
ევროკავშირის ელჩები 145 პირის, მათ შორის 50 რუსული ბანკის დასანქცირებაზე შეთანხმდნენ
European Pravda-ს ცნობით, 11 ნოემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის აგრესიაში, კიბერთავდასხმებსა და ჰიბრიდულ ქმედებებში ჩართული 145 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე წინასწარ შეთანხმდნენ.
გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო, სასანქციო სიას 12 ფიზიკური და 101 იურიდიული პირი დაემატება. ამ 101 იურიდიულ პირს შორის 50 რუსული ბანკი და რუსეთის ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდამჭერი კომპანიები არიან.
ამას გარდა, რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ფარგლებში, შეზღუდვები 30 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს შეეხება, კიბერთავდასხმების სასანქციო რეჟიმით კი კიდევ ერთი იურიდიული პირი დასანქცირდება.
არსებული ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას საბოლოოდ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 16 ნოემბერს დაამტკიცებს.
ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების ყველაზე მასშტაბური გაფართოება დაამტკიცა და სიას თითქმის 1,600 ფიზიკური და იურიდიული პირი დაამატა.
მანამდე, 22 სექტემბერს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის დაწესებული შეზღუდვები 36 თვით გაახანგრძლივა, თუმცა სიიდან რუსი ოლიგარქები - ალიშერ უსმანოვი და მიხეილ ფრიდმანი ამოიღო.
BM.GE
წყარო: bm.ge