გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 20-26 ივლისი
BM.GE|bm.ge
გთავაზობთ 20-26 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
24 და 25 ივლისს საქართველოში ელექტროენერგია ავარიულად შეწყდა
24 ივლისს 00:10-ზე და 25 ივლისს 08:10 საათზე საქართველოში ელექტროენერგია ავარიულად შეწყდა. შეწყვეტის შემდეგ მთელი ქვეყნის ელექტრომომარაგების ეტაპობრივად აღდგენას რამდენიმე საათი დასჭირდა.
ავარიის მიზეზების შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს სისტემური ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენა და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ აცნობებენ. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად და ორი გათიშვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დივერსიას გულისხმობს.
საქართველოს რკინიგზამ 45 ლოკომოტივის შესაძენად მსოფლიო ბანკის და ADB-ის დაფინანსებით $350 მილიონის ტენდერი გამოაცხადა
„საქართველოს რკინიგზამ“ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის საერთო ღირებულება 350 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში, რაც დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს.
პროექტი ხორციელდება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით. სატენდერო პროცესი უშუალოდ მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს.
ტენდერის ფარგლებში ერთი ერთეული ლოკომოტივის სავარაუდო ფასი დაახლოებით 7.78 მილიონ დოლარს (20.7 მილიონ ლარს) შეადგენს.
6-თვიანი ვადა რუსული ნავთობის ჩანაცვლებისთვის - EU-ს პირობა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის შესახებ
ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაც მოიცავს ჩანაწერს. ქვეყნის პირველ სრულმასშტაბიან ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას - ბლექ სი პეტროლიუმს მიეცა 6-თვიანი ვადა რუსული ნავთობიდან დივერსიფიცირებისთვის, აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპამიასთან დაკავშირებით საბჭო მომდევნო 6 თვეში სანქციების სიაში შეყვანას გეგმავს.
"ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სანქცირებულ სუბიექტთა სიაში შეტანის გადაწყვეტილებას ევროკავშირი 6 თვის ვადაში მიიღებს, რათა ქარხანას მიეცეს შესაძლებლობა, მოახდინოს რუსული ნედლი ნავთობისგან მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.
ევროკომისიის მიერ შესაბამისი შეფასების ჩატარების შემდეგ, ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტს, კვლავ არსებობს თუ არა ქარხნის აღნიშნულ სიაში დატოვების აუცილებლობა", - ნათქვამია ევროკავშირის პრესსამსახურის განმარტებაში.
თუმცა, თავად კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ ჯერ კიდევ 2 ივლისს განაცხადა, რომ აგვისტო-სექტემბრიდან სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა.
ევროკავშირმა საქართველოში რეგისტრირებული 4 კრიპტოპლატფორმა დაასანქცირა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსების წყაროებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ახალი სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვა 14 კრიპტოპლატფორმის წინააღმდეგ აამოქმედა, რომელთა შორის ოთხი საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა: Exnode/Exnode Pay (Arvix LLC), Aifory, ABCeX და Rapira.
ევროკავშირის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ ფინანსური არხების გადაკეტვას, რომლებსაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებს. ამასთან, ევროკავშირმა პირველად შემოიღო სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მესამე ქვეყნებში მოქმედი კრიპტოპროვაიდერების წინააღმდეგ სრული აკრძალვის დაწესების შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუ დადგინდება მათი მონაწილეობა სანქციების გვერდის ავლის სქემებსა და სხვა არალეგალურ ოპერაციებში.
რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციისთვის 4 თვით გადაიკეტა
23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რა პერიოდშიც ქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეიზღუდება. პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება - რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტურიზმის შემოსავალი 2%-ით, 1.93 მილიარდამდე შემცირდა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით შემცირდა და 1.93 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კლება ძირითადად ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებას უკავშირდება — იანვარ-ივნისში საქართველოს 2.73 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76 ათასით, ანუ 3%-ით ნაკლებია.
ევროკავშირმა "თელასის" 75%-ის მფლობელ Inter Rao-ს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ არსებულ ენერგოკომპანია სსს „Inter RAO UES“-ს. ევროკავშირმა „Интер РАО“ სანქცირებულ სუბიექტთა სიაში რუსეთის წინააღმდეგ 23 ივლისს დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში შეიყვანა. ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, „Интер РАО“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო კომპანიაა (რომლის შემოსავალმაც 2023 წელს 1.36 ტრილიონ რუბლს მიაღწია) და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანიას 19 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მას რუსეთის ფედერაციის მთავრობა აკონტროლებს. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიის აქციონერებს შორის არიან სახელმწიფო კომპანიები „როსსეტი“ და „როსნეფტეგაზი“ რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი დივიდენდების გადამხდელები. ამასთან, „Интер РАО“-ს დირექტორთა საბჭოს წევრები არიან სანქცირებული პირები: „როსნეფტის“ გენერალური დირექტორი იგორ სეჩინი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დიმიტრი შუგაევი. „რუსეთის ფედერაციის მთავრობა სსს "Inter RAO UES"-ის შემოსავლების ნაწილს კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადებისა და მფლობელების მიერ გადახდილი დივიდენდების სახით იღებს. კომპანია, მაშასადამე, ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე“, - ნათქვამია სანქციების დაწესების დასაბუთებაში.