
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ფინანსური თაღლითობის ახალი შემთხვევების შესახებ აფრთხილებს. უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით უკავშირდებიან, თავს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ და უკანონოდ იყენებენ სების ოფიციალურ ლოგოს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თაღლითები მოქალაქეებს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით სარგებლობასა და სესხის აღებაში დახმარებას სთავაზობენ.
ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით უწყება განმარტავს, რომ მოქალაქეს თავდაპირველად კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე დამტკიცებული სესხით სარგებლობისთვის ხელშეკრულების გაფორმება იყო საჭირო. მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა სასესხო განაცხადის არსებობა უარყო, მას მეტი დამაჯერებლობისთვის უკვე ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ. სოციალური ინჟინერიის ზეგავლენით, მომხმარებელმა გაიარა ავტორიზაცია ინტერნეტბანკში, გაიაქტიურა სესხი, ხოლო თანხის ნაწილი მესამე პირის ანგარიშზე გადარიცხა.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სესხებს არ გასცემს, არ ხსნის ანაბრებს და არც კომერციულ ბანკებში საფინანსო პროდუქტებით სარგებლობის პროცესში ეხმარება მოქალაქეებს, რადგან ეს კანონმდებლობით მის უფლებამოსილებას სცდება.
სებ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს:
• გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და არ გასცენ პერსონალური ან ფინანსური მონაცემები (მათ შორის, დისტანციური ბანკინგის მომხმარებლის სახელი და პაროლი); • არ შეიყვანონ აღნიშნული ინფორმაცია უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე; • ნებისმიერი შემოთავაზების შემთხვევაში, გადაამოწმონ ინფორმაცია მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან; • თაღლითობის ეჭვის გაჩენისთანავე მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.
უწყების ცნობით, ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებული სქემების შესახებ საგანმანათლებლო და გამაფრთხილებელი მასალები პერიოდულად თავსდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
BM.GE
წყარო: bm.ge