
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 22-28 ივნისი
გთავაზობთ 22-28 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
აშშ-ის DFC-იმ Pace Group-ს ფოთის პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობისთვის $25-მილიონიანი სესხი გამოუყო
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორის, კენეთ ენჯელის განცხადებით, ფოთის ახალი საზღვაო პორტის გაფართოება საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს გაზრდის და ტრანსკასპიური დერეფნის როლს გააძლიერებს.
მისი თქმით, PACE-ის ტერმინალის მეორე ნავმისადგომის მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.
DFC-მ ქართულ კომპანია PACE Group-თან ფოთის ახალი პორტის განვითარებისთვის დამატებით 25 მილიონი დოლარის სასესხო შეთანხმება გააფორმა. თანხა მეორე ნავმისადგომისა და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.
პროექტის დასრულების შემდეგ ფოთის ახალი პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით 1 მილიონი ტონით გაიზრდება. ასევე გაძლიერდება ტრანსკასპიური დერეფნის სავაჭრო ინფრასტრუქტურა.
ეროვნულმა ბანკმა მაისში რეკორდული 633 მილიონი დოლარი შეისყიდა
მაისში შესყიდვებმა რეკორდული 633 მილიონი დოლარი შეადგინა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით გასულ თვეში სავალუტო რეზერვები 536 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან რეკორდულ 7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჯამში კი 2026 წლის იანვარ-მაისში ეროვნულმა ბანკმა 1.46 მილიარდი დოლარი შეისყიდა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
• იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
ქართული ბანკების დაკრედიტება მაისში 14%-ით, დეპოზიტები კი 22%-ით გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 73.39 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 504.46 მილიონი ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.22% შეადგინა.
სებ-ის თანახმად, დაკრედიტების ზრდის ძირითადი მდგენელი ეროვნული ვალუტით დაკრედიტებას უკავშირდებოდა, უფრო დეტალურად, 385 მილიონი ლარით იმატა ლარის სესხებმა, სავალუტო კრედიტების ზრდა კი 120 მილიონ ლარს შეადგენდა.
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 71.33 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.31 მილიარდი ლარით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, დეპოზიტების ზრდა ასწრებს დაკრედიტების მატებას და ის გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წლიურად 22%-ით არის მომატებული. შედარებისთვის დაკრედიტების ზრდა 14.2%-ია.
2026 წლის პირველ ხუთ თვეში ქართული ბანკების მოგება 21%-ით, 1.54 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის იანვარ-მაისში 1.54 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის 5 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა. მოგება წლიურ ჭრილში 272 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე. ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 819 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 25%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 562 მილიონი ლარით (+16% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 62 მილიონი ლარით (+53%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 19%-ით, 42 მილიონ ლარამდე შემცირდა. რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 26 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-მაისში სწორედ ვითიბი ბანკს ჰქონდა.
2026 წლის 5 თვეში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა
2026 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სულ 2.34 მილიარდი ლარის ღირებულების 22,837 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 41%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 18%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის თანახმად, 2026 წელს გაცემული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 102.6 ათას ლარს აღწევს, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-მაისში გაცემული იპოთეკების საშუალო ღირებულება 85.8 ათას ლარს შეადგენდა. ეს მატება განპირობებულია ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით, ასევე თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებით. კერძოდ კი, გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15%-დან 10%-მდე, რაც მსესხებლებისთვის თანამონაწილეობის იგივე თანხობრივი მოცულობით უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებელს. ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2026 წლის მაისში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.75% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.35 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიების საგადასახადო შეღავათის დაჩქარებულად მიღება
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ოთხ სამუშაო დღეში, მესამე მოსმენით მიიღო აზარტული თამაშების შესახებ კანონი, რომელიც მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდა.
კანონი სპეციალურ სტატუსს ანიჭებს იმ ონლაინ-კაზინოებს, რომლებშიც თამაში მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებს შეეძლებათ. ასეთი კომპანიები 5%-იანი მოგების გადასახადით (GGR) დაიბეგრებიან, ნაცვლად 20%-ისა, რომელიც იმ ონლაინ-კაზინოებზე ვრცელდება, სადაც თამაშის უფლება საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ.
კანონპროექტის ავტორების შეფასებით, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი საქართველოში მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს მოიზიდავს, რაც საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, კანონპროექტს არ ახლავს კონკრეტული ფინანსური შეფასება, თუ რამდენით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები.
ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ყველა ბიზნესს უნივერსალური სალარო აპარატის შეძენა მოუწევს
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს კერძო სექტორს გადახდების მიღება ახალი წესებით მოუწევს - დაინერგება უნივერასლური სალარო აპარატები, რომლებიც ჩაანაცვლებენ ამჟამად არსებულ სალარო აპარატებსა და საბანკო პოსტერმინალების. ამასთან, მთავრობა შეარჩევს ერთ მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შექმნილი აპარატებითაც ბიზნესს გადახდების მიღება მოუწევთ. კანონპროექტის თანაავტორია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, რომლის თქმითაც ინიციატივა ბიზნესისთვის ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. კანონპროექტის მიხედვით, სალარო აპარატების ახალი მოდელი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. სწორედ ამ პერიოდიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას მხოლოდ ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარება. მოქმედი მოწყობილობების გამოყენება ბიზნესებს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში - 2028 წლის 1 მაისამდე შეეძლებათ. ახალი სისტემის ფარგლებში შერჩეული კომპანია ბიზნესებს მიაწვდის როგორც უნივერსალურ სალარო აპარატებს, ისე ელექტრონული კომერციის ტერმინალებს და უზრუნველყოფს მათ ტექნიკურ მომსახურებას. შესაბამისად, ბიზნესები არსებულ სალარო აპარატებს და პოსტერმინალებს ჩაანაცვლებენ ერთი მიმწოდებლის მიერ შექმნილი უნივერსალური სალარო აპარატებით, რომლებიც ნაღდ და საბანკო ბარათით გადახდებს მიიღებენ.
ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიო 0.3% შეიძლება იყოს - ახალი კანონპროექტი
პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ერთდროულად საბარათე გადახდების საკომისიოების შემცირებასა და ახალი, უნივერსალური სალარო აპარატების სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და მისი მოადგილე ბეჟან წაქაძე, ასევე დეპუტატები ირაკლი ხელაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი და ლევან მაჭავარიანი.
კანონპროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და საბარათე ტრანზაქციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობას 0.3%-ით განსაზღვრავს. პროექტის თანახმად, ურთიერთგაცვლის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს თითოეული გადახდის ოპერაციის ღირებულების 0.3%-ს. ამასთან, ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც საკომისიოს ეკვივალენტური მიზანი ან ეფექტი აქვს, ურთიერთგაცვლის საკომისიოს ნაწილად ჩაითვლება. ასევე იკრძალება ისეთი პრაქტიკის გამოყენება, რომელიც აღნიშნული ლიმიტის გვერდის ავლას ისახავს მიზნად, მათ შორის საკომისიოების გადაკლასიფიცირება, რამდენიმე საკომისიოდ დაყოფა ან ახალი ტიპის საკომისიოს დაწესება.
მოსახლეობის აღწერის შედეგები დაზუსტდა - საქართველოში 134 ათასი უცხოელი ცხოვროვს, მთლიანი მოსახლეობა 3.9 მილიონია
საქართველოში გრძელვადიანად უცხოეთის 133,857 მოქალაქე ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 3.4%-ია - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მოსახლეობის აღწერის დეტალური შედეგებიდან ხდება ცნობილი. საქსტატის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეთა შორის ყველაზე ბევრია რუსეთის მოქალაქე; მეორე პოზიციას ინდოეთის, მესამე ადგილს კი უკრაინის მოქალაქეები იკავებენ.
მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობა 3,929,581-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქსტატმა მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემები, რაც 2025 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, მიუთითა რომ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა იყო 3,914,000 ადამიანი, ხოლო უცხოელთა წილი კი 6.6%-ს ანუ 257,000-ს შეადგენდა. თუმცა, განახლებული მონაცემებით დაზუსტდა უცხოელთა რაოდენობა და ის 133 857-მდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებულია უცხოელთა საქართველოში დაყოვნების მოთხოვნებთან, რაც სტატისტიკური მეთოდოლოგიის თანახმად 12 თვეს უნდა აღემატებოდეს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერში განაცხადი ერთმა კომპანიამ წარადგინა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, განაცხადი წარდგენილი აქვს მხოლოდ ერთ კომპანიას შპს "სმარტ სოლუშენს", რომელმაც საკუთარი განაცხადი სამივე ლოტზე დააფიქსირა. თბილისის მერიის მიერ ტენდერი 15 ივნისს გამოცხადდა. განაცხადის თანახმად, "სმარტ სოლუშენსი" თბილისის მერიას ამ პროექტის განხორციელებას 19.8 მილიონ ლარად სთავაზობს.
თბილისის საგარეუბნო მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთებისთვის ADB-მა ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი თბილისი-რუსთავის და თბილისი-მცხეთის, ასევე თბილისი-ლილოს და თბილისი-აეროპორტის მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train) სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის შერჩევისთვის. პროექტი ხორციელდება „ცხოვრებისთვის ხელსაყრელი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ (LCIP) პროექტის დაფინანსების ფარგლებში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული, ხოლო დამატებით 60 ათასი დოლარი რეზერვის (Provisional Sum) სახით არის გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
BM.GE
წყარო: bm.ge