
„საწვავი ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლას
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, ენერგორესურსი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
მისი თქმით, პროცესი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.
„ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის „ოკუპაციის შესახებ“ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფო უწყებებს საწვავი უშუალოდ არ გაუგზავნიათ და პროცესში კერძო სექტორი მონაწილეობდა. კობახიძეს მეტ დეტალზე არ უსაუბრია.
„რაც შეეხება საწვავის შეტანას, ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც იმის საშუალება, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მომავალშიც გავაკეთებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge