
გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქეით ევარტ-ბიგსის და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე შარმიან ლივერს შეხვდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
"გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საბჭოს, როგორც სამინისტროს მრავალწლიანი პარტნიორის მნიშვნელოვან როლს და ყურადღება გაამახვილა ინგლისური ენის სწავლების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრანსნაციონალური განათლებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებებზე.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტი „Future English“, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაძლიერებასა და თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტრანსნაციონალური განათლების (TNE) მიმართულებით თანამშრომლობა და საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის განვითარება იყო.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა და განახორციელონ ახალი ერთობლივი ინიციატივები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის მოადგილე ქრისტიან დანკანი და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი ზაზა ფურცელაძე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE
წყარო: bm.ge