
გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და გასაკეთებელი კიდევ ბევრია - სოსო ფხაკაძე კადრების დეფიციტზე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების და სამუშაო ძალის დეფიციტია, რაზედაც BAG ყოველთვის ღიად საუბრობს. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის მთავარი გამოწვევაა
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ბიზნესგაერთიანება ამ საკითხებზე ხელისუფლებასთან მუდმივ კონსულტაციებს გადის, თუმცა „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“
„ბოლო ორი წელიწადია ორი მთავარი პრობლემაა - სამუშაო ძალის და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ეს სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს პრობლემა გადაიჭრას. ჩვენ ამაზე ხელისუფლებასთან ძალიან ხშირი კონსულტაციები გვაქვს, გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით გადაიდგა და გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, - განაცხადა ფხაკაძე.
კითხვაზე - გაამწვავებს თუ არა საქართველოში უცხოელების დასაქმების შეზღუდვა კადრების დეფიციტის პრობლემას, BAG-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში ასოციაცია ჩართული იყო და ხელისუფლებამ მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა.
„ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვიყავით, როდესაც ახალი რეგულაცია გამოვიდა, გარკვეული ცვლილებები ვითხოვეთ, ხელისუფლებამ მოგვისმინა და ეს ცვლილებები მასში შეიტანეს, რომ არ შეეტანათ სერიოზული პრობლემა იქნებოდა. ამ ეტაპზე მწვავე პრობლემად ვერ აღვიქვამთ, მაგრამ თუ შევხედავთ რომ მწვავე პრობლემა გაჩნდა, აუცილებლად მივალთ ხელისუფლებასთან და დავიცავთ ობიექტურ და სამართლიან ინტერესებს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge