
ფუტკრის რძეზე ინტერესი იზრდება, თუმცა წარმოება შეზღუდულია - "ტოროს ფუტკრები"
ფუტკრის რძეზე მომხმარებელთა ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მისი წარმოება საქართველოში კვლავ შეზღუდულია. როგორც BMGTV-ის გადაცემაში “ქალების ნარატივი” ფუტკრის რძის და თაფლის მწარმოებელი „ტოროს ფუტკრების“ დამფუძნებელმა ანა ტორონჯაძემ განაცხადა, პროდუქტის წარმოება თაფლთან შედარებით გაცილებით რთული და შრომატევადია, რის გამოც მეფუტკრეების უმეტესობა ამ მიმართულებით არ მუშაობს.
"ფუტკრის რძის წარმოება თაფლის წარმოებისგან ძალიან განსხვავდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში, დაახლოებით სამი თვე, ყოველდღიურად გვიწევს მასზე მუშაობა, რადგან ძალიან რთული და სპეციფიკური პროცესია. სწორედ ამიტომ მეფუტკრეების დიდი ნაწილი არჩევანს თაფლის წარმოებაზე აკეთებს. შედეგად, ბაზარზე ფუტკრის რძის რაოდენობაც გაცილებით ნაკლებია, თუმცა მოთხოვნა ნამდვილად არსებობს. თითქმის არასდროს ხდება ისე, რომ სეზონის ბოლოს პროდუქტი დამრჩეს და ვერ გავყიდო. მომხმარებლები წინასწარაც კი მიკავშირდებიან, რადგან უკვე იციან, რამდენად უნიკალური და სასარგებლო პროდუქტის", – განაცხადა ანა ტორონჯაძემ.
მისი თქმით, ფუტკრის რძის წარმოების მოცულობა დიდწილად ამინდსა და ფუტკრის ოჯახების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. წინა წლებში სეზონურად საშუალოდ 3-4 კილოგრამ ფუტკრის რძეს იღებდა, თუმცა წელს უამინდობისა და დაავადებების გამო მოსავალი, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება.
„მაისში ვიწყებთ ფუტკრის რძის აღებას და ამ დროისთვის მომხმარებლები უკვე წინასწარ რეკავენ, რომ პროდუქტი შეუკვეთონ. საშუალოდ სეზონზე 3-4 კილოგრამს ვიღებდი, მაქსიმუმი კი 5 კილოგრამი იყო. წელს ამინდმაც არ შეგვიწყო ხელი და დაავადებებიც გვქონდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის მიღებას შევძლებ“, – აღნიშნა მან.
ანა ტორონჯაძე მომდევნო სეზონიდან წარმოების გაფართოებას გეგმავს. ამჟამად მას 20-25 ფუტკრის ოჯახი ჰყავს, თუმცა მიზანი რაოდენობის მინიმუმ გაორმაგება, შემდეგ კი 100-მდე გაზრდაა.
"შემდეგი სეზონიდან მინდა ფუტკრის ოჯახების რაოდენობა მინიმუმ გავაორმაგო, ხოლო მომავალ წლებში დაახლოებით 100 ოჯახამდე ავიდე. ეს საშუალებას მომცემს, მომხმარებლის მზარდი მოთხოვნა უკეთ დავაკმაყოფილო. რა თქმა უნდა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ შრომაც და წარმოების მოცულობაც უნდა გაორმაგდეს", – ამბობს „ტოროს ფუტკრების“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება ექსპორტს, მისივე შეფასებით, ფუტკრის რძის ექსპორტს პროდუქტის შენახვის სპეციფიკური პირობები ართულებს.
„ფუტკრის რძე თაფლისგან განსხვავებით მუდმივად მაცივარში უნდა ინახებოდეს, ჰერმეტულად იყოს დახურული და ცივი ჯაჭვი არ უნდა დაირღვეს. ამიტომ მისი ტრანსპორტირება გაცილებით რთულია. ამ ეტაპზე ექსპორტის შეთავაზება არ მიმიღია, თუმცა ვფიქრობ, რომ ფუტკრის რძის ექსპორტი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თაფლის“, – განაცხადა ანა ტორონჯაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge