
EU-ს €2 მილიარდიანი დაკავშირებადობის პლატფორმა - რას გულისხმობს და სად არის საქართველო?
ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად წარადგინა დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმა (Connectivity Agenda Platform) და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან გააფორმა შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც მოსალოდნელია 2 მილიარდ ევრომდე ფინანსური რესურსების მობილიზება შავი ზღვის რეგიონისა და სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული დაკავშირებადობის პროექტებში ინვესტირებისთვის.
პლატფორმა შექმნის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ქვეყნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სხვა დაინტერესებული მხარეები კოორდინაციას გაუწევენ ინვესტიციებსა და პოლიტიკურ ნაბიჯებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის სფეროებში. რეგიონთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააუმჯობესებენ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ოპერაციულ ეფექტიანობას.
პლატფორმის პრეზენტაცია 23 ივნისს ბრიუსელში, მაღალი დონის მინისტერიალზე გაიმართა, რომელსაც მასპინძლობდნენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, საერთაშორისო პარტნიორობების საკითხებში ევროკომისარი იოზეფ სიკელა და მდგრადი ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი აპოსტოლოს ციციკოსტასი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტრანსპორტის მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთის რესპუბლიკიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „დიდი შვიდეულის“ (G7) და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები. რაც შეეხება საქართველოს, „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ევროკომისიამ საქართველოს მიწვევა გაუგზავნა „ტექნიკურ დონეზე“ და შეხვედრაზე ელოდნენ ევროკავშირში საქართველოს ელჩს, თუმცა ვახტანგ მახარობლიშვილი ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დაკავშირებადობის საკითხებზე ევროკავშირის მინისტერიალი ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველომ მასში მონაწილეობა ასევე არ მიიღო, რადგან ევროკავშირის მხრიდან მოწვევა მინისტრის ნაცვლად ელჩის დონეზე იყო.
ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე „ნეტგაზეთმა“ მარტა კოსს ჰკითხა, იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის შეუძლებელია საქართველოს გვერდის ავლა, როცა საქმე ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას ეხება, შეიძლება თუ არა ევროკავშირი კომპრომისზე წავიდეს და განაახლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან კავშირები მათი დემოკრატიული უკუსვლის მიუხედავად.
„ჩვენს ინტერესებშია, საქართველოც იყოს ამ დაკავშირებადობის დღის წესრიგის ნაწილი, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ გარკვეული წვლილის შეტანა დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. თუმცა, აქ მე ერთმანეთისგან გავმიჯნავდი ორ საკითხს: ერთი, რომ საქართველო კვლავ რჩება კანდიდატ ქვეყნად - თუნდაც მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ მაინც - და მეორე მხრივ, ქვეყნის ჩართულობას ამ ძალიან მნიშვნელოვან დერეფანში“, - განაცხადა მარტა კოსმა.
რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგი (Cross-regional Connectivity Agenda), რომელიც 2025 წლის ოქტომბერში ლუქსემბურგში გამართულ რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე წარადგინეს, ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ (Global Gateway) სტრატეგიის ნაწილია.
BM.GE
წყარო: bm.ge