
Google-ი კალიფორნიასა და ფლორიდაში 32 მილიონ კოღოს გაუშვებს - რას გეგმავს კომპანია?
Google-მა აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს, იგივე EPA-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 32 მილიონი სპეციალურად დამუშავებული კოღოს გაშვების გეგმა წარუდგინა. როგორც ირკვევა, ახალი ინიციატივა მიზნად სახიფათო დაავადებების გავრცელების შეჩერებას ისახავს.
პროექტი ბაქტერია Wolbachia-თი ინფიცირებული მამრი მწერების გამოყენებას ითვალისწინებს. ველურ ბუნებაში არსებულ მდედრებთან მათი შეჯვარების შედეგად კვერცხები აღარ გამოიჩეკება და პრობლემური მწერების პოპულაცია შემცირდება.
მეცნიერები აღნიშნავენ იმასაც, რომ ადამიანებს მხოლოდ მდედრი კოღოები კბენენ. შესაბამისად, გარემოში მილიონობით მამრი მწერის გაშვება მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს არ შექმნის.
საყურადღებო ფაქტია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ამ მასშტაბური ინიციატივისთვის ხელოვნურ ინტელექტსა და ავტომატიზებულ რობოტებს გამოიყენებს. სპეციალური სენსორები მდედრი მწერების მამრებისგან გამოყოფას უზრუნველყოფს. კომპანიის მთავარი სამიზნე დასავლეთ ნილოსის ვირუსის გადამტანი Culex-ის ჯიშის კოღოები იქნებიან. როგორც ირკვევა, ახალი ტექნოლოგიით მეცნიერებს დაავადების გამავრცელებელი ველური მწერების პრობლემის გრძელვადიანად გადაჭრა სურთ.
რაც შეეხება პროცესის იურიდიულ ნაწილს, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო პროექტს ამჟამად მხოლოდ სწავლობს და თავის პოზიციას რამდენიმე კვირაში დააფიქსირებს.
აღსანიშნია ისიც, რომ საზოგადოების ნაწილი მწერების მასობრივი გაშვების ეკოლოგიური შედეგების გამო შეშფოთებას გამოხატავს, თუმცა, მეცნიერების მტკიცებით, ბაქტერია Wolbachia ადამიანებისთვის საფრთხეს არ ქმნის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ექსპერტები დასახელებულ მწერებს ინვაზიურ სახეობებად მიიჩნევენ. სპეციალისტების შეფასებით, მათი განადგურების პროცესს ადგილობრივ ეკოსისტემაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება. შესაბამისად, ახალი ინიციატივა ქიმიური პესტიციდების ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად იქცევა.
ცნობისთვის, პროექტი Debug-ი კომპანია Alphabet-ის შვილობილმა ორგანიზაცია Verily-მ ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ეს ინიციატივა მიზნად სახიფათო ბიოლოგიურ საფრთხეებთან ტექნოლოგიური ინოვაციებით ბრძოლას თავიდანვე ისახავდა.
BM.GE
წყარო: bm.ge