
"ღარიბებს გადასახადები უნდა მოეხსნათ" - ჯეფ ბეზოსი
ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა გავლენიან გამოცემა CNBC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მან თანამედროვე ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური ვითარება მრავალი კუთხით მიმოიხილა. აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის ქარხანაში ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუში, მსოფლიოში სიმდიდრით მე-4 ადამიანმა ისაუბრა საგადასახადო რეფორმის საჭიროებაზე, კოსმოსურ ინფრასტრუქტურაზე და გზებზე, რომლებიც ადამიანის საქმიანობას მეტად პროდუქტიულს გახდის.
აშშ "ორი ეკონომიკის" პირისპირ
მილიარდერის ინტერვიუ დაიწყო სიმდიდრის უთანასწოროდ გადანაწილებაზე და მის გარშემო საზოგადოებრივ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრით. ბეზოსმა განმარტა, რომ ქვეყანაში აშკარად ფიქსირდება "ორი ეკონომიკის" ნიშნები, რაც საზოგადოების ფენებს შორის ღრმა უთანასწორობით გამოიხატება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სექტორები "ყვავის", მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლას კვლავ ისეთი საბაზისო ხარჯების გასტუმრებისთვის აგრძელებს, როგორებიცაა ბინის ქირა თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტები. მისი თქმით, ამ სტრუქტურული პრობლემების პირდაპირ გადაჭრის ნაცვლად, პოლიტიკოსები რეგულარულად იყენებენ მოძველებულ და კარგად აპრობირებულ პოლიტიკურ ტაქტიკას – წარმოაჩენენ მილიარდერებს „ბოროტმოქმედებად“ და თავად ნაბიჯების გადადგმის მაგივრად, მათ აბრალებენ სისტემურ ჩავარდნებს. ბეზოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელის გაშვერა მხოლოდ ყურადღების გადატანას ემსახურება, რაც აფერხებს ქმედითი გადაწყვეტილებების შემოღებას.
გადასახადების გაუქმება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის
საყურადღებოა, რომ ინტერვიუში ბეზოსი არ შემოფარგლულა მხოლოდ კრიტიკით და წარადგინა კონკრეტული გამოსავალიც, რომელიც, მისი აზრით, ბევრ პრობლემას მოაგვარებს. მილიარდერის თქმით, გამოწვევების წინაშე მყოფი ოჯახებისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად, საჭიროა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე პირების გადასახადებისგან სრული გათავისუფლება. მან აღნიშნა, რომ სრულიად ალოგიკურია, როდესაც, თუნდაც, ქუინსში მცხოვრები მედდა, რომელიც ყოველწლიურად 75,000 აშშ დოლარს გამომუშავებს, 12,000-ზე მეტს გადასახადებში იხდის. მისი თქმით, ბიუჯეტში თანხის შემტანთა ქვედა ნახევარზე ფედერალური საგადასახადო შემოსავლების მხოლოდ 3% მოდის, შესაბამისად, მათი ჩახსნა სისტემიდან სახელმწიფოს დიდ დარტყმას არ მიაყენებს. მეტიც, ბეზოსის აზრით, შესაძლებელია, ეს ტვირთი საკუთარ თავზე კორპორაციებმა, კონკრეტულად, გადასახადების გაზრდით აიღონ.
"პრობლემა ბიუჯეტში არასაკმარისი შემოსავლები კი არა, მათი არასწორად განკარგვაა"
ფისკალურ პოლიტიკაზე საუბრისას, ბეზოსი კიდევ ერთ პრობლემას შეეხეო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არა შემოსავლების გენერირების, არამედ ამ გენერირებული თანხის სწორად განაწილების პრობლემა აქვს. მისი თქმით, ახლა გამოწვევა მთავრობის მხრიდან ხარჯვის კუთხით კომპეტენციის ნაკლებობაა და არა არასაკმარისი შემოსავლები. ამ მხრივ მან კონკრეტულ მაგალითად მოიყვანა ვითარება ნიუ-იორკის საგანმანათლებლო სისტემაში. კერძოდ, მოცემულობა, როცა ქალაქი ერთ სტუდენტზე 44,000 აშშ დოლარს ხარჯავს. ეს მაშინ, როცა მაიამიში იმავეს მიღწევა სამჯერ ნაკლები თანხის გაღებითაც ხერხდება. ბეზოსმა განსაკუთრებულ პრობლემად გამოაცხადა ის, რომ ნიუ-იორკის მიერ სტუდენტზე ამხელა თანხების გამოყოფის მიუხედავად, ქალაქში მერვე კლასის მოსწავლეების 72% შესაბამის დონეზეც კი ვერ კითხულობს ტექსტებს. მილიარდერი მიიჩნევს, რომ ფული ხმარდება არა მოსწავლეებს, არამედ გაბერილი ადმინისტრაციული მენეჯმენტის შენახვას.
"პირველი მილიარდის გამომუშავება ეთიკურადაც შეიძლება"
დღეს უკვე მსოფლიოში რიგით მე-4 უმდიდრესი ადამიანი გამოეხმაურა ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის იმ განცხადებებსაც, რომელთა თანახმადაც, ბეზოსი და მისი მსგავსი ბიზნესმენები პირველ მილიარდს "სუფთა გზით" არ შოულობენ. Amazon-ის დამფუძნებელმა პირდაპირ თქვა, რომ ამერიკა ნამდვილად არის ქვეყანა, სადაც სწორედაც ეთიკური გზითაა შესაძლებელი მილიარდერად ქცევა. ამ მხრივ, ბეზოსმა მოიშველია სწრაფი კვების ფრენჩაიზის, In-N-Out Burger-ის მაგალითი, როგორც სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება მომხმარებლის ნდობაზე აგებულმა, მაღალი ხარისხის შემთავაზებელმა რესტორანმა მის დამფუძნებლებს მრავალი მილიარდის მოგება მოუტანოს.
ფილანთროპია და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა
პირველი მილიარდის გამომუშავებაზე საუბრის შემდეგ ჯეფ ბეზოსმა საკუთარ ქონებაზეც ისაუბრა და CNBC-ს ეთერში დაადასტურა, რომ მისი ქონების, კერძოდ, $280 მილიარდის უდიდესი ნაწილი მისსავე სიცოცხლეშივე მოხმარდება ფილანთროპიას. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ქველმოქმედებაც კი ეფექტური უნდა იყოს და რომ ის დიდ ყურადღებას მოითხოვს. მულტიმილიარდერი მიიჩნევს, რომ რათა შემწეობის მიმღები არ უნდა იქცეს დამოკიდებულ პირად. მან დეტალურად ისაუბრა იმ 100-მილიონიან ფონდზე, რომელიც უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილ 30-დან 40-მდე თავშესაფარშს ყოველწლიურად უზრუნველყოფს და ემსახურება დევიზს "არცერთ ბავშვს არ უნდა ეძინოს გარეთ". ბეზოსის თქმით, ეს სოციალური სახლები შექმნილია არა იმისთვის, რომ მარადიულად შეინახოს უსახლკარო ადამიანები, არამედ იმისთვის, რომ იქ მოხვედრილებს მისცეს განათლება, პროფესიულად გადაამზადოს და, საუკეთესო შემთხვევაში 180 დღეში "ფეხზე დააყენოს". მისცემს მათ შესაძლებლობა, თავად დასაქმდნენ, გამოიმუშაონ ფული და დამოუკიდებლად განაგრძონ ცხოვრება.
კომერციული კორპორაციების საზოგადოებრივი ღირებულება
ბეზოსმა ბევრი ისაუბრა უშუალო, პირდაპირი ქველმოქმედების უპირატესობაზე და ისიც აღიარა, რომ სწორედ ეს გზაა ეფექტური რიგი საზოგადოებრივი გამოწვევების გასამკლავებლად, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ სწორად მართული კომერციული სუბიექტები ბევრად უფრო მდგრად ცივილიზაციურ ღირებულებას ქმნიან, ვიდრე ეს ფილანთროპიას შეუძლია. მან აღნიშნა, რომ ისეთი საწარმოები, როგორიცაა Amazon-ი, AWS-ი თუ Blue Origin-ი ბუნებრივად ქმნიან ჯანსაღ საბაზრო კონკურენციას და, შესაბამისად, ხელს უწყობენ იმ სიმდიდრის გენერირებას, რაც შემდგომ ისევაც საზოგადოებას ხმარდება.
შემცირებები The Washington Post-ში
ბეზოსმა გვერდი ვერ აურა კითხვას მის საკუთრებაში არსებულ გავლენიან გამოცემა The Washington Post-ში თანამშრომლების 30%-ის დათხოვნასთან დაკავშირებით. აღსანიშნაი, რომ მილიარდერმა მისი ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაამართლა და განმარტა, რომ თუ გაზეთს სურს, აქტუალურობა გრძელვადიანად შეინარჩუნოს, ის არ უნდა იქცეს საქველმოქმედო ორგანიზაციად და უნდა შეინარჩუნოს მკაცრი ფინანსური დისციპლინა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებების მიუხედავად, ე.წ. ნიუსრუმის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე დარჩა და რომ ცვლილება მხოლოდ არასაჭირო პერსონალს შეეხო.
როგორ აფასებს ბეზოსი დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადას?
სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი ბეზოსმა პრეზიდენტ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის შეფასებით დაასრულა. მილიარდერმა შტატების მოქმედი ლიდერი შეაფასა, როგორც "უფრო მომწიფებული და დისციპლინირებული ლიდერი", ვიდრე ის პირველი ვადისას იყო. ამასთან, მან თქვა, რომ კორპორაციულმა ლიდერებმა უნდა შეინარჩუნონ მკაცრად არაპარტიული მიდგომები, თუმცა, ამავდროულად, განაგრძონ თანამშრომლობა ხელისუფლებასთან. მეტიც, ბეზოსმა ხაზგასმით თქვა, რომ თეთრ სახლთან საუბარი, მისი ლიდერისთვის ობიექტური ბიზნეს ხედვების მიწოდება არის არა უბრალოდ სასურველი, არამედ ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით სავალდებულოც კი.
ხელოვნური ინტელექტი, სამუშაო ადგილების შემცირება და პროდუქტიულობის ზრდა
ხანგრძლივ ინტერვიუში ბეზოსმა ტექნოლოგიების განვითარებაზე და მასთან დაკავშირებულ როგორც ოპტიმისტურ, ისე პესიმისტურ მოლოდინებზე. მან კატეგორიულად უარყო პროგნოზები იმის თაობაზე, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები, რადიოლოგები თუ სხვა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროფესიის პირები ოდესმე AI-ს მიერ ჩანაცვლებას დაექვემდებარებიან. მეტიც, მან ხელოვნური ინტელექტი წარმოაჩინა არა როგორც საფრთხე, არამედ პროდუქტიულობის გაზრდის უნიკალური შესაძლებლობა. მან სამსახურებში AI-ს დანერგვა შეადარა მიწის ნიჩბით გამთხრელი ადამიანისთვის ბულდოზერის ჩუქებას. ბეზოსი მოელის, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღწეული ეკონომიკური ეფექტურობა შეამცირებს ცხოვრების ძირითად ხარჯებს.
"საინვესტიციო ბუშტები" ყოველთვის ცუდი არ არის
AI-ზე საუბრისას ბეზოსმა გვერდი ვერ აუარა ამ ინდუსტრიაში კაპიტალის უზარმაზარი ნაკადების შედინებას, რაც რიგ ეკონომისტებს ე.წ. საინვესტიციო ბუშტს აგონებს. ბეზოსმა გაიხსენა წარსულის მაგალითები, თუნდაც, 1990-იანი წლების "ბიოტექნოლოგიური ბუშტი", როგორც სიმბოლო იმისა, რომ მისი გასკდომისა და ინვესტორების დაზარალების შემთხვევაშიც კი, ის ინოვაციები, რასაც სარისკო ინვესტიციები უწყობს ხელს, საბოლოოდ, ცალსახად პოზიტიურად აისახება კაცობრიობასა და მის განვითარებაზე. მისი თქმით, რომ არა კოლოსალური საინვესტიციო რაუნდები, რიგ კომპანიებს ტექნოლოგიური სიახლეების გამოცდისა თუ დანერგვისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი ვერასდროს ექნებოდათ.
მონაცემთა ცენტრები კოსმოსში?
სწორედ მრავალმილიარდიანი დაფინანსებების რაუნდების დამსახურებით შეძლეს რიგმა აეროკოსმოსურმა კომპანიებმა მონაცემთა ცენტრების ორბიტაზე გატანის იდეის წარდგენა და მასზე მუშაოებს დაწყება. ერთ-ერთი ასეთი სტარტაპი ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ია, რომელზე საუბრისასაც მილიარდერმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროგრესი უახლოეს მომავალში მართლაც გზას უხსნის დედამიწის გარეთ ინფრასტრუქტურის შექმნას და მათ კომერციული ნიშნით გამოყენებას. თავად ამ ინოვაციის განხილვისას ბეზოსმა გამოყო რამდენიმე უპირატესობა, რაც ე.წ. დატა ცენტრების კოსმოსში განთავსებას ექნება. უპირველესია ის, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო ხარჯები მკვეთრად შემცირდება, რადგან სატელიტების ფორმის ცენტრებზე მიმაგრებული მზის ბატარეები ენერგიის უწყვეტ, უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს. ამასთან, დედამიწის მიღმა მფრინავი ობიექტები სრულად იქნებიან დაცულნი ატმოსფერული ამინდისგან. როგორც მილიარდერმა თქვა, მისი კომპანია ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და უახლოეს პერიოდში იდეას რეალობად აქცევს.
BM.GE
წყარო: bm.ge