გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 13-19 ივლისი
BM.GE|bm.ge
გთავაზობთ 13-19 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, 3.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ივნისში კი $771 მლნ იყო
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, 771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის წინასწარ ანგარიშში. წინა წელთან შედარებით თანხობრივად ექსპორტის ზრდა 131 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტმა 3.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად ასევე 20%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა ივნისში 1.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 112 მილიონი დოლარით, ანუ 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2026 წლის პირველ 6 თვეში კი იმპორტი ჯამურად 9 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 0.7%-ით არის გაზრდილი.
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 20 ივლისს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ცნობილი გახდება თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი.
2026 წლის პირველ ნახევარში ფულადი გზავნილები 4%-ით, $1.9 მილიარდამდე გაიზარდა, ივნისში კი $348 მლნ იყო
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხოეთიდან 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78 მილიონი დოლარით, ანუ 4%-ით გაიზარდა. კონკრეტული თვეების მიხედვით წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ივნისში აღირიცხა, რამაც 348 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მოცულობა წლიურად 10%-ით იყო გაზრდილი.
რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან შემოვიდა, საიდანაც 356 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას 325 მილიონი დოლარით იტალია იკავებს (ზრდა 10%), ხოლო მესამე ადგილზეა რუსეთი 250 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილები 14%-ით გაიზარდა.
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 325-მილიონიანი მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი–ლესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც. ახალი გზა გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების – გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის. სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები გრძელდება პირველ მონაკვეთზე. შედეგად, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან უკვე 42.5 კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია. დარჩენილი 9.5-კილომეტრიანი პირველი მონაკვეთის დასრულება და მოძრაობის გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი.
თურქმენეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის საკითხებში მემორანდუმი გაფორმდა
თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაფორმდა მემორანდუმები. მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს. სამინისტროს ცნობით, ეს დოკუმენტი მიზნად სამშენებლო მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციებისა და ტექნიკური რეგლამენტირების მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს.
უწყების ცნობით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს:
• ეკოლოგიურად სუფთა და რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების შექმნას;
• ახალი სამშენებლო მასალების წარმოებაში ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური გამოცდილების გაზიარებას;
• სტანდარტიზაციის სფეროში პარტნიორობას;
• სამრეწველო ნედლეულის ტრანსპორტირების ხელშეწყობას;
• ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სემინარების ორგანიზებას.
მთავრობამ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილებები გამოსცა
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილებები გამოსცა. კერძოდ, "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა დადეგნილებები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანს შორის 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლას ითვალისწინებს. დადგენილება 15 ივლისით თარიღდება. დადგენილებების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს აზერბაიჯანულ მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს შეთანხმების დადების შესახებ.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის 18 მაისს საქართველომ და აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის მოწოდების 20- წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, ასევე შეთანხმება გაფორმდა საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების და ტრანზიტის შესახებაც.
თბილისის მერია დიდი დიღმიდან დიდუბემდე ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის 287-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს
თბილისის მერია დიდუბე-დიდი დიღმის ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და დეპოს მშენებლობის 287.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს თურქეთში რეგისტრირებულ ერთობლივ საწარმო EYE (EmreRay + Yüksel + Erk)-თან გააფორმებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, EmreRay-ს განხორციელებული აქვს სტამბულის ემინონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტი, რომელიც ლიანდაგებისა და საკონტაქტო ელექტროგაყვანილობის მოწყობას მოიცავდა. კომპანიის გამოცდილებაში ასევე შედის თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის პროექტი, ხოლო ქალაქ ანტალიაში ტრამვაის სისტემის ელექტრიფიკაციის სამუშაოები. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში EmreRay-ის ერთობლივმა საწარმომ სამუშაოების შესრულება 287,654,321 ლარად შესთავაზა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, 416.6 მილიონ ლარზე, დაახლოებით 129 მილიონი ლარით ნაკლებია.
თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დემონტაჟის ნებართვა გასცა
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს "რიყე დომ"-ის საკუთრებაშია. რიყის დოქების შესახებ 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც მისი დემონტაჟის უფლებით გასხვისებას ითვალისწინებდა, რაც ადგილზე მინიმუმ 44 მილიონი ლარის ინვესტიციით უნდა განხორციელებულიყო.
2025 წლის ივნისში "რიყე დომ"-ის მესაკუთრე გახდა კომპანია "მაქრო ფროფერთი", რომელსაც ჯერჯერობით შენობის დემონტაჟის შემდეგ განსავითარებელი სასტუმროს პროექტი არ წარუდგენია.
BAG ინდექსი: გამოკითხული კომპანიების შეფასებით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის კვლევის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5.1 ქულით გაიზარდა და 47.6 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 11.4 ქულით, ხოლო მოლოდინის მაჩვენებელი 10.1 ქულით გაუმჯობესდა. სექტორებს შორის, ბიზნეს კლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც და მოლოდინებიც ყველაზე პოზიტიურია.
2026 წლის II კვარტალში ბიზნესის გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა ორი ფაქტორი, რომელიც კომპანიების ბიზნესსაქმიანობას თანაბრად აფერხებს - სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტორის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სპეციალისტების ნაკლებობის - 3 პუნქტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, გამძაფრდა ასევე, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა (11 პროცენტული პუნქტით), ხოლო ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა. საგულისხმოა, რომ სექტორების მიხედვით, სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორს აწუხებს, ხოლო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები მომსახურების და ვაჭრობის სექტორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.