
"ეს არის ყველაზე ნაკლოვანი მხარე" - რა (არ) მოსწონს აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში გელა ხანიშვილს|ინტერვიუ
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ახალი მოდელი, რომელიც ძალაში 1-ელი ივლისიდან უნდა შევიდეს, აგროსექტორში სერიოზულ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და ამჟამად აგრობიზნესმენი გელა ხანიშვილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოქმედი მენეჯმენტის მიერ შემუშავებული ახალი მიდგომის ყველაზე დიდი ნაკლოვანება აგროთანდადაფინანსების 2-მილიონიანი „ჩამკეტია“, რაც მიწების გამსხვილების ნაცვლად, მათ კიდევ უფრო მეტ ფრაგმენტაციას შეუწყობს ხელს.
საქმე ის არის, რომ "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელით, სახელმწიფოს თანამონაწილეობა ერთ პროექტში იქნება 50%, მაგრამ არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა და ამ თანხაში შევა სესხის თანადაფინანსებაც.
სიახლეა ისიც, რომ თუ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მოქმედი მოდელი ითვალისწინებს სესხის 11%-იან სუბსიდირებას 48 თვის განმავლობაში, ახალი მიდგომით, ეს პარამეტრი იცვლება და იქნება 8% 36 თვის განმავლობაში, რაც გელა ხანიშვილის აზრით, არაადეკვატურად მცირე მხარდაჭერაა მრავალწლიანი კულტურებისთვის.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს და იმედოვნებს, რომ შესაბამისი დადგენილება მალე გამოქვეყნდება არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ასკვნის, რომ ახალი მიდგომა ფერმერებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაართულებს და მათ შორის, ბანკების მხრიდან აგროსექტორის დაკრედიტება ნაკლებად მიმზიდველი გახდება.
„სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დაფინანსებაში უფრო გაბედული უნდა იყოს... შემოთავაზებული ცვლილებები, არსებული მოცემულობით, სექტორში საბიუჯეტო სახსრების შემცირებაზე მიანიშნებს“, - თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, აგრობიზნესმენა გელა ხანიშვილმა.
ინტერვიუ გელა ხანიშვილთან
- [სახელმწიფო აგოთანადაფინანსების ახალ მოდელს] ისევე ვიცნობ, როგორც საზოგადოება - მხოლოდ პრეზენტაციიდან. ბოლომდე დეტალები, სამწუხაროდ, არ ვიცი და ამიტომაც არის ჩემი დამოკიდებულება ასეთი: სადაც კი ამ თემაზე ვსაუბრობ, ბევრ კითხვას ვსვამ, რადგან პასუხები არ მაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით სოფლის მეურნეობის სამინისტრო საზღვრავდა პრიორიტეტებს, რომელზედაც [ბანკები გასცემდნენ კრედიტებს] და ამას თუ რეტროსპექტიულად გააყოლებთ თვალს, წლების მანძილზე აგროკრედიტზე ძალიან ბევრ საკითხში დაფინანსება მოიხსნა, ბევრში კი პირიქით - გაიხსნა. ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვის ჰქონდა კონტროლი იმაზე, თუ რა დაფინანსდებოდა და რა - არა. მაგალითად, როდესაც მეფრინველეობაზე მქონდა პროგრამა გახსნილი, კონკრეტულად ვინ აიღებდა სესხს - ეს წინასწარ არ ვიცოდი, მაგრამ პრიორიტეტად მეფრინველეობა იქნებოდა, მეღვინეობა თუ ბლის მოყვანა, ამას თავად უწყება წყვეტდა, ამიტომ პირველ ნაბიჯს ყოველთვის სამინისტროს გადაწყვეტილება წარმოადგენდა. აი, შემდგომ ნაწილში კი თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ - როცა საქმე ბანკზე მიდგებოდა, საბანკო ფილტრი იყო არა - დარგობრივი (რომ ის ამა თუ იმ დარგს დაიწუნებდა), არამედ ფინანსური: ბანკი აფასებდა, რამდენად გამართული იყო კონკრეტული ბიზნესმოდელი. ბანკის ფილტრი დღესაც ძალაში რჩება და ჩემი კითხვებიც ძირითადად ამას უკავშირდება. [ცნობისთვის: 1-ელი ივლისიდან, სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალ მოდელს ნერგავს, რომლის მიხედვით, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროს სსიპ-ში შეაფასებენ] სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწონებული ბიზნესგეგმით ბანკში მისვლა არაფერს წყვეტს. ბანკმა შეიძლება აბსოლუტურად დაიწუნოს ის. მე შეიძლება მივიტანო ბიზნესგეგმა, რომელიც სამინისტროსთვის ძალიან კარგია, მაგრამ არ მქონდეს სათანადო ლიკვიდური აქტივები, არ მქონდეს საკმარისი რესურსი და ბანკისთვის ჩემი პროექტი გადახდისუუნარო აღმოჩნდეს.
ამ წლების მანძილზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე ყოველთვის იყო შენიშვნები საზოგადოების, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან. სულ საუბრობდით მონიტორინგსა და ეფექტურ ხარჯვაზე. მე ეფექტურ ხარჯვაზე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ სოფლის მეურნეობაში ფული ძალზე ეფექტიანად იხარჯებოდა. ამის მაჩვენებელია ექსპორტისა და წარმოების ზრდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლოვანებები არ იყო, მაგრამ ექსპორტის მუდმივი, მათ შორის დღევანდელი 20%-იანი ზრდის ტემპი მიანიშნებს, რომ აქამდე განხორციელებული პროექტები სწორი იყო.
რა თქმა უნდა, წლების მანძილზე იცვლებოდა სფეროები, ფართოვდებოდა მიმართულებები, ემატებოდა წლები - ეს მუდმივი დინამიკაა. ის, რომ სამინისტრო აძლიერებს ფინანსურ მონიტორინგს, ძალიან კარგია, მაგრამ მე რა კითხვებიც მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით, ძალიან მარტივია. ჩემი პირველი კითხვაა: ახალი მოდელი ბანკიდან ფულის აღებას ამარტივებს თუ ართულებს?
- თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ამ დრომდე ვიცით?
- მე მგონია, რომ ართულებს, თუმცა ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი ჯერ არ მომისმენია. თუ ამან ბანკიდან რესურსზე წვდომა გაართულა, ამას პასუხი უნდა გასცეს იმ სრულყოფილმა დოკუმენტმა და მთავრობის დადგენილებამ, რომელსაც მომავალში წავიკითხავთ. ყოველ შემთხვევაში, ვინც ამას წერს, ალბათ მან უნდა გასცეს პასუხი. ძალიან კარგად ვიცნობ სამინისტროს, ეჭვი არ მეპარება მათ კომპეტენციაში, მაგრამ მიმართულება როგორი აქვთ აღებული?! გააჟღერეს, რომ აგროკრედიტის თანადაფინანსების ვადიანობა იცვლება - 48 თვიდან 36 თვემდე მცირდება. აგროკრედიტში სამწლიანი სესხი, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს - 36 თვე არაადეკვატურად ცოტაა დროა. სოფლის მეურნეობაში მრავალწლიანი ბიზნესი, ნებისმიერი მიმართულება - მეცხოველეობა, მეფრინველეობა თუ მეხილეობა, გარდა მებოსტნეობისა (ერთწლიანი კულტურებისა) - მოითხოვს ხანგრძლივ მხარდაჭერას. სამი წელი არის არაადეკვატურად მცირე თანადგომა...
- როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს ვადიანობის შემცირება?
- არ ვიცი, ახლა სამინისტროს პოზიციას ვერ დავიცავ, მაგრამ მე კითხვები მაქვს. ვხედავ, რომ ეს მოდელი დარგის დღევანდელ საჭიროებებს ვერ პასუხობს. მიმაჩნია, რომ ძველი მოდელი, რომელიც, მაგალითად, „დანერგე მომავალში“ ხუთწელიწადნახევარი (66 თვე) იყო, ბევრად ეფექტური გახლდათ. ჩვენ ძირითად საშუალებებზე ოთხწლიანი ვადები გვქონდა, მზის ბატარეების წახალისების მიმართულებით კი - აგროკრედიტში 10-წლიანი სესხებიც კი გვქონდა. ამიტომ, ვადების ასე შემცირება, ვფიქრობ, სოფლის მეურნეობას არ წაადგება... როდესაც სამინისტროში ვმუშაობდი, შემდეგ კი, როცა ბატონ ოთარ შამუგიასთან [ყოფილი მინისტრი] მრჩევლად ვიყავი, არაერთგზის წარმიდგენია და თქვენს ეთერშიც მილაპარაკია, რომ 20-ზე მეტი პროექტი მქონდა მომზადებული. მათ შორის იყო სოფლის მეურნეობის დაფინანსების მოდელის შეცვლის ჩემი ხედვა. ფინანსური რესურსის უფრო მეტად ფერმერზე ორიენტირების შემთხვევაში, გრძელვადიან პერიოდში, სახელმწიფო 50 ჰექტარი ბაღის გაშენების პირობებში 1 700 000 ლარს ზოგავდა. ეს ბიზნესსაც წაადგებოდა და სახელმწიფო რესურსსაც დაზოგავდა. დღეს კი, თუ ფერმერს მხოლოდ სამი წლით დავეხმარებით, სახელმწიფო თეორიულად დაზოგავს ფულს, მაგრამ ბიზნესი ვერ განვითარდება. სამი წელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბაღი მსხმოიარობაში შევიდეს. ვერც ლურჯი მოცვი, რომელიც ძალიან პროგრესულად ვითარდება, ვერც - ვაშლი, ვერც - მსხალი და ვერც ერთი მრავალწლიანი კულტურა მესამე წელს ე.წ. „ქეშ-ფლოუს“ (Cash flow) ვერ გაასწორებს იმ დონეზე, რომ სახელმწიფოს გარეშე იარსებოს.
- არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რა გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღევანდელმა მენეჯმენტმა - ბიუჯეტიდან ნაკლები ფული დაიხარჯოს სოფლის მეურნეობაში? ასე გამოდის?
- მე ასე მგონია... ეს ნაბიჯი, ერთის მხრივ, კარგია, რადგან მიმართულია უნიფიცირებისკენ ანუ ყველა პროექტი ერთი და იგივე დიზაინით ერთიანდება. კი ბატონო. მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ გადაწყვეტილებაში ჩანს იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რაც დღემდე არსებობდა. ყველაზე მანკიერი პრაქტიკა, რაც ჩემი მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკა დღემდე მაწუხებს, თუმცა ჩემამდე არცერთი ფერმერი არ მოსულა ამ შენიშვნით, რაც ჩემთვის გაუგებარია, იყო ის, რომ არსებობდა ₾1.5-მილიონიანი ლიმიტი „დანერგე მომავალში“ ანუ ერთ პროექტზე ამაზე მეტი რესურსი არ გაიცემოდა. აი, ეს იწვევდა და დღესაც იწვევს ისედაც დაყოფილი მიწების კიდევ უფრო მეტ დანაწევრებას. გამსხვილების ნაცვლად ხდება დაქუცმაცება, რაც ზედმეტ ბიუროკრატიას ქმნის როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ბიზნესისთვის. ფაქტობრივად, ერთი კომპანიის ნაცვლად გიწევს 8 სხვადასხვა კომპანიის შექმნა. ეს უდიდესი პრობლემაა: ფულის ნაკადების მართვა, აუდიტი, დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები ერთი და იმავე ადამიანზე გაფორმებული ხუთ, შვიდ თუ თხუთმეტ კომპანიაში. შესაბამისად, ახალი 2-მილიონიანი ჩამკეტი ზუსტად ამავე შეცდომას იმეორებს და ვფიქრობ, რომ ეს არის ამ პროექტის ყველაზე ნაკლოვანი მხარე.
- ინფორმაციისთვის: აგროთანადაფინანსების ახალი მოდელით სახელმწიფოს თანამონაწილეობა ერთ პროექტში იქნება მაქსიმუმ 50%, მაგრამ არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა...
- დიახ, მაგრამ ამავე დროს, თუ ერთსა და იმავე ადამიანს შეუძლია სხვადასხვა პირზე გააფორმოს [კომპანია] და და 20-30 ასეთი პროექტი ჰქონდეს, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ჩაკეტვას, გარდა ფერმერების ზედმეტი გაწვალებისა?! ეს იყო ამ პროექტების ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე, ბევრი სიკეთის პარალელურად. დღეს ეს ჩამკეტი კიდევ უფრო პრობლემური რატომ არის, იცით?! სახელმწიფომ მსოფლიო ბანკისგან 20 მილიონი დოლარის რესურსი აიღო (ეს პროექტი ჩემი ხელმძღვანელობით მომზადდა) სპეციალურად მიწების კონსოლიდაციისთვის. საქართველოში ნებისმიერ ექსპერტს რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ სექტორის პირველი პრობლემა მიწების ფრაგმენტაციაა. ჩვენ კი ვქმნით დოკუმენტს, რომელიც კონსოლიდაციის ნაცვლად, ხელს უწყობს მიწების კიდევ უფრო მეტ ფრაგმენტაციას. მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე დიდი ნაკლოვანება. რაც შეეხება მეორე საკითხს - ზოგადად, ეს პროექტი ფერმერისთვის რესურსს ზრდის თუ ამცირებს? საშუალოდ ჰექტარზე დახმარება „დანერგე მომავალში“ იყო, დაახლოებით, 7-8 ათასი ლარი (ნერგისა და წვეთოვანის დაფინანსება) და 20-22 ათასი ლარი ბადეების მოწყობის დროს. ეს საკმაოდ ეფექტური იყო. ახლა, ეს თანხები რომ დაჯამდება და 4 მილიონიან პროექტში მაქსიმუმ 2 მილიონს ვაძლევთ, უფრო მეტი რესურსი იქნება ფერმერისთვის თუ ნაკლები?! ჩემი გათვლით - ბევრად ნაკლები.
- ამდენად, ხომ არ გადაწყვიტა სამინისტროს მოქმედმა მენეჯმენტმა სოფლის მეურნეობაში ნაკლები ფულის დახარჯვა?
- პასუხი ნათელია. ის, რასაც ჩვენ ახლა ვეცნობით, ნიშნავს დაფინანსების შემცირებას და ფერმერისთვის ნაკლები რესურსის მიცემას.
- შეიძლება, ამ ეტაპზე მთავრობის პრიორიტეტები შეიცვალა?
- ვერ გეტყვით. პრიორიტეტები ასე მარტივად ვერ შეიცვლება...
- მაშინ ფულის პრობლემა ხომ არ აქვს სახელმწიფოს?
- ამაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის სფერო, რომელიც სწრაფ შედეგს იძლევა. ხშირად აქცენტს ტურიზმზე ვაკეთებთ, თუმცა ტურიზმს ისეთი რისკები ახლავს, რაც სოფლის მეურნეობას არ გააჩნია - ეს კოვიდის დროსაც ნათლად ვნახეთ. ჩვენი საექსპორტო ათეულიდან 5 პოზიცია სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქციას უკავია (დანარჩენი ხუთი ოქრო და მადნეულია, რეექსპორტს თუ არ ჩავთვლით). როგორ შეიძლება ამ სექტორს რამე დააკლო?! ერთ რიცხვსაც ვიტყვი: ბიუჯეტის სიმცირის გამო, სოფლის მეურნეობას მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით მხოლოდ 0.2-0.3%-ით ვეხმარებით. ევროკავშირის ქვეყნები კი - სექტორს მშპ-ს 2.5-3%-ით ასუბსიდირებენ. ჩვენ კი კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ და პროდუქცია იმ ქვეყნებში გავყიდოთ, სადაც ფერმერის დახმარება 10-ჯერ მეტია. ამიტომ, ორ რამეზე უნდა ვიფიქროთ: პირველი - სოფლის მეურნეობა არის ბიზნესი, ის მიმართული უნდა იყოს გამსხვილებისკენ და სოციალური ფაქტორები უნდა დავივიწყოთ, თუ წარმატება გვინდა (ბიზნესი სოციალურ პრობლემებს თავად მოაგვარებს). მეორე - ბიუჯეტიდან უფრო მეტი რესურსი უნდა გამოვყოთ. გამოყოფილი თანხების ეფექტიანობა იმანაც დაადასტურა, რომ 2023 წელს 1 მილიარდ 527 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე და ეს ქართველი ფერმერების დამსახურებაა.
- სახელმწიფო აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი ხომ არ შეამცირებს აგროსექტორის დაკრედიტებას?
- ახალი მოდელი ბანკებისთვის სოფლის მეურნეობის მიმზიდველობას მკვეთრად შეამცირებს. რატომ? იმიტომ, რომ ასაღები სესხის მოცულობა იზრდება. ბანკისთვის გარანტია, რომ მონიტორინგის შემდეგ ფერმერი აუცილებლად მიიღებს დახმარებას, თავიდანვე რისკის ქვეშ დგება. ფერმერის ფინანსურ გეგმაში ადრე რამდენიმე მდგენელი მონაწილეობდა: პირდაპირი გრანტი, პროცენტის სუბსიდირება და „აწარმოე საქართველოდან“ მიღებული გარანტია. ამას ემატებოდა ფერმერის საკუთარი აქტივები. ახალ მოდელში ეს მდგენელი ძალიან დასუსტდა, ბანკში ასაღები კრედიტის მოცულობა კი გაიზარდა. თუ დავთვლით, ეს 2 მილიონი შეიძლება მხოლოდ ბანკის პროცენტის დაფარვას მოხმარდეს. მოდელი კი ისეთი უნდა იყოს, სადაც ფერმერის პირადი დანახარჯი მცირდება.
- სახელმწიფო აგროთანადაფინანსების ახალი მოდელზე მეტად არსებული მოდელი მოგწონთ?
- დიახ, ახალი მოდელი უფრო მეტ კითხვას აჩენს და ნაკლებად მომწონს, ვიდრე - არსებული. თუ ჩემს კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები მექნება, შეიძლება პოზიცია შევიცვალო, მაგრამ ჯერ პასუხები არ ჩანს... იცით, იმ კითხვებზე, რომლებზეც ზუსტი პასუხი არ მაქვს, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, თუმცა ეს არ არის მარტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია - მე თავად მქონდა დიდი დისკუსიები ფინანსთა სამინისტროსთან. რეალობა ერთია: ჩვენ უნდა ვიყოთ გაბედულები სოფლის მეურნეობის დაფინანსებაში. არ უნდა გვეშინოდეს! უკვე არსებობს იმდენი წარმატებული მაგალითი, რომელიც გვეუბნება - იყავით გაბედულები! სოფლის მეურნეობას რისკები ახლავს, მაგრამ ეს ყველაფერი დაძლევადია. ჩვენ, როგორც ქვეყანას, ჩვენი პოტენციალის 15-20%-იც კი არ გვაქვს ათვისებული.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დავუსვათ არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, ერთმანეთის არმოსმენას და წინასწარი დასკვნების გამოტანას. საზოგადოებას ხშირად რომ უსმენ, თითქოს სარკეს ელაპარაკებიან და არა ადამიანს - საკუთარი აზრის შეცვლა ძალიან უჭირთ. ჩვენ ვაშენებთ ახალ ქვეყანას, თუმცა ის, თუ რას ვაშენებთ, ცოტამ თუ იცის ბოლომდე. ვიღაცას უკან დაბრუნება უნდა, ვიღაცას - წინსვლა, და საშუალება უნდა მისცე ადამიანს, რომ წინ წავიდეს. საბჭოთა კავშირი ვერ დაბრუნდება. პროექტები საყოველთაო და ყველაზე მორგებული ვერ იქნება - მიდგომა, რომ „ყველამ უნდა მიიღოს 300 ლარი“, არასწორია. უნდა განვითარდეს ბიზნეს-კოოპერაციის მოდელი, რათა პატარა ფერმერებმაც კარგად იგრძნონ თავი. სხვა შემთხვევაში წარმატება ვერ იქნება.
BM.GE
წყარო: bm.ge