
მთავრობამ ₾400 მილიონის შიდა ვალი აიღო, სინდიკაციის მეთოდით|რას ნიშნავს ეს?
ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები განათავსა ანუ შიდა ვალი აიღო.
ეს თანხა 2026 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ლარის ობლიგაციაა, რაც მთავრობამ გამოუშვა, რადგან ფინანსთა სამინისტრო ამ დრომდე სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ობლიგაციების აუქციონებს 20-75 მილიონი ლარის ფარგლებში ათავსებდა.
ობლიგაციის ვადიანობა 5.9 წელია, ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი კი - 9% ანუ მთავრობა 400 მილიონ ლარის ვალს 2032 წლის აპრილში დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ წინა შესადარისი ვადიანობის - 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციის [საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 28 აპრილს განათავსა 45 მილიონი ლარის ოდენობით] კუპონის განაკვეთი 8.55%-ს შეადგენდა, შესაბამისად, განაკვეთი 0.45 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. დიდი ალბათობით, მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით აწევაა, რის გამოც მთავრობას 5-წლიან სესხში უფრო მეტი პროცენტის გადახდა უწევს.
როგორც BMG-ს სამინისტროდან აცნობეს, სახაზინო ობლიგაციები როგორც რეზიდენტმა, ისე არარეზიდენტმა ინვესტორებმა შეიძინეს და მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდი ლარი შეადგინა ანუ 4.5-ჯერ მეტი, ვიდრე გამოსაშვები თანხა იყო. ინვესტორების გეოგრაფია, ჯერჯერობით, უცნობია.
აღსანიშნავია, რომ 400 მილიონი ლარის სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება სინდიკაციის მეთოდით პირველად განხორციელდა. ემისიაში განთავსების ერთობლივი მენეჯერების (Joint Lead Managers) როლი ადგილობრივმა საინვესტიციო ბანკებმა - „გალტ ენდ თაგარტმა“ და „თიბისი კაპიტალმა“ შეასრულეს.
სახაზინო ობლიგაციების სინდიცირებული მეთოდით გამოშვება ჩვეულებრივი აუქციონებისგან იმით განსხვავდება, რომ საინვესტიციო მენეჯერების ჩართულობა შესაძლებლობას იძლევა, ფასიანი ქაღალდები მსხვილმა ფონდებმა შეიძინონ.
შეგახსენებთ: ლაშა ხუციშვილი, წინა თვეებში, სხვადასხვა ინტერვიუებში აცხადებდა, რომ ფინანსთა სამინისტრო დიდი მოცულობით ლარის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავდა და მიზეზად ქართულ ფასიან ქაღალდებზე გაზრდილი ინტერესს ასახელებდა.