გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
მეორად აპარატურაში დახარჯული მილიონ ლარზე მეტი, ვადაგასული ტესტები და შეუსრულებელი სამშენებლო სამუშაოები - ეს "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის" 2022-2023 წლების საქმიანობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ძირითადი მიგნებებია, რომლებზეც პარლამენტში, აუდიტის ანგარიშების განმხილველი ჯგუფის სხდომაზე სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, აუდიტის მიზანი ჰოლდინგისა და მის დაქვემდებარებაში არსებული 8 სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის, სახელმწიფო რესურსების მართვისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება იყო, რის შედეგადაც ჯამში 4 რეკომენდაცია გაიცა.
აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა შესყიდვის გადაწყვეტილებების სათანადო დასაბუთებულობას. შედეგად, სახელმწიფომ შეიძინა ძვირადღირებული აღჭურვილობა, რომელიც პრაქტიკაში საერთოდ ვერ გამოიყენა:
"ჰოლდინგის მიერ შესყიდული იყო მეორადი, არასათანადო მდგომარეობაში მყოფი მობილური ლაბორატორია და მინიმალური დარჩენილი ვარგისიანობის ვადის მქონე სადიაგნოსტიკო ტესტები, რომელთა გამოყენებაც შემდგომში არ მომხდარა. აღნიშნულის შედეგად დაიხარჯა დაახლოებით 900 000 ლარი, რაც არარაციონალურ ხარჯვად გვაქვს მიჩნეული.
კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს ერთ-ერთი დაწესებულების მიერ სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა 225 000 ლარად. საუბარია მეორად აპარატზე, რომელიც ბაზრის სათანადო კვლევისა და დარჩენილი სარესურსო შესაძლებლობების შეფასების გარეშე შეიძინეს. აუდიტის პერიოდისთვის აღნიშნული აღჭურვილობა გამოყენებული არ ყოფილა", - განაცხადა მარიამ ზაალიშვილმა.
აუდიტის მიგნებების კიდევ ერთი ნაწილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებსა და ხელშეკრულებების მართვას ეხება. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ცალკეულ შემთხვევებში სათანადოდ არ იყო დასაბუთებული პრეტენდენტთა კვალიფიკაციის შეფასება, ხოლო ვალდებულებების დარღვევაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ აღმოჩნდა ეფექტიანი:
"ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე რეაგირება არ იყო დროული და ეფექტიანი. მათ შორის, სათანადო ღონისძიებები არ განხორციელებულა დარიცხული პირგასამტეხლოს ამოღების, ზედმეტად გადახდილი საავანსო თანხების დაბრუნებისა და შეუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების დასრულების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული შემთხვევები მიუთითებს ხელშეკრულების შესრულების კონტროლისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების აღსრულების მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე", - აღნიშნა ზაალიშვილმა.
აუდიტის რეკომენდაციები
გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად აუდიტის სამსახურმა შესყიდვებისა და ხელშეკრულებების მართვის მიმართულებით ორი ძირითადი რეკომენდაცია შეიმუშავა:
• ჰოლდინგისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიმართ: დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს შესყიდვისა და ხელშეკრულებების მართვის პროცესების ფორმალიზებას, პროცესში ჩართული სუბიექტების კვალიფიკაციას, მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო დასაბუთებასა და დოკუმენტირებას. • უშუალოდ ჰოლდინგის მიმართ: საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენების მიზნით ჰოლდინგმა შეიმუშაოს და დანერგოს მის დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შესყიდვებისა და ხელშეკრულებების მართვის ეფექტიანი მონიტორინგის სისტემა.
მარიამ ზაალიშვილის განმარტებით, ორივე რეკომენდაციას ამ ეტაპზე "მიმდინარეს" სტატუსი აქვს.
ცნობისთვის: "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" სახელმწიფო კლინიკების მმართველი კომპანიაა, რომელიც აუდიტის ჩატარების პერიოდისთვის 8 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებდა.
