
ეს თანხა „ღვინის პოპულარიზაციაზე“ დაიხარჯება - ლევან მეხუზლა ღვინის სავალდებულო მარკირების გადასახადზე
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ ვაზის და ღვინის შესახებ კანონში ინიციირებული ცვლილებებით შემოღებული ნიშანდების გადასახადი, რომელსაც მეღვინეები ერთ ბოთლზე გადაიხდიან, სრულად „ქართული ღვინის პოპულარიზაციის“ პროგრამაზე დაიხარჯება. ამის შესახებ მან bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნიშანდების შემოღებას და მეღვინეებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესების მიზნობრიობას შეეხებოდა.
„იმისთვის, რომ მეტი რესურსი გვქონდეს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ყველა ეს თანხა მთლიანად დაიხარჯება ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, კანონში ინიციირებული ცვლილებებით, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორია დეგუსტაციისგან განთავისუფლდება, ხოლო სხვა კატეგორიებზე სავალდებულო ნიშანდება ხარისხის აღმნიშვნელი იქნება.
„აუცილებელია, რომ ამ კატეგორიას ჰქონდეს გარკვეული მინიშნება, რომ ის არის ბუნებრივი, არის განთავისუფლებული დეგუსტაციისგან და შესაბამისად, მომხმარებელი იყოს ბოლომდე ინფორმირებული ამ თავისებურების შესახებ.
სხვა კატეგორიებს რაც შეეხება, ესეც ევროპული გამოცდილებაა, როდესაც დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს აქვს სპეციალური ნიშანი, სპეციალური აღნიშვნა, რომ ეს დაცული გეოგრაფიული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტია. არა მარტო ღვინოზე, სხვა კატეგორიებზეც, სხვა პროდუქტებზეც აქვთ ამგვარი მინიშნება. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ეს ნიშანდება გარკვეული ხარისხის ნიშანია. პირველ რიგში, ვიზუალურად მომხმარებელთან უკუკავშირისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რათა მან იცოდეს, ინფორმირებული იყოს, თუ რა კატეგორიის ღვინოსთან აქვს საქმე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოგვცემს საშუალებას, იყოს უფრო მიკვლევადიანი, უფრო გამჭვირვალე სერტიფიცირების პროცესი“, - განმარტა მეხუზლამ.
ცნობისთვის, ახალი ვენახების გაშენების რეგულირების შემდეგ, მთავრობა ღვინის წარმოების რეგულირებას ამკაცრებს. ცვლილებების შედეგად მცირე მარნის სტატუსს 50-მდე მეწარმე დაკარგავს და მათ სავალდებულო დეგუსტაციის გავლა მოუწევთ, სადაც ერთი ლოტის ღირებულება 75 ლარია. ეს სახელმწიფოს[ღვინის ეროვნულ სააგენტოს] დამატებით 375 000 ლარის შემოსავალს მოუტანს. ამასთან, შემოიღებენ ნიშანდების იგივე მარკირების სისტემას, რომელიც ფასიანი იქნება და 1 ბოთლ სასმელზე სავარაუდოდ 10 თეთრით განისაზღვრება. ეს სიახლე 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. ამგვარად, ღვინის კომპანიების ხარჯები, კანონპროექტის ავტორების დათვლებით, ჯამურად ₾14-15 მილიონით გაიზრდება, რაც შესაბამისად „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ შემოსავალს ამდენივეთი გაზრდის. და თუ აქამდე მაგალითისთვის „ქართული ღვინის პოპულარიზაციის“ პროგრამისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო თანხებს ცენტრალური ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან იღებდა, როგორც ლევან მეხუზლა ამბობს, ახლა მიღებული შემოსავალი სრულად ამ პროგრამაზე მიიმართება. აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით თუ სსიპ-ს შემოსავალი აღემატება ერთ მილიონ ლარს თანხის 10% უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი მცირედით ₾18 მილიონამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბიუჯეტი 600 ათასი ლარით არის გაზრდილი.
BM.GE
წყარო: bm.ge