
გზების მოვლისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნა კატასტროფაა... ეკონომიკიდან ბიზნესის გამოდევნა ხდება|ფინანსისტი
ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნა კატასტროფაა.
“სახელმწიფო კაპიტალიზმის ფორმას გვთავაზობენ”, - თქვა მან BMGTV-ის ტელეპროექტ #წერტილში საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის შეფასებისას.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და უკვე პარლამენტში განიხილება გზების დეპარტამენტის ავტორობით საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით, ახალ სახელმწიფო კომპანიას დააფუძნებს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ. პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გზების მოვლა-შეკეთებას სახელმწიფო კომპანია კერძოზე უკეთ შეძლებს.
კანონპროექტი ყოველგვარი რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) გარეშე მომზადდა და როგორც ირკვევა, ახალ სახელმწიფო კომპანიას ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი ექნება გამოყოფილი დასახარჯად. ეს არის ბიუჯეტი, რომლითაც დღეს ბაზარზე სხვადასხვა კერძო კომპანია ოპერირებს და სამუშაოებს ტენდერების გზით ასრულებს.
ფინანსისტმა მკაცრად შეაფასა ხელისუფლების ეკონომიკურ ხედვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის ფუნქციების შეთავსება ეკონომიკისთვის დამღუპველია.
- ეს კატასტროფაა. თავისთავად კატასტროფაა, რომ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თავში შეიძლება ისეთი აზრი ჰქონდეს, თითქოს სახელმწიფო კომპანია რატომღაც უკეთესად გააკეთებს რამეს, ვიდრე - კერძო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ ხდება...
- უფრო მოქნილი იქნება, ტენდერის გამოცხადება არ დაგვჭირდებაო და სადაც გზას მოვლა თუ რეაბილიტაცია დასჭირდება, ოპერატიულად ვიმოქმედებთო - ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს მათი ლოგიკა.
- ნუ, ასე თუ მივუდგებით ბიზნესსა და ეკონომიკას, მაშინ ყველაფერი ერთ სახელმწიფო კომპანიაში გავაერთიანოთ, “მოქნილები” ვიქნებით და საბჭოთა კავშირიც ეგ იქნება. რა დოვლათიც მოჰქონდა საბჭოთა კავშირს, თქვენ ახლა არ გახსოვთ, ბუნებრივია, მაგრამ მე მახსოვს და არავის ვურჩევ მის გამოცდას, ვისაც არ ახსოვს… უნდა ვაღიარო, იგივე ირაკლი კობახიძემ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ერთი-ორი სწორი რამ თქვა - მაგალითად ის, რომ უსარგებლო პროექტია, რომლითაც ბოროტად სარგებლობენ. ეს სწორი აქცენტი იყო, ანუ, რაღაც თვალსაზრისით, ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით, მაგრამ მეორე მხრივ - ორი ნაბიჯი უკან, რადგან აგერ გზების სახელმწიფო კომპანიის შექმნა დაგვიანონსა.