გვქონდა დაპირება, რომ რუსეთი შვიდივე ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა - კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ რუსეთი ქართულ კომპანიებს სანქციების სიიდან ამოიღებდა, რადგან შესაბამისი დაპირება "რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" თავმჯდომარის - იური ბალაშოვისგან ჰქონდათ მიღებული.
ჟურნალისტებმა პრემიერს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა წინასწარი ინფორმაცია რუსეთის მიერ კიდევ ორი ქართული კომპანიის შესაძლო დასანქცირების შესახებ და იცოდა თუ არა თბილისში გამართული წინასწარი შეხვედრის შესახებ, რომელიც პრორუსმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ ახსენა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვიდრე მისი სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი რუს კოლეგა მიხეილ გალუზინს მინსკში შეხვდებოდა, ქართულ მხარეს შეხვედრა ჰქონდა მიხეილ ბალაშოვთან, რომლის ინფორმაციითაც რუსეთს მანამდე დასანქცირებული შვიდივე ქართული კომპანია სანქციებისგან უნდა გაეთავისუფლებინა. კობახიძემ თქვა ისიც, რომ რუსეთის მხრიდან პირობა რამდენჯერმე შეიცვალა.
"თბილისში იყო ტექნიკური დონის მოლაპარაკებები, სადაც [იური ბალაშოვთან] საუბარი გვქონდა სწორედ ღვინის საკითხზე. მისი მხრიდან იყო დაპირება, რომ წლის ბოლომდე ყველა კომპანია სანქციების სიიდან ამოღებული იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით მისი პოზიციაც შეიცვალა და შემდეგ უკვე გალუზინთან შეხვედრაზეც ანალოგიური პოზიცია მოვისმინეთ, რაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. თავიდან იყო ერთი დაპირება, შემდეგ ეს შეიცვალა, რაც სამწუხაროა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ "გაოგნებულია" შეფასებებით, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინთან პირველი შეხვედრის შეჯამებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში/საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა გააკეთა.
ფიფიას მტკიცებით, ზურაბაშვილმა უკვე თბილისში, ანუ მინსკში გამგზავრებამდეც იცოდა, რომ რუსეთი კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავდა, რადგან ქართულ მხარეს ამის შესახებ წინასწარ "მეგობრულ ფორმატში განუმარტეს".
„გაოგნებული ვარ ბატონი გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელი განცხადებით. რა საჭირო იყო ასეთი დემარში - გაუგებარია. ბატონ გიორგის ჯერ კიდევ თბილისში მოახსენეს და გააფრთხილეს მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, რომ არის კიდევ ორი კომპანია ("ვინივერია" და "შატო მუხრანი"), რომელიც მოხვდება შეზღუდვების ქვეშ; აუხსნეს მექანიზმები, აუხსნეს პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა სასანქციო რეჟიმიდან... იგივე აუხსნა [გიორგი ზურაბაშვილს] მინსკში ბატონმა გალუზინმა, თან მაქსიმალურად მეგობრულად და სხვათა შორის, გალუზინმა გააკეთა გუშინ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კომპანიები მაქსიმალურად იქნებიან წარმოდგენილები რუსეთის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, რა საჭირო იყო ეს და რას ემსახურება ეს [გიორგი ზურაბაშვილის] განცხადება - გაუგებარია ჩემთვის პირადად“, - ამბობს ფიფია Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამასთან, პრორუსი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის მტკიცებით, რუსული სანქციების ქვეშ უკვე მოხვედრილი ქართული კომპანიები "რუსეთის ოფიციალურ უწყებებთან თანამშრომლობენ, რათა შეზღუდვები მოეხსნათ".
ცნობისთვის: როგორც გიორგი ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, გალუზინთან საუბრამდე მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართული კომპანიების მიმართ სანქციები მოიხსნებოდა, თუმცა ამის ნაცვლად შეხვედრაზე შეიტყო, რომ რუსეთის მხარე კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავდა.
„რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“, - განაცხადა ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში გალუზინთან შეხვედრის შინაარსსა და შედეგებზე საუბრისას.
შეგახსენებთ: 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“. ამის შემდეგ, 27 ოქტომბერს პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ bm.ge-სთან საუბარში თქვა, რომ რუსეთმა თავის ბაზარზე სასმელის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა.
რაც შეეხება ზურაბაშვილი-გალუზინის პირველ შეხვედრას, რომელიც 19 ნოემბერს რუსეთის მოკავშირე ბელორუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა, ადგილის გარდა, მას "აბაშიძე-კარასინის" პრაღის შეხვედრების ფორმატისგან ის მნიშვნელოვანი დეტალიც განასხვავებს, რომ ქართული მხარის წარმომადგენელს პრემიერის სპეცწარმომადგენლის სტატუსის გარდა, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობაც უკავია - კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.
