
"გადაცემულია 3 ობიექტი" - როგორია კობახიძის ინიციატივით დამტკიცებული სპორტული ინფრასტრუქტურის პროგრამის შედეგები?
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2025 წელს დაწყებულ სახელმწიფო პროგრამას 3 მოსარგებლე ჰყავს. ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც ქონების სააგენტოს ანგარიშიდან ირკვევა პროგრამის ფარგლებში გადაცემული 3 ობიექტის მიწის ჯამური ფართი 90 074 კვ.მ.-ია.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" 2025 წლის 3 ივნისს "ოცნების" მთავრობამ ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაამტკიცა და მისი მიზანია - ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა/განვითარების საინვესტიციო პროექტს. გასულ წელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესია.
დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. პირველი 10 წლის განმავლობაში აღნაგობით სარგებლობის საფასური არის სიმბოლური ფასი - 1 ლარი, ხოლო მეთერთმეტე და შემდგომ წლებში ეს თანხა ყოველწლიური საბაზრო სარგებლობის საფასურს გაუტოლდება. პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სპორტის სამინისტროები.
რაც შეეხება დაკმაყოფილებულ განაცხადებს, ცნობილია ინფორმაცია ორ მათგანზე, მესამე ობიექტზე კი უწყების მხრიდან საჯარო პრესრელიზი არ გავრცელებულა. „სპორტული კლუბი ატლეტიკი“ პირველი იყო, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე მდებარე 26 ჰა არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 20 წლით გადაეცა. ამასთან, შპს „სპორტის აკადემია 2025“-ს, 20-წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
BMG ქონების სააგენტოდან გამოითხოვს ინფორმაციას პროგრამის ფარგლებში შესული განაცხადების და დაკმაყოფილებული პროექტების დეტალებზე.
BM.GE
წყარო: bm.ge