ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი საქართველოში – როგორია გალაქტიონ მახვილაძის 30-წლიანი პროფესიული გზა
BM.GE|bm.ge
ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში გალაქტიონ მახვილაძის სახელი, მაღალი პროფესიული სტანდარტების გარდა, დარგში დანერგილ მრავალ სიახლეს უკავშირდება.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართველი ყბა-სახის ქირურგისა და იმპლანტოლოგის საქმიანობა უკვე 30 წელს ითვლის. 1990-იან წლებში მწირი სასწავლო რესურსებისა და მძიმე სამუშაო პირობების მიუხედავად, გალაქტიონ მახვილაძე მაინც ახერხებდა განვითარების ახალი გზების გამონახვას. მოგვიანებით კი, როდესაც ევროპული მოწინავე კლინიკების მუშაობის სპეციფიკასაც ეზიარა, მიზნად დაისახა იმავე სტანდარტების საქართველოში დამკვიდრება. ასე დააფუძნეს 2014 წელს მან და მისმა მეუღლემ, ასევე ექიმმა თამარ ორჯონიკიძემ, „გალაქტიონ მახვილაძის დენტალური იმპლანტოლოგიის ცენტრი“. 2022 წელს კლინიკამ რებრენდინგი განიცადა და „პრიმერო“ ეწოდა. დღეს ის მომსახურების განსაკუთრებით მაღალ ხარისხთან ასოცირდება.
გალაქტიონ მახვილაძე ასევე მედიცინის აკადემიური დოქტორი და ასოცირებული პროფესორია, რომლის ავტორობითა და თანაავტორობით შეიქმნა არაერთი სასწავლო კურსი.
ბატონო გალაქტიონ, თქვენ საკმაოდ საინტერესო პროფესიული გზა გაიარეთ. როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი მუშაობა ამ სფეროში?
საექიმო პრაქტიკა, როგორც ყბა-სახის ქირურგმა, 1996 წლიდან დავიწყე. 1999 წელს კი, როდესაც მოწვევით ჩამოსული გერმანელი იმპლანტოლოგების ოპერაციას დავესწარი, ამ მიმართულებითაც დავინტერესდი და მისი შესწავლა გადავწყვიტე. ისე გამოვიდა, რომ იმ პერიოდში საქართველოში მე ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა ყბა-სახის ქირურგი და ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც იმპლანტოლოგიას მიჰყო ხელი.
იმ დროს იმპლანტოლოგების ცოდნა უმეტესწილად „შემთხვევით გაგონილს“ უფრო ეფუძნებოდა და ე.წ. „შურუფის“ ჩასმა უკვე დიდ რამეს ნიშნავდა. მე კი მეტი მჭირდებოდა - ის მწირი რესურსები, რაზედაც იმ დროს მიგვიწვდებოდა ხელი, არ მაკმაყოფილებდა. ამიტომ ვიყიდე პერსონალური კომპიუტერი და დავიწყე ინფორმაციის მოძიება. ასე ვიგონებდი ველოსიპედს.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი საქართველოში – როგორია გალაქტიონ მახვილაძის 30-წლიანი პროფესიული გზა | BM.GE — NEWSGEO
იმპლანტოლოგიის აქტიურად განვითარება საქართველოში განსაკუთრებით 2010 წლიდან დაიწყო. მახსოვს, კლინიკაში, რომელშიც იმ დროს ვმუშაობდი, პირველი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი სწორედ ამ წელს დაიდგა. თუ მანამდე მხოლოდ ოპერაციის მსვლელობისას ვაფასებდით პრობლემის რეალურ მასშტაბს, ამ აპარატმა უკვე ვიზუალიზაცია და მანიპულაციების წინასწარ დაგეგმვა გახადა შესაძლებელი. ასევე სიახლე იყო დიოდური ლაზერი, თუმცა სრულყოფილად არავინ იცოდა, როგორ მუშაობდა. ჩემი პრინციპია, სანამ რაიმეს გამოყენებას დავიწყებ, ის კარგად შევისწავლო. იმდენად დეტალურად გავეცანი აპარატის სპეციფიკას, რომ მწარმოებელმა კომპანიამ იტალიაში მიმიწვია, სადაც მე და ჩემი მეუღლე სრულად გავეცანით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. მომდევნო წლებში უცხოეთის ორ სხვადასხვა კომპანიაში ჩემი დახმარებით გაიგეს და აღმოაჩინეს კომპიუტერული ტომოგრაფიების ის ხარვეზები, რომელთა შესახებაც თავადაც არ იცოდნენ.
დღემდე ამ მიდგომით ვხელმძღვანელობ არა მხოლოდ ტექნიკური ბაზის, არამედ სამუშაო მასალების შერჩევის დროსაც.
როგორ მიხვედით საკუთარი კლინიკის გახსნის იდეამდე?
ჩემი პროფესიის მიმართ ყოველთვის უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მქონდა განვითარების ჩემეული ხედვა, სიახლეებისადმი მიდრეკილება, რომელსაც იმ კლინიკების ხელმძღვანელობა, რომლებშიც ვმუშაობდი, ყოველთვის არ და ვერ იზიარებდა. ასეთი შემთხვევებისას ან უნდა შეეგუო მმართველობას, ან უნდა შეცვალო სიტუაცია, ან უნდა წამოხვიდე. შეგუება და შეცვლა ვერ მოვახერხე, ამიტომ წამოვედი და ჩემს მეუღლესთან ერთად გავხსენი კლინიკა.
ჩვენ გვქონდა მტკიცე გადაწყვეტილება, გაგვეკეთებინა ექიმობაზე დაფუძნებული ბიზნესი და არა ბიზნესზე მორგებული საექიმო საქმიანობა.
ჩვენი ხედვა ემყარება პასუხისმგებლობას, პაციენტისადმი სწორ დამოკიდებულებასა და მზრუნველობას. ექიმის ვალდებულებაა, რომ ყველაფერი ახსნას, ყველა კითხვას გასცეს პასუხი და პაციენტს საუკეთესო ალტერნატივა შესთავაზოს. დაუსახოს გეგმა, რომელიც დროებით კი არ მოუგვარებს პრობლემას, არამედ სამუდამოდ ან ხანგრძლივად მოუხსნის მას. ამ დროს კომპრომისზე არ მივდივარ. თუ პაციენტს დროებითი, მოკლევადიანი გამოსავალი სურს, უამრავი კლინიკაა, რომელიც მსგავს მომსახურებაზეა ორიენტირებული.
ჩვენთან პაციენტები შემთხვევით იშვიათად ხვდებიან – ძირითადად სხვა ადამიანების რეკომენდაციებით მოდიან. ბევრი მათგანი გახსნის დღიდან მოგვყვება, მოჰყავთ ახლობლები, ზოგიერთს - უკვე შვილიშვილებიც კი.
ჩემი მიზანიც ეს არის – მყავდეს პაციენტები, რომლებმაც იციან სად, ვისთან და რისთვის მოდიან.
როდის მიხვდით, რომ საკუთარი კლინიკის გახსნის იდეამ გაამართლა?
სიმართლე გითხრათ, ჩემსა და ჩემი მეუღლის გარდა, ცოტას თუ სჯეროდა, რომ ასეთი მიდგომით კლინიკის ამუშავებას შევძლებდით.
იყო რთული გარდამავალი პერიოდიც, როდესაც ყველგან მუშაობას თავი მივანებეთ და ბოლომდე ჩვენს კლინიკაზე გადმოვერთეთ. ამ ნაბიჯმა რომ გაამართლა, მაშინ მივხვდი, როდესაც იმ პაციენტებმა, რომლებსაც ჩემი ნომერიც კი არ ჰქონდათ, მაინც მომაგნეს. ძალიან მალე შევძელი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის ყიდვა და კლინიკის სხვა აპარატურით აღჭურვა და გაფართოება.
ბატონო გალაქტიონ, თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებელ ორთოპედთა და იმპლანტოლოგთა კავშირის თანადამფუძნებელი. რა მიზანს ემსახურება ეს ორგანიზაცია?
რამდენიმე ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრობაზე უარი ვთქვი, რადგან ჩემი ხედვა საერთოს არ ემთხვეოდა. თუმცა დარგის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის სურვილი მაინც სულ მრჩებოდა. ამიტომ 2020 წელს, ჩემს მეგობრებთან ერთად, დავაფუძნე დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში ვატარებთ კონფერენციებს, ასევე დავიწყეთ საერთაშორისო პროექტების კეთება. გარდა ამისა, დღემდე ვრჩები რამდენიმე ადგილობრივი თუ ევროპული ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრად და ამბასადორად, რადგან ვფიქრობ, რომ მათ ფარგლებში ჯერ კიდევ შემიძლია დარგისთვის სარგებლის მოტანა.
თქვენ ასევე აქტიურად კითხულობდით ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. დღეს რამდენად ხართ საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული?
საუნივერსიტეტო საქმიანობას თითქმის ჩამოვშორდი. მხოლოდ დროდადრო ვკითხულობ ლექციებს, როგორც მოწვეული ლექტორი. მივხვდი, რომ ის ძალისხმევა, რასაც ამ მიმართულებით ვდებდი, სათანადო ნაყოფს ვერ იღებდა. ამიტომ ვარჩიე, ჩემი რესურსი მივმართო მათკენ, ვისაც ეს სფერო მართლა აინტერესებთ და განვითარება სურთ. ახლა უმეტესად ჩემი გუნდის ახალგაზრდა წევრებზე ვარ ორიენტირებული – მათ აღზრდას ვახმარ დროსა და ენერგიას.
როგორ მუშაობთ თქვენი გუნდის ახალ წევრებთან?
თითოეული მათგანის განვითარებაში კლინიკა თავიდანვე დიდ რესურსს დებს. ამიტომ თანამშრომლების აყვანას დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით. ის, რაც აუცილებლად უნდა დავინახო ახალ წევრში, განვითარების მუდმივი სურვილი და ექიმობისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებაა.
ახალ თანამშრომლებთან ურთიერთობას ჩემი სამი პრინციპის გაცნობით ვიწყებ. პირველია „იჩქარე ნელა“. ეს, ცხადია, საქმის გაჯანჯლებას კი არა, ხარისხიან და დაკვირვებულად მუშაობას გულისხმობს. სისწრაფე დროთა განმავლობაში თავისით მოვა. მეორეა „არასდროს ვჭიდაობთ პაციენტთან“ არც ფიზიკურად და არც ვერბალურად. ჩვენს საქმიანობას დიდი ძალები და „ჭიდაობა“ არ სჭირდება. კარგად განვითარებული მანუალური უნარ-ჩვევები ამ პრობლემას სრულად ხსნის. ასევე, არც კამათით „ვეჭიდავებით“ მათ. ჩვენ უნდა ავუხსნათ პაციენტებს ის, რაც მათთვის საუკეთესოა. თუ ისინი არ ან ვერ გაიზიარებენ ჩვენს ხედვას, სამწუხაროდ, მათთან დამშვიდობება მოგვიწევს. და მესამეა „არასდროს გადადო საქმე ხვალისთვის, თუკი შეგიძლია მისი გაკეთება დღეს“. პროფესიონალიზმთან ერთად, სწორედ ეს სამი პრინციპი განაპირობებს ჩვენი გუნდის წარმატებას.