
"გრინ ვილიჯ რეზორთსი" ორბეთთან სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს|პროექტის დეტალები
თბილისიდან 40 კილომეტრში, სოფელ ორბეთთან სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგმება. კომპლექსის საერთო ფართობი, რომელსაც შპს “გრინ ვილიჯ რეზორთსი” აშენებს, 10 481 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
საპროექტო ტერიტორია კონკრეტულად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოლოვანს ეკუთვნის. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა თეთრიწყაროს საკრებულომ უკვე დაამტკიცა.
პროექტი მოიცავს მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განვითარებას სოფელ ღოლოვანში, რომელიც წარმოადგენს სასტუმროს ფუნქციას და მოიცავს: ადმინისტრაციულ შენობას (რესტორნით, კაფე-ბარით, აუზითა და საუნით), ორ სპორტულ მოედანს (საფეხბურთო და საკალათბურთო), და ცალკე მდგომ კოტეჯებს.
დღეის მდგომარეობით საპროექტო ტერიტორია სრულად ცარიელი და გაუნაშენიანებელია. ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე და საავტომობილო გზა, ხოლო დანარჩენი მიმართულებით სრულად გარშემორტყმულია ტყის მასივით.
დღესდღეისობით მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ტიპს, თუმცა დაგეგმილია ნაკვეთის ტიპის ცვლილება არასასოფლო სამეურნეოდ.
განაშენიანების დეტალური გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორია დაიყოფა 10 მიწის ნაკვეთად, სადაც განთავსდება სასტუმროს ტიპის კოტეჯები. კერძოდ, სასტუმროს ბიზნესმოდელის მიხედვით, მესაკუთრის სურვილი არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო ერთეულებად დაყოფა. იქნება რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომლებიც შესაძლებელია გასხვისდეს, როგორც სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, თუმცა მისი მართვა მოხდება ადმინისტრაციული შენობის მეშვეობით.
ასევე, ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოეწყობა ავტოსადგომი 40 მანქანისათვის.
ზოგიერთ კოტეჯს ექნება ანტრესოლის სართული ან/და მეორე სართული და განკუთვნილი იქნება ერთი ოჯახის მისაღებად. თითოეულში 3-4 ადამიანი.
ცნობისთვის, სასტუმრო კომპლექსის გენერალურ გეგმაზე შპს "ზიარ არქიტექტურამ" იმუშავა. თავად შპს “გრინ ვილიჯ რეზორთსი” 2024 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 60%-ს საქართველოს მოქალაქე ანა გლურჯიძე, ხოლო 40%-ს ირანის მოქალაქე სადეღ ხომეირი ფლობს.
BM.GE
წყარო: bm.ge