
G&T-ს შეფასებით, 2030 წელს წლიური გენერაციის 6-10% მაინც ჭარბი იქნება - რაშია გამოსავალი
მოხმარების წლიური 3.4%- იანი ზრდისა და 2028 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 200 მგვტ-იანი ბატარეის ამოქმედების მიუხედავად, 2030 წელს წლიური გენერაციის 6-10% მაინც ჭარბი იქნება, - ნათქვამია „გალტ ენდ თაგარტის“ ახალ კვლევაში.
საინვესტიციო ბანკმა გამოაქვეყნა ენერგეტიკის სექტორის ახალი მიმოხილვა - „ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი: რა უნდა მოგვცეს ახალმა აუქციონმა?“, რომელშიც სისტემის ხარვეზები და საჭირო ნაბიჯებია გაანალიზებული.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ზაფხულის სიჭარბისას ყველაზე ეფექტიანი გზა ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის წახალისებაა, ყველაზე იაფი გამოსავალი კი ადგილობრივი მოხმარებაა.
„საქართველოში ბიზნესი ელექტროენერგიაში შინამეურნეობაზე საშუალოდ 13–24%-ით მეტს იხდის, ევროკავშირში კი - 37%-ით ნაკლებს. სეზონური ტარიფი ან ზაფხულში სისტემური საფასურების შემსუბუქება ბიზნესს სტიმულს მისცემს, მოხმარების ნაწილი ზაფხულში გადაიტანოს (მაგ., ფეროშენადნობები და მძიმე მრეწველობა)“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ თავად ენერგეტიკული ობიექტის მფლობელისთვისაც იაფად გაყიდვა შეზღუდვაზე უკეთესია.
„ექსპორტს ამჟამად ფასი ზღუდავს. 2026 წლის მაის-ივლისში თურქეთში საშუალო ფასი 3.5 ცენტი/კვტ.სთ იყო (წლიურად -46%), ექსპორტის სისტემური საფასური კი - 1.5 ცენტი/კვტ.სთ. შესაბამისად, სიჭარბის პერიოდში ექსპორტს ხელს შეუწყობს ექსპორტიორების სისტემური საფასურებისგან გათავისუფლება“ - მიიჩნევენ ორგანიზაციის ექსპერტები.
BM.GE
წყარო: bm.ge