
ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის პროექტი საერთო მიზნით აერთიანებს სახელმწიფოს, ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პერმიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას აგრძელებს, რისი მაგალითიც დღეს ფოთის პორტია ახალი ნავსადგომის მშენებლობის დაწყებაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იქცა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.
„ბოლო წლებში შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და კონკურენტუნარიან მარშრუტად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი - საქართველო მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად იქცა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ყველა ძირითად კატეგორიაზე ფიქსირდება. რაც შეეხება ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს - ბოლო სამ წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78%-ით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება.
ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია. ეს ინიციატივა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა, გისურვოთ წარმატებები“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC). ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ყოველთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს. ამავდროულად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ამ მასშტაბური ჩანაფიქრის ინიციატორი და განმახორციელებელი ქართული კომპანიაა.
„პეის ჯგუფის“ წარმატება აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბიზნესს აქვს კომპეტენცია და ყველა რესურსი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელოს ისეთი მასშტაბური პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს ქმნის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) ქართულ კომპანია PACE Group-თან $25 მილიონის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.
BM.GE
წყარო: bm.ge