მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მიწოდების ჯაჭვის ისე დამოკლება, რომ დისტრიბუცია არ არსებობდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია" - ლაშა რიჟამაძე
"მიწოდების ჯაჭვის ისე დამოკლება, რომ დისტრიბუცია არ არსებობდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია" - ლაშა რიჟამაძე

"მიწოდების ჯაჭვის ისე დამოკლება, რომ დისტრიბუცია არ არსებობდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია" - ლაშა რიჟამაძე

BM.GE28 ივნისი, 2026, 10:00|bm.ge

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა რიჟამაძის განცხადებით, მიწოდების ჯაჭვის იმ ფორმით დამოკლება, რაც ამ რგოლიდან დისტრიბუციის სრულად ამოღებას გულისხმობს, პრაქტიკულად შეუძლებელია და მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ამ თემაზე მან გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

ამ განცხადებით ლაშა რიჟამაძე ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის შეფასებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სურსათსა და სხვა პროდუქტებზე ფასების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი კომპონენტი მიწოდების ჯაჭვის სიგრძე და არაეფექტურობაა. კომისიის დასკვნის თანახმად, მიწოდების ჯაჭვის დავიწროება გრძელვადიან სტრატეგიაში უნდა გაიწეროს, რაც სისტემურად 8%-დან 9%-მდე შემცირებას განაპირობებს.

ლაშა რიჟამაძის განმარტებით, მიწოდების ჯაჭვი ვერ დამოკლდება, ხოლო ლოგისტიკური ცენტრების გაფართოება, რაზეც ბოლო პერიოდშია საუბარი, ბუნებრივი პროცესია და ბაზარზე ისედაც მიმდინარეობს, თუმცა ეს ფასებზე ხელშესახებ გავლენას ვერ მოახდენს.

"თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ მიწოდების ჯაჭვი იმ ფორმით შეიძლება დამოკლდეს, რომ დისტრიბუცია ამ რგოლში არ უნდა არსებობდეს, ამის პრაქტიკული მაგალითი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ დისტრიბუციის ნაწილის ამოღება შესაძლებელია, თუმცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თავად კომისიას და მის თავმჯდომარესაც პროცესი ამ მიმართულებით არ მიჰყავთ.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ლოგისტიკურ ცენტრებზე, უნდა აღინიშნოს, რომ იგივე რაოდენობის სურსათი იქნება მისაწოდებელი, თითქმის იგივე რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებებით, როგორც დღეს ხდება. ყველა სადისტრიბუციო კომპანიას ისედაც მაქსიმალურად აქვს დატვირთული ტრანსპორტი და ყველა ცდილობს, შედარებით უფრო გაბარიტულ სატრანსპორტო საშუალებებზე გადავიდეს, რომ ამით დამატებითი ეკონომია გააკეთოს.

ამ მასშტაბების შექმნა ისედაც ბუნებრივი პროცესია – სადისტრიბუციო კომპანიები და ქსელები ისედაც ვითარდებიან ამ მიმართულებით, იზრდება და იქმნება ლოგისტიკური ცენტრები. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ეს ისედაც მოხდება, ბაზარი ასე ვითარდება და ყველა ქვეყანამ ეს გზა გაიარა. თუმცა, რა შეღავათიც შეიძლება მისცეს ბიზნესს მასშტაბების გაზრდამ, იმდენად უმნიშვნელო იქნება, რომ ფიზიკურად ვერ იქნება ხელშესახები მომხმარებლისთვის ფასთან მიმართებით", - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ რითეილ სექტორი ფიზიკურად ვერ შეძლებს საზღვარგარეთიდან პროდუქციის სრულად დამოუკიდებლად იმპორტირებას, რადგან საერთაშორისო ბრენდები ამ მოდელით არ მუშაობენ. შესაბამისად, დისტრიბუციის როლი ბაზრის ეფექტურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"როგორ უნდა ვხედავდეთ ამ სურათს? რომ ქსელურმა მარკეტებმა, რომელიც რამდენიმეა მთლიან ბაზარზე, თავად მოახდინონ იმპორტი საზღვარგარეთიდან? ფიზიკურად ვერ შეძლებენ, რადგან ასე არ მუშაობს არცერთი საერთაშორისო კომპანია.

მეორეც, დღეს თუ გვყავს 500 მიმწოდებელი, მწარმოებელი და დისტრიბუტორი, მაშინ გამოდის, რომ ქსელური მარკეტი უნდა იყოს შემსყიდველიც და გამყიდველიც, ანუ ბაზარზე ფასი მან უნდა დაადგინოს. ამის პრაქტიკული მაგალითი არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. დისტრიბუცია, პირიქით, ეფექტურად მუშაობისა და მეტი რეალიზაციის შესაძლებლობაა ყველა მწარმოებლისთვის. სწორედ ამიტომ არსებობს ეს დარგი – ის ლოგისტიკურად ბევრად უფრო გამართლებულია, ვიდრე იმ პირთა წრის მაქსიმალურად შეზღუდვა, ვისთანაც შეიძლება ურთიერთობა გვქონდეს", - აღნიშნა დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენეციაში ტურისტებისთვის შესვლის საფასური შესაძლოა 50 ევრომდე გაიზარდოს

ვენეციაში ტურისტებისთვის შესვლის საფასური შესაძლოა 50 ევრომდე გაიზარდოს

BM.GE

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 22-28 ივნისი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 22-28 ივნისი

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სტარტს 2027 წელს აიღებს

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სტარტს 2027 წელს აიღებს

BM.GE

28 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

28 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE