
EU ავიაკომპანიებს უფასო ხელბარგისა და გაუმჯობესებული კომპენსაციების უზრუნველყოფას ავალდებულებს - რა იცვლება?
ევროკავშირის ინსტიტუტებმა ავია-მგზავრთა უფლებების რეფორმაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური დამტკიცების შემდეგ, ეს წესები 2027 წელს შევა ძალაში.
რეფორმა ევროკავშირის შიდა ფრენებზე სტანდარტულ ხელბარგში დამატებითი გადასახადის მოთხოვნის პრაქტიკას ასრულებს.
ავიაკომპანიებს, მათ შორის დაბალბიუჯეტიან გადამზიდავებს, მოეთხოვებათ, რომ საბაზისო ბილეთის ფასში როგორც პერსონალური ნივთი, ისე მცირე ზომის ხელბარგი (ჩემოდანი) გააერთიანონ. თითოეულ მგზავრს უფლება ექნება, უფასოდ ატაროს ერთი პერსონალური ნივთი (ზომებით 40 × 30 × 15 სმ) და გორგოლაჭებიანი ჩანთა, რომლის საერთო ზომა 100 სმ-მდე იქნება, ხოლო მაქსიმალური წონა - 7 კგ.
გარდა ამისა, ახალი წესების თანახმად, ბავშვებთან ერთად მოგზაური ოჯახებისთვის დამატებითი გადასახადის გარეშე გარანტირებული იქნება გვერდიგვერდ დასაჯდომი ადგილები. ავიაკომპანიებს აღარ მიეცემათ უფლება, 14 წლამდე ასაკის მგზავრები თანმხლები ზრდასრულებისგან განაცალკევონ.
შეთანხმება ასევე აძლიერებს მგზავრთა კომპენსაციის უფლებებს ფრენის შეფერხების შემთხვევებში. მოგზაურები შეინარჩუნებენ სრული თანხის დაბრუნების ან ალტერნატიული მარშრუტით გამგზავრების უფლებას, თუკი მათი ფრენა გაუქმდება ან მათ ბორტზე არ დაუშვებენ. გარდა ამისა, კომპენსაცია გაიცემა ფრენის სამ საათზე მეტით დაგვიანების ან გაუქმებისას, თუ მგზავრს ამის შესახებ გამგზავრებამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში აცნობეს.
კომპენსაციის ოდენობა ფრენის მანძილსა და დაგვიანების ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული. შორ მანძილზე, 3 500 კილომეტრზე მეტი ხანგრძლივობის ფრენებზე, მგზავრებს 300 ევროს მიღების უფლება სამ საათზე მეტით დაგვიანების შემთხვევაში ექნებათ, ხოლო 600 ევროსი - თუ დაგვიანება ოთხ საათს გადააჭარბებს ან ფრენა გაუქმდება.
ავიაკომპანიებს კვლავ შეუნარჩუნდებათ უფლება, უარი თქვან კომპენსაციის გაცემაზე ისეთ შემთხვევებში, რომლებიც მათ კონტროლს მიღმა არსებულ საგანგებო (ფორსმაჟორულ) გარემოებებად კლასიფიცირდება.
ასევე შემოღებულ იქნა მომსახურების ახალი ვალდებულებები იმ მგზავრების მიმართ, რომელთა ფრენაც იგვიანებს. ავიაკომპანიებმა ლოდინის ყოველ ორ საათში ისინი მსუბუქი სასმელებითა თუ საკვებით უნდა უზრუნველყონ, სამი საათის შემდეგ - სრულფასოვანი კვებით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - სასტუმროში განთავსებით 3 ღამემდე ვადით. გარდა ამისა, მათ მოეთხოვებათ, უშუალოდ აცნობონ მგზავრებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოითხოვონ კომპენსაცია, ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესის გარკვევა თავად მოგზაურებს დააკისრონ.
ეს რეფორმა მოჰყვა მოლაპარაკებებს, რომლებიც ათ წელზე მეტი ხნის წინ, 2013 წელს დაიწყო. ევროკავშირის კანონმდებლები მგზავრთა დაცვის გაფართოებას, მათ შორის ბარგის გადასახადებზე უფრო მკაფიო წესების შემუშავებას და ავიაკომპანიის გაკოტრების შემთხვევაში უფრო ძლიერი გარანტიების შექმნას აქტიურად ითხოვდნენ.
მოლაპარაკებების პროცესში ავიაკომპანიები კომპენსაციის უფრო სუსტი წესების მიღებას ითხოვდნენ. საოპერაციო წნეხისა და მზარდი ხარჯების მიზეზით, ისინი გამოდიოდნენ ინიციატივით, კომპენსაციები მხოლოდ 5 საათზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში გაცემულიყო. თუმცა, კანონმდებლებმა საბოლოოდ შეინარჩუნეს 3-საათიანი ზღვარი, რომელიც საბოლოო შეთანხმების ცენტრალურ ნაწილად რჩება.
ინდუსტრიის პრაქტიკა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა - დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავები სულ უფრო ხშირად აწესებენ ცალკე გადასახადებს იმ სერვისებზე, რომლებიც ოდესღაც ბილეთის ფასში შედიოდა. მოსალოდნელია, რომ ახალი ჩარჩო ფასწარმოქმნის მოდელებს შეცვლის, რამაც შესაძლოა საბაზისო ტარიფები გაზარდოს, მაგრამ მგზავრებისთვის ხარჯებს უფრო პროგნოზირებადს გახდის.
მომდევნო კვირებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საბოლოო კენჭისყრაა მოსალოდნელი, რის შემდეგაც, 2027 წელს, წესები ოფიციალურად შევა ძალაში.
BM.GE
წყარო: bm.ge