
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, კომერციული უძრავი ქონების მმართველმა კომპანია ემპი დეველოპმენტმა, 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორი ტრანშის სახით 6 300 000 აშშ დოლარისა და 5 300 000 ევროს მოცულობის, 1-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა.
ობლიგაციების საპროცენტო სარგებელმა აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის 7.50%, ხოლო ევროს ტრანშისთვის 6.50% შეადგინა.
მოზიდული სახსრები არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კომპანიის ახალი პროექტების დასაფინანსებლად იქნება მიმართული.
აღნიშნული ემისიები ემპი დეველოპმენტის რიგით მეოთხე და მეხუთე განთავსებაა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე, რაც კომპანიის მხრიდან დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროების გამოყენებასა და კაპიტალის ბაზარზე აქტიურობას ადასტურებს.
ემპი დეველოპმენტის ობლიგაციების ემისიები „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„მოხარული ვართ, რომ ემპი დეველოპმენტმა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე კიდევ ორი წარმატებული ემისია განახორციელა. კომპანიის მიერ უკვე მეოთხე და მეხუთე ემისიების განხორციელება, ერთი მხრივ, კაპიტალის ბაზარზე მისი გამოცდილებისა და შესაძლებლობების, მეორე მხრივ კი ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული ნდობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. გალტ & თაგარტისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ წარმატებულ კომპანიებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში და მხარი დავუჭიროთ მათ განვითარების ახალ ეტაპებზე. გვჯერა, რომ მოზიდული რესურსი ემპი დეველოპმენტს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ახალი პროექტების განვითარება და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიციები კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კაპიტალის ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების დანერგვას. საგულისხმოა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, გალტ & თაგარტის მონაწილეობით განხორციელებული ემისიების ჯამურმა მოცულობამ თითქმის 3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ჩვენი გუნდის აქტიურ როლს, ხოლო 2026 წელს გალტ & თაგარტი Global Finance-ის მიერ საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა”,- განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.