
GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა Petrocas Energy Group-ის მმართველ პარტნიორთან, ივანე ნაკაიძესთან შეხვედრა გამართა.
Petrocas Energy Group-ი ცენტრალურ აზიასა, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ნავთობპროდუქტებისა და საწვავის ლოგისტიკასა და ვაჭრობაზე სპეციალიზდება. კომპანია ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდ GULF-ის ექსკლუზიურ რეგიონულ პარტნიორსა და ლიცენზიატს.
შეხვედრაზე მხარეებმა უზბეკეთში ავტოგასამართი სადგურების ქსელისა და თანამედროვე საწვავის ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
უზბეკეთის ოფიციალური უწყება წერს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ავტომაგისტრალების გასწვრივ ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ავტოგასამართი სადგურებისა და გზისპირა მომსახურების კომპლექსების მოწყობას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელების დაჩქარებაზე, ასევე უზბეკურ ბაზარზე წამყვანი ამერიკული კომპანიებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვაზე.
BM.GE
წყარო: bm.ge