
ერთ დროს "ასოცირებულ ტრიოში" წარმატებული ქვეყანა, დღეს ყველაზე ბოლო ადგილზე აღმოვჩნდით - მიშველიძე
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიშმა აჩვენა, რომ არსებობს რისკი საქართველოს კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოს.
"ბალკანეთის ქვეყნები ძალიან კარგად მიდიან და ამ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ მონტენეგრო, რომელსაც მოლაპარაკებების თითქმის ყველა თავი უკვე დახურული აქვს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. შეგახსენებთ, რომ მონტენეგროს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაშია ევროკავშირთან მან გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. როდესაც ევროკავშირის წევრობა გინდა, მის პოლიტიკასთან შესაბამისობაში უნდა იყო და აკმაყოფილებდე კოპენჰაგენის აუცილებელ კრიტერიუმებს. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერმა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს 1993 წელს, კოპენჰაგენის სამიტზე მიღებული კრიტერიუმები:
• პოლიტიკური კრიტერიუმები: პლურალისტური დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა; • ეკონომიკური კრიტერიუმები: ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და ევროკავშირის ეკონომიკასთან თავსებადობა; • სამართლებრივი კრიტერიუმები: ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობა.
ჩვენ ამას ვაკეთებდით და სწორედ ამიტომ ვიყავით წარმატებული ქვეყანა „ასოცირებულ ტრიოში“. ახლა კი, თუ ამას აღარ ასრულებ, შესაბამისად, აღარც არავის სჭირდები. საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მხოლოდ 38%-ია, მაშინ როდესაც კანდიდატ ქვეყნებს იმავე მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ეს მაჩვენებელი 80–100%-ის ფარგლებში აქვთ.
შესაბამისად, გაფართოების ამ ანგარიშში გამოჩნდა, რომ ერთ დროს წარმატებული ქვეყანა ყველაზე ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. შესაძლოა, დადგეს იმის საფრთხეც კი, რომ საერთოდ დავკარგოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შეგვიჩერდეს უვიზო მიმოსვლა. ეს ნათლად ჩანს ანგარიშში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ დღეში აღმოვჩნდებოდით", - ამბობს მიშველიძე.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშით, რეფორმები გაწევრიანებაში წინსვლის წინაპირობაა. პროგრესი მონტენეგროს, ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას აქვთ, საქართველოსა და თურქეთში განსხვავებული ვითარებაა. ამ ქვეყნების დემოკრატიული სტანდარტები, ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობა დასავლეთმა გაუარესებულად შეაფასა და ამ პოზიციით საქართველო ახლა თურქეთის გვერდით არა მხოლოდ შავის ზღვის სანაპიროზე არამედ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ჩამონათვალშიც მოხვდა, სიაში, რომელშიც თურქეთი გასული საუკუნიდან მოყოლებული პროგრესის გარეშეა გამყარებული.
BM.GE
წყარო: bm.ge