მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვენეციაში ტურისტებისთვის შესვლის საფასური შესაძლოა 50 ევრომდე გაიზარდოს
ვენეციაში ტურისტებისთვის შესვლის საფასური შესაძლოა 50 ევრომდე გაიზარდოს

ვენეციაში ტურისტებისთვის შესვლის საფასური შესაძლოა 50 ევრომდე გაიზარდოს

BM.GE28 ივნისი, 2026, 10:45|bm.ge

ვენეციაში შესვლის საფასური, რომელიც პირველად 2024 წელს დაწესდა, უახლოეს მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა სიმონე ვენტურინიმ წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ჭარბი ტურიზმის შესაკავებლად, გარკვეულ დღეებში ერთდღიანი ვიზიტორებისთვის გადასახადი 50 ევრომდე უნდა გაიზარდოს.

ეს ინიციატივა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მონაცემებმა აჩვენა, რომ არსებული ტარიფები (5 ევრო წინასწარი ჯავშნისას და 10 ევრო ადგილზე შეძენისას) ვიზიტორების რაოდენობის შეზღუდვას ვერ უზრუნველყოფს.

მერმა განაცხადა, რომ იტალიის მთავრობას სთხოვს ნებართვას, ვენეციაში შესვლის საფასური კონკრეტულ დღეებში 50 ევრომდე გაზარდოს. წლევანდელი მონაცემების მიხედვით, იმ ტურისტების წილი, ვინც ქალაქში შესასვლელად გადაიხადა, ბილეთი წინასწარ დაჯავშნა და 5-ევროიანი ფასდაკლებით ისარგებლა, 50%-ზე ნაკლებია.

იტალიური გაზეთის, Il Gazzettino-ს ცნობით, რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ 42 დღეში გადახდილი 514 710 შესატანიდან 245 503-მა 5 ევრო გადაიხადა, ხოლო 268 207-მა - 10 ევრო.

გადასახადის გაზრდის ინიციატივას სტუმარმსაპინძლობის ინდუსტრიამაც დაუჭირა მხარი.

"ვენტურინის წინადადება მისასალმებელია. ეს შეიძლება იყოს გზა, რათა გადასახადი ყველაზე პრობლემურ დღეებში ტურისტების შემაკავებელ/წამახალისებელ ინსტრუმენტად იქცეს", - განაცხადა ვენეციის სასტუმროების ასოციაციის (AVA) დირექტორმა დანიელე მინოტომ. მან დასძინა, რომ 50 ევრო არც ისე დიდი თანხაა მსოფლიოს ზოგიერთი არქეოლოგიური ძეგლის ბილეთების ფასებთან შედარებით.

მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ გადასახადიდან მიღებული გაზრდილი შემოსავალი შესაძლოა ვენეციის მცხოვრებლებს მოხმარდეს: "თუ ეს თანხა გაიზრდება, ჩვენ მას იმ ხარჯების საკომპენსაციოდ გამოვიყენებთ, რომლებსაც მოქალაქეები და ბიზნესი ტურიზმის გამო იღებენ".

მან ასევე დაადასტურა, რომ "ეს იქნება ტესტირების მესამე და ბოლო წელი. ზაფხულის შემდეგ მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რათა ზომას უფრო საბოლოო ფორმა მივცეთ". ეს მოიცავს განხილვას, უნდა გაგრძელდეს თუ არა გადასახადი მთელი წლის განმავლობაში, ან დაემატოს თუ არა ისეთი თარიღები, როგორიცაა ვენეციის კარნავალი, როდესაც ქალაქი განსაკუთრებით გადატვირთულია.

წელს გადასახადი აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში 60 დღის განმავლობაში, პიკურ საათებში - 08:30-დან 16:00 საათამდე მოქმედებდა.

არსებობს მთელი რიგი გამონაკლისებიც. გადასახადისგან თავისუფლდებიან ადგილობრივი მცხოვრებლები, ვენეციაში დაბადებული ვიზიტორები, სტუდენტები, დასაქმებულები და ის ტურისტები, რომლებსაც სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი უკვე დაჯავშნილი აქვთ. ვიზიტორებს ვენეციაში გასატარებელი დღის "დაჯავშნა" სპეციალურ პლატფორმაზე შეუძლიათ.

ქალაქის საკვანძო წერტილებში, მაგალითად სანტა-ლუჩიას რკინიგზის სადგურთან, ოფიციალური პერსონალი QR-კოდებს ამოწმებს. ვიზიტორები, რომლებმაც საფასური არ გადაიხადეს ან არ დარეგისტრირდნენ გამონაკლისების სიაში, 50-დან 300 ევრომდე ჯარიმის რისკის ქვეშ არიან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი გაიზარდა|სად ვყიდით?

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი გაიზარდა|სად ვყიდით?

BM.GE

"მიწოდების ჯაჭვის ისე დამოკლება, რომ დისტრიბუცია არ არსებობდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია" - ლაშა რიჟამაძე

"მიწოდების ჯაჭვის ისე დამოკლება, რომ დისტრიბუცია არ არსებობდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია" - ლაშა რიჟამაძე

BM.GE

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 22-28 ივნისი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 22-28 ივნისი

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სტარტს 2027 წელს აიღებს

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სტარტს 2027 წელს აიღებს

BM.GE