
"განვადებებში დეველოპერების ჩართულობა უნდა დასრულდეს" - სექტორი იპოთეკური სესხების შერბილებას ითხოვს
უძრავი ქონების სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხების რეგულაციები დამატებით უნდა გაამარტივოს.
როგორც BMG-სთან კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში დეველოპერების მხრიდან შიდა განვადებების სქემების გააქტიურება უმეტესწილად საბანკო სექტორში რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდებოდა.
ბესო ორთოიძე მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე შიდა განვადების სქემებიდან მომდინარე პოტენციური რისკების შესამცირებლად აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხების გაცემის წესები შეარბილოს.
“მთავარი კითხვა ისაა, რამ გამოიწვია დეველოპერების მხრიდან ამ პროდუქტის გაჩენა. გამოიწვია იმან, რომ რაღაც მომენტში ერთი მხრივ, ბანკებმა და შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყვეს იმას, რომ შემცირებულიყო იპოთეკური სესხების გაცემა. ბანკებმა ხელი შეუწყვეს იმით, რომ თქვეს, ამოვწურეთ რესურსი, რაც ამ მიმართულებით იყო და ახლა შევანელოთ სესხების გაცემაო, ხოლო ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა სხვადასხვა რეგულაციები.
ამან გამოიწვია ის, რომ დეველოპერულმა სექტორმა, რომლის მთავარი პროდუქტი საცხოვრებელი უძრავი ქონებაა და საკმაოდ დიდი პროცენტი იპოთეკური სესხებით იყიდებოდა, ალტერნატიული პროდუქტი შექმნა. შესაბამისად, მომხმარებელი, რომელსაც, გაურთულდა საბანკო სექტორიდან სესხის მიღება, სარგებლობს ამ განვადებით.
საჭიროა, რომ აქ შეტრიალდეს ის, რაც გვქონდა წარსულში, რომ უფრო გამარტივდეს იპოთეკური სესხის აღება, თუ ესა თუ ის მომხმარებელი ერგება, რა თქმა უნდა, იმ პირობებს, რაც საბანკო სექტორს გააჩნია. ამ ნაწილში საბანკო სექტორი მზაობას გამოთქვამს, რომ ისევ გააძლიეროს იპოთეკური სესხების გაცემა, თუ ეროვნული ბანკის მხრიდან გარკვეული შეღავათები იქნება და ისევ გამარტივდება ეს მიმართულება. ახალ ველოსიპედს აქ ვერ მოვიგონებთ. ასე იყო აქამდეც და ასე უნდა გაგრძელდეს და შუალედური პერიოდი, როდესაც დეველოპერები ჩაერთნენ გრძელვადიანი განვადების ნაწილში, რაღაცნაირად უნდა დასრულდეს”, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.
ცნობისთვის, გასულ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხების რეგულაციები გარკვეულწილად უკვე შეარბილა. მათ შორის, 2025 წლის თებერვლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის მინიმალური პირველადი შენატანი 15%-იდან 10%-მდე შემცირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge