
რუსეთმა დრონებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა | ზელენსკის პასუხი
რუსული უპილოტო საფრენი აპარატი კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (სბუ) შენობაში, სბუ-ის უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ პოკლადის კაბინეტს მოხვდა. დარტყმის მომენტში გენერალი კაბინეტში არ იმყოფებოდა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდამ“ ჯერ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, მოგვიანებით კი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა.
გამოცემა წერს, რომ დარტყმის შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგების ლიკვიდაციაც ამჟამად მიმდინარეობს.
მოგვიანებით ზელენსკიმ დაადასტურა, რომ დარტყმა უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე განხორციელდა.
„დრონი მიმართული იყო პირდაპირ ამ შენობაში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კაბინეტისკენ. პოკლადს დავავალე, რომ რუსებს ამ დარტყმის ადეკვატურად, საგრძნობლად და, შეძლებისდაგვარად, სარკისებურად უპასუხოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
BM.GE
წყარო: bm.ge