
გერმანიამ ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით იერიშში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა
გერმანიის მთავრობამ ლაიფციგის აეროპორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონებით თავდასხმის მცდელობაში მოსკოვი ოფიციალურად დაადანაშაულა და საპასუხო დიპლომატიური ზომები დააანონსა.
როგორც ირკვევა, საუბარია აგვისტოში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტთან სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილ სამ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელთაგან ერთი საბრძოლო მასალის გადამტანი უკრაინული თვითმფრინავის სიახლოვეს იმყოფებოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლი ბერლინის მიმართ უკვე ღია მტრობას ავლენს. მინისტრის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ ორმხრივი რთული ურთიერთობების კიდევ უფრო დაზიანება შეგნებულად გადაწყვიტა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გერმანიამ 18 სექტემბრიდან ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვისა და დედაქალაქში მოქმედი „რუსული სახლის“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, ბერლინი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებას და EU-ს მხრიდან სანქციების გაფართოებას ითხოვს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ გერმანიის სამართალდამცავი უწყებები მოსკოვისგან ახალი ჰიბრიდული შეტევების განხორციელებას ელიან.
პარალელურად, ბერლინის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მყისიერი მხარდაჭერა მოჰყვა. EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლაიფციგის ინციდენტს „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმი“ უწოდა.
კალასის თქმით, ევროპული მხარე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ 1600 ახალი სანქციის შემოღებას გეგმავს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ინციდენტი ევროპის დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა და გერმანიის მიერ შეთავაზებულ სანქციებს მხარი დაუჭირა. მოკავშირის მიმართ სრული სოლიდარობა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემაც გამოხატა.
ცნობისთვის, გერმანიის ხელისუფლებამ ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ სადაზვერვო სამსახურებს კონტრშეტევითი ოპერაციების წარმოების უფლება მიანიჭა.
BM.GE
წყარო: bm.ge