
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა - ჯამში 2 მილიონი ლარით
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა. შესაბამისი ინფორმაცია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, დაჯარიმებულია ი.მ “მერაბ მსხალაძე”, ი.მ “მერაბ ბერიძე”, ი.მ. “მურმან სირაბიძე”, შპს “დემე” და შპს “ჯ&გ”. მათგან ყველაზე დიდი ოდენობით ჯარიმები დაეკისრა ი.მ მერაბ მსხალაძეს და შპს „ჯ&გ“-ს. ხუთივე პუნქტის ჯარიმების ჯამური რაოდენობა 2 მლნ ლარს სცდება.
• ვალუტის გადამცვლელი პუნქტს ი.მ. „მერაბ მსხალაძეს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 713,000 ლარის ოდენობით. • ვალუტის გადამცვლელი პუნქტს ი.მ. „მერაბ ბერიძეს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 413,000 ლარის ოდენობით. • ვალუტის გადამცვლელი პუნქტს ი.მ. „მურმან სირაბიძეს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 35,500 ლარის ოდენობით. • ვალუტის გადამცვლელი პუნქტს შპს „დემე“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 188,000 ლარის ოდენობით. • ვალუტის გადამცვლელი პუნქტს შპს „ჯ&გ“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 747,000 ლარის ოდენობით.
ჯარიმების მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის: პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევა, კლიენტთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის არშესწავლა, ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა და სხვა.
ცნობისთვის, ყველა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აჭარაშია რეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, შპს „დემე“ 2019 წელს ხულოს რაიონშია რეგისტრირებული, მის 100%-იან წილს ნადია ბოლქვაძე ფლობს. შპს "ჯ&გ" კი ხელვაჩაურში 2011 წელსაა დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელი და დირექტორი ჯუმბერ დევაძეა. რაც შეეხება ინდმეწარმეებს - მერაბ მსხალაძე ბათუმში, 2005 წელს, მურმან სირაბიძე ხელვაჩაურში 2004 წელს, მერაბ ბერიძე კი შუახევში 2019 წელსაა დარეგისტრირებული ინდმეწარმედ.
BM.GE
წყარო: bm.ge