
EU-მა სანქციების 21-ე პაკეტის მიღება გადაავადა - რას ეწინააღმდეგებიან საბერძნეთი, ბულგარეთი და ავსტრია?
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, სამდღიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება ვერ შეძლეს. ამის მიზეზი საბერძნეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის პოზიციაა, რომლებიც ახალი შეზღუდვების მიღებას ეწინააღმდეგებიან.
სანქციების 21-ე პაკეტში შეტანილი ცვლილებები რუსული თევზის იმპორტის დაგეგმილი აკრძალვის გაუქმებას და ყოფილი რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვების შემსუბუქებას მოიცავდა. ამასთან, ახალი დოკუმენტი მესამე ქვეყნებში რუსული თხევადი გაზის ექსპორტის შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
მიუხედავად არაერთი შეფერხებისა, 21-ე პაკეტი საკმაოდ მკაცრად მიიჩნევა. ის 250 ახალ ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანაში არიან ჩართულნი, და ასევე სანქციებს დააწესებს სხვადასხვა ბანკისა და ნავთობის კონტრაბანდასთან დაკავშირებული გემების მიმართ.
გავრცელებული ცნობებით, საბერძნეთმა შეშფოთება რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოთქვა, რომლის აკრძალვაზეც შეთანხმებაც ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში შედგა. Reuters-ის ინფორმაციით, ათენი მიიჩნევს, რომ მესამე ქვეყნებში რუსული გაზის ექსპორტის აკრძალვამ შესაძლოა ევროპული კომპანიების პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტოს.
საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქციების ნებისმიერი ახალი პაკეტი ფრთხილად უნდა იყოს დაბალანსებული. ათენის განმარტებით, შეზღუდვებმა მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოახდინოს მოსკოვზე, თუმცა, ამავდროულად, მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს არასასურველი შედეგები ევროპული ბიზნესისთვის, მომხმარებლებისა და კონკურენტუნარიანობისთვის.
ბერძენი მაღალჩინოსნების შეფასებით, სანქციების 21-ე პაკეტის მიღებამ შესაძლოა ევროპის ეკონომიკის ცალკეული სექტორების დაკარგვა გამოიწვიოს.
რაც შეეხება ავსტრიის წინააღმდეგობას, მათი მოთხოვნაა, რომ „რაიფაიზენ ბანკს“ (Raiffeisen Bank), რომლის სათავო ოფისიც ვენაში მდებარეობს, რუსეთში დაკისრებული ჯარიმების ასანაზღაურებლად სანქცირებულ აქტივებზე მიეცეს წვდომა. ეს მოთხოვნა ავსტრიაში გაყინული 2,1 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების ჩამორთმევასა და გაყიდვას ითვალისწინებს.
ამ გეგმის მომხრეები აცხადებენ, რომ ამოღებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის აღდგენის ფონდში ჩაირიცხება. გრძელვადიან პერსპექტივაში ვენა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვს ევროკავშირის კომპანიების შვილობილი ფირმების ხელში ჩაგდებისგან დაიცავს.
ბულგარეთმა სანქციების 21-ე პაკეტის გარკვეულ ნაწილებს დაადო ვეტო; კერძოდ, სანქციების სიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილესა და რუსი ნავთობის მილიარდერის, ვაგიტ ალეკპეროვის შეყვანას. საკუთარი წინააღმდეგობის მიზეზად სოფიამ რელიგიური ფაქტორები, ეკონომიკური გავლენა და ლეგიტიმური ეროვნული ინტერესები დაასახელა, რის შედეგადაც ორივე მათგანის სახელი სანქციების პროექტიდან ამოიღეს.
სანქციების პაკეტი ასევე რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის შემცირების მექანიზმს მოიცავს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც კომპანიებს მისი ლეგალურად შეძენა და ტრანსპორტირება არ შეუძლიათ.
ელჩები იძულებულნი გახდნენ, მოლაპარაკებებისთვის მეტი დროის მოსაპოვებლად, საგანგებო წესით ერთი კვირით გაეხანგრძლივებინათ ბარელზე $44.10-ის ოდენობით მოქმედი ტარიფი. ამ გადაწყვეტილების გარეშე, ირანთან ომით გამოწვეული მსოფლიო ფასების ზრდის ფონზე, ღირებულება საგრძნობლად მოიმატებდა, რაც მოსკოვს მილიარდობით დამატებით შემოსავალს მოუტანდა.
BM.GE
წყარო: bm.ge