
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 6-12 ივლისი
გთავაზობთ გასული კვირის - 6-12 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი "ლენდლორდის" მოდელით აშენდება
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას "ლენდლორდის" მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირავოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.
ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში. აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ.
"ეს არის ის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას"- კობახიძე ანაკლიის პორტზე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების განახლებული მოდელი სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და პორტში სხვადასხვა საერთაშორისო ოპერატორის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
"მე მინდა ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის მინისტრს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის გაგრძელება. თქვენ იცით, რომ ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად განიხილებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით და შემდეგ უკვე ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს შეეძლება გადაეცეს პორტი, რომელიც დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში. ეს არის ის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლიის პორტში და ეს არის მნიშვნელოვანი ანაკლიის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სავალუტო რეზერვები $116 მილიონით, $7.12 მილიარდამდე გაიზარდა
საქართველოს სავალუტო რეზერვები გასული თვის განმავლობაში 116 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 7.12 მილიარდ დოლარს მიაღწია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, სავალუტო რეზერვებში ფულადი სახსრების კომპონენტი გასულ თვეში 149 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ოქროს ღირებულება კი 29 მილიონი დოლარით შემცირდა და 1.01 მილიარდი დოლარი გახდა (რისი მიზეზიც გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასის კლებაა). რაც შეეხება SDR-ებს, მათი ღირებულება 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის უცვლელი იყო და კვლავ 472 მილიონ დოლარს შეადგენდა. საქართველოს სავალუტო რეზერვების ზრდის მთავარი განმაპირობებელი ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვაა. იანვარ-მაისში ჯამურმა შესყიდვებმა 1.46 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო უშუალოდ მაისში განხორციელებული სავალუტო შესყიდვების მოცულობა ცნობილი მიმდინარე თვსი 27 რიცხვში გამოქვეყნდება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის 20-მილიონიანი კონტრაქტი "სმარტ სოლუშენთან" გაფორმდა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული გამოვლინდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სატენდერო კომისიამ 6 ივლისს ტენდერებში გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" გამოავლინა. პროექტი სამ ლოტად დაიყო: ბესიკის ქუჩიდან - თავისუფლების მოედნამდე: 7,921,830 ლარი; სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ - ბესიკის ქუჩამდე: 5,781,000 ლარი; თ. ჭოველიძის ქუჩიდან - „მერანამდე“: 6,070,152 ლარი. ჯამი: 19,772,982 ლარი.
პლასტმასის ჭურჭელსა და კონტეინერებზე აკრძალვა 4 წლით გადავადდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 ივლისი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვა 2031 წლის თებერვლამდე გადავადდა. თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, რეგულაციის ამოქმედების ვადამ თითქმის ოთხი წლით გადაიწია.
საწვავის ფასის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა
საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია გაგრძელდა. გასულ დღეებში ქსელების უმეტესობაში რეგულარის, პრემიუმის, სუპერისა და დიზელის საწვავი დამატებით 5-10 თეთრით გაიაფდა. ამჟამად რეგულარის ფასი 3.35-3.55 ლარის, პრემიუმის - 3.55-3.69 ლარის, სუპერის - 3.80-4.12 ლარის, ხოლო დიზელის - 3.70-4.17 ლარის ფარგლებში მერყეობს. ივნისიდან დღემდე კი დიზელის საწვავზე სახეობებზე ჯამურმა შემცირებამ 20-30 თეთრს მიაღწია.
სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობისთვის 750-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი, რომლითაც საქართველო-სომხეთის და საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალი უნდა შეიცვალოს ოთხზოლიანი და გაზრდილი გამტარიანობის ახალი გზით. პროექტის საერთო ღირებულებაა 250 მილიონი ევრო (754 მლნ ლარი) და ის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) კრედიტით ფინანსდება.
გზის ამ მონაკვეთზე თავდაპირველად ტენდერი 2024 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მის ფარგლებში გამარჯვებულის გამოვლენა და მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 2026 წლის მარტში ტენდერი ოფიციალურად შეწყდა, რის მიზეზადაც დაბალი კონკურენცია დასახელდა. მიმდინარე წლის მარტში კი გამოცხადდა 19 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი გზის სამშენებლო ზედამხედველობის მომსახურებასთან დაკავშირებით. პარალელურად კი საქართველოს მთავრობამ განაგრძო გზის გაყვანისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვის პროცესი, რისთვისაც წელს დამატებით რამდენიმე ექსპროპრიაციაც გამოცხადდა.
ნატახტრიდან ჟინვალამდე 4-ზოლიანი ახალი გზის პროექტის გამო, მთავრობამ საგურამოში, წიწამურსა და სხვა სოფლებში მიწების გამოსყიდვა დაიწყო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნატახტრიდან ჟინვალის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც მთავრობამ მიწების გამოსყიდვის შესახებ გამოსცა განკარგულება. მიწების გამოსყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური და გარემოსდაცვითი ჩარჩო დოკუმენტის წესების შესაბამისად უნდა მოხდეს. ახალი მაგისტრალის სიგრძე 27 კილომეტრი იქნება და ის 4-ზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზშ ანგარიშის თანახმად, გზა გაივლის სოფლებს: წიწამურს, საგურამოს, ჭოპორტს, წითელსოფელს, არაგვისპირს, ბულაჩაურს, ქუბრიანთკარსა და ჟინვალს. პროექტი 16 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ყველაზე გრძელი 991 მეტრის ორი პარალელური ხიდი მდინარე არაგვზე გაივლის, ასევე მოეწყობა 415 მეტრის სიგრძის პანდუსი, ორი პარალელური 239-მეტრიანი ხიდი მდინარე თეზამზე, ორი პარალელური 271-მეტრიანი ხიდი მდინარე წირდალისხევზე, ორი პარალელური 139-მეტრიანი ხიდი მდინარე ახატნისხევზე, ასევე ორი პარალელური 106-მეტრიანი ხიდი მდინარე აბანოსხევზე.
საქართველოს რკინიგზამ 200 ვაგონის შესასყიდად გამოცხადებული ₾29-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა
საქართველოს რკინიგზამ შეწყვიტა 200 ერთეული სატვირთო ვაგონის შესასყიდად გამოცხადებული ₾29-მილიონიანი ტენდერი. ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში 2026 წლის 8 ივლისს გამოქვეყნდა, თუმცა გამოცხადებიდან რამდენიმე საათში შესყიდვების სისტემაში აიტვირთა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის შესახებ, რათა შესასყიდი ვაგონების სპეციფიკაციები დაზუსტდეს.
წინა ტენდერი 2026 წლის 24 თებერვალს იყო გამოცხადებული და მის ფარგლებში 120 ერთეული ვაგონის შესყიდვა იგეგმებოდა. ტენდერის ღირებულება 17.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ, თუმცა, ოთხივეს დისკვალიფიკაცია მოხდა პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო. ანალოგიური ტენდერი ორჯერ იყო გამოცხადებული 2023 წელს თუმცა მაშინაც დისკვალიფიკაციის გამო გამარჯვებული არ გამოვლენილა. შესაბამისად, არაერთი ჩავარდნილი თუ შეწყვეტილი ტენდერების გამო, საქართველოს რკინიგზა უკვე რამდენიმე წელია სატვირთო ვაგონების პარკს ვერ აახლებს.
ილჰამ ალიევმა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების და ტრანზიტის შესახებ ბრძანება დაამტკიცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც დამტკიცდა „აზერბაიჯანის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება“.
დოკუმენტს საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლებმა 2026 წლის 18 მაისს, ბაქოში მოაწერეს ხელი. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით შეთანხმება დღეს ოფიციალურად დამტკიცდა აზერბაიჯანის მხრიდან.
ბრძანებულების თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს მისი დებულებების შესრულებას, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას აცნობებს შეთანხმების ამოქმედებისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის პირობებს განსაზღვრავს.
BM.GE
წყარო: bm.ge