაქვს. ამიტომ არის საჭირო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და შავი ზღვის კაბელი, რათა სიჭარბის პერიოდში ენერგია ევროპაში გავიტანოთ,“ - ამბობს ის.

Galt & Taggart-ის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ენერგოსისტემის მთავარი სუსტი წერტილი სეზონურობაა: ზამთარში დეფიციტი, ზაფხულში კი - დაღვრები. გამოსავალი კი, პოლიტიკის პრიორიტეტების შეცვლაშია.

„პირველ რიგში, გვჭირდება რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, რაც საშუალებას მოგვცემს ენერგია სეზონურად გადავანაწილოთ. ასევე აუცილებელია დამგროვებლების (ბატარეების) სისტემები დღე-ღამური დისბალანსის სამართავად. ახალი მშენებლობები უფრო მეტად უნდა მოერგოს ქვეყნის სისტემურ საჭიროებებს - ზამთრის დეფიციტის შევსებას და საათობრივი ბალანსის დაცვას,“ - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

Galt & Taggart-ის კვლევით, 2026 წლის ივნისში ადგილობრივი მოხმარება წლიურად 0.3%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 84.3%-ით შემცირდა 0.004 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 15.5%-ით იკლო 1.1 ტვტ.სთ-მდე. ივნისში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი არ განხორციელებულა. ერთადერთი ექსპორტიორი იყო ესკო, რომელმაც დააბრუნა ძველი ვალი. ექსპორტის შემცირების მიზეზი თურქეთში ჭარბი გენერაცია იყო, რის გამოც თურქეთმა შეზღუდა საქართველოდან იმპორტი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6.5 ცენტი საკმარისი არ არის, გაიზარდა მშენებლობის ღირებულება - დავით მირცხულავა

6.5 ცენტი საკმარისი არ არის, გაიზარდა მშენებლობის ღირებულება - დავით მირცხულავა

BM.GE

ომის ფონზე რუსეთში ატმის ექსპორტი გართულდა… რეალიზაცია განსაკუთრებით ჭირს მოსკოვში - ასოციაცია

ომის ფონზე რუსეთში ატმის ექსპორტი გართულდა… რეალიზაცია განსაკუთრებით ჭირს მოსკოვში - ასოციაცია

BM.GE

ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუკი რუსული ნავთობის შესყიდვაზე EU-ს პირობები არ შესრულდება

ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუკი რუსული ნავთობის შესყიდვაზე EU-ს პირობები არ შესრულდება

BM.GE

მთავრობა თბილისის გეზის მიმდებარედ 54,769 კვ.მ-ის მიწას ₾4.9 მილიონად ყიდის

მთავრობა თბილისის გეზის მიმდებარედ 54,769 კვ.მ-ის მიწას ₾4.9 მილიონად ყიდის

BM.GE