
ფოკას წმინდა ნინოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტულ ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარად მოაწყობენ - ტენდერი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვა მოიცავს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. პროექტი Design-Build მეთოდით განხორციელდება.
ტენდერის მიხედვით, სამუშაოებისთვის განსაზღვრული სახელშეკრულებო ღირებულება 5 მლნ ლარია. ამასთან, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 1.71 მლნ ლარს შეადგენს.
ტენდერი გამოცხადდა 2026 წლის 11 აგვისტოს. სატენდერო წინადადებების მიღება 10 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბერს, 15:00 საათზე დასრულდება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფარავნის ტბის სანაპიროზე არსებულ ღია სანათლავს და მისასვლელ ინფრასტრუქტურას.
ასევე დაგეგმილია:
• მდინარე ფარავნის სათავე ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; • არსებული ხიდის რეკონსტრუქცია; • სანიტარული კვანძების განახლება; • მონასტრის ტერიტორიაზე საავტომობილო გზისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაცია; • არსებული პარკინგის მოწესრიგება; • ტაძრის ეზოსა და გალავნის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია; • გარე განათებისა და ელექტრომომარაგების ქსელის განახლება; • მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობა; • მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობების მოწესრიგება; • წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება.
ფოკას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. შესაბამისად, სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისთვის დადგენილი მოთხოვნებისა და რეგულაციების დაცვით უნდა განხორციელდეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, პროექტის მიზანია ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. პროექტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნება.
BM.GE
წყარო: bm.ge