მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Herspace - რას სთავაზობს აპლიკაცია მომხმარებელს?
Herspace - რას სთავაზობს აპლიკაცია მომხმარებელს?

Herspace - რას სთავაზობს აპლიკაცია მომხმარებელს?

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 04:16|bm.ge

ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე ქალებისთვის შექმნილი ახალი აპლიკაცია Herspace გამოჩნდა, რომელიც ციფრულ დღიურს, AI-ს, მედიტაციებს, ასტროლოგიურ და ტაროს ინსტრუმენტებსა და ონლაინ საზოგადოებას აერთიანებს. მისი დამფუძნებელი კი მარიამ ბენდელიანია - ყოფილი HR, რომელმაც პროგრამირება დამოუკიდებლად, საკუთარი შვილის მოვლის პარალელურად შეისწავლა და აპლიკაცია თავად შექმნა.

როგორც მარიამ ბენდელიანი BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი” ამბობს, ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი HR-ში მუშაობის პერიოდშიც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ პროფესიის შეცვლა და პროგრამირების საფუძვლიანად სწავლა გადაწყვიტა.

„HR-ში დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. თავიდანვე ძალიან მიტაცებდა ტექნოლოგიები და ბოლო წლებში პარალელურად ცოტას ვსწავლობდი ჩემით. შემდეგ გადავწყვიტე, სამსახურიდან წამოვსულიყავი, რადგან მინდოდა საფუძვლიანად მესწავლა პროგრამირება“, - ამბობს ბენდელიანი.

როგორც ის ამბობს, მისთვის ყველაზე რთული ეტაპი სწავლისა და დედობის ერთმანეთთან შეთავსება აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა იდეაც, რომელიც მოგვიანებით Herspace-ად იქცა.

“Backend (ვებსაიტის ან აპლიკაციის უხილავი ნაწილია, რომელიც მართავს მონაცემებს, ლოგიკასა და სერვერულ მუშაობას) ვისწავლე ჩემით. ყველაზე რთული ალბათ ის იყო, რომ ორსულობასა და ბავშვის მოვლასთან ერთად ვსწავლობდი და თან პროექტებს ვაკეთებდი. ძირითადად, ბავშვს რომ ეძინა, მაშინ შემეძლო მუშაობა. ალბათ იდეაც აქედან გაჩნდა - მინდოდა, ქალებს ჰქონოდათ ისეთი უსაფრთხო სივრცე, როგორიც, მაგალითად მე მჭირდებოდა“, - აღნიშნავს ის.

მისივე ინფორმაციით, Herspace-ის კონცეფცია სწორედ ამ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. აპლიკაციაში მომხმარებელს პირადი ციფრული დღიური აქვს, სადაც ჩანაწერები თარიღების მიხედვით ინახება და ემოციების გაანალიზებაში ეხმარება.

ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი Dagi AI. როგორც დამფუძნებელი განმარტავს, ის თერაპევტის როლს არ ასრულებს და მომხმარებლისთვის მზა პასუხების გაცემაზე მეტად საკუთარი აზრების დალაგებაში ეხმარება.

„Dagi AI არ არის თერაპევტი. ის გეხმარება, რომ შენი აზრები დაალაგო და ისეთ კითხვებს გისვამს, რომლებიც გეხმარება, თავად მიხვიდე იმ გადაწყვეტილებამდე, როგორ დაალაგო ეს ყველაფერი“, - ამბობს ბენდელიანი.

აპლიკაციაში ასევე არის community space - სივრცე, სადაც ქალებს ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარება როგორც ანონიმურად, ისე ღიად შეუძლიათ. გარდა ამისა, Herspace-ში მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ მედიტაციის პრაქტიკებით სარგებლობა, ასტროლოგიური და ტაროს ინსტრუმენტების გამოყენება. თუმცა დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ ამ ფუნქციებს წინასწარმეტყველების საშუალებად არ განიხილავს.

„არც ასტროლოგიას და არც ტაროს არ ვუყურებ როგორც წინასწარმეტყველებას, ცრურწმენას ან რაღაც მაგიურს. ჩემთვის ეს უფრო თვითდაკვირვების ინსტრუმენტებია, რომლებიც გეხმარება, კითხვებისა და სიმბოლოების საშუალებით, უფრო მეტად დაუკვირდე საკუთარ ემოციებს“, - განმარტავს ის.

მისი თქმით, პლატფორმის პირველი ვერსიის, MVP-ის გაშვებამდე, ბენდელიანი პროდუქტის განვითარების პროცესს LinkedIn-ზე აქტიურად აზიარებდა. ამ გზით მან პირველი მომხმარებლები და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები შემოიკრიბა, რომელთა რჩევებსაც პროდუქტის შექმნისას ითვალისწინებდა.

როგორც ის ეთერში საუბრობს, პირველივე ეტაპზე Herspace-მა როგორც დადებითი, ისე კრიტიკული შეფასებები მიიღო. მათ შორის, კითხვები გაჩნდა იმის შესახებაც, თუ რამდენად თავსებადია ასტროლოგიისა და ტაროს ფუნქციები wellness აპლიკაციასთან.

„ძალიან ბევრი დადებითი შეფასება წამოვიდა პირველივე MVP-ის დროს. იყო უარყოფითი შეფასებებიც, რამდენიმე ადამიანისგან, რადგან კითხულობდნენ, რატომ არის ასტროლოგია და ტარო wellness აპლიკაციაში. ამაზე ხშირად ვსაუბრობ და მინდა, ნელ-ნელა მივაწვდინო მომხმარებლებს ხმა, რატომ მაქვს ეს ფუნქციები აპლიკაციაში“, - ამბობს ბენდელიანი.

ამ ეტაპზე Herspace-ის უკან ცალკე დეველოპერული ან მარკეტინგის გუნდი არ დგას. დამფუძნებელი თავად ასრულებს პროდუქტის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფუნქციას - პროგრამირებიდან დიზაინამდე და მარკეტინგამდე : „მარტო ვარ - მარკეტინგიც მე ვარ, პროდუქტის მფლობელიც, Backend-ც, Front-end-ც, დიზაინერიც, ყველაფერი ჩემს თავზეა“, - ამბობს ის.

პლატფორმის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ბენდელიანი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცვას მიიჩნევს. მისი თქმით, Herspace-ში მომხმარებლები საკმაოდ სენსიტიურ ინფორმაციას აზიარებენ, ამიტომ უსაფრთხოება პროდუქტის შექმნის პირველივე ეტაპიდან პრიორიტეტი იყო.

„თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის უსაფრთხოება, იმიტომ, რომ მომხმარებელი ამ აპლიკაციაში ძალიან სენსიტიურ ინფორმაციას აზიარებს. შესაბამისად, ყველანაირი ბერკეტით დაცულია ეს ყველაფერი და საჯარო არ არის“, - აღნიშნავს დამფუძნებელი.

მისივე თქმით, მომხმარებელს შეუძლია საკუთარ მონაცემებზე კონტროლის შენარჩუნება - მათ შორის, მონაცემების ექსპორტი და ანგარიშის წაშლა. ავტორიზაციისთვის კი გამოყენებულია Google-ისა და Apple-ის სისტემები, ხოლო ელექტრონული ფოსტით რეგისტრაციის შემთხვევაში პაროლი ჰეშირებული (მონაცემების სპეციალური ალგორითმით უნიკალურ კოდად გარდაქმნის პროცესია) სახით ინახება.

რაც შეეხება ბიზნესმოდელს, დამფუძნებლის თქმით, Herspace-ის მონეტიზაციის ძირითადი მიმართულება subscription-ია. აპლიკაციაში გარკვეული ფუნქციები ფასიანია, თუმცა, როგორც დამფუძნებელი ამბობს, მათი ღირებულება ამ ეტაპზე სიმბოლურია.

ბენდელიანი სტარტაპის განვითარებას მხოლოდ ქართულ ბაზარს არ უკავშირებს. Herspace-ს უკვე ჰყავს რამდენიმე უცხოელი მომხმარებელიც და სამომავლო გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, რა თქმა უნდა, მინდა. ნელ-ნელა მყავს უცხოელი მომხმარებლებიც, ოღონდ ბევრი არა. ამასაც დრო სჭირდება. შემოსავლის წყაროდ ჯერჯერობით subscription-ის ფუნქციებს განვიხილავ“, - ამბობს ის.

მისი ხედვით, განვითარების შემდეგი ეტაპი აპლიკაციის კიდევ უფრო პერსონალიზებული გახდომა და მომხმარებლისთვის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების გაზრდაა.

ბენდელიანის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე Herspace-ისთვის შესაძლებლობა არსებობს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მიმართულების ცალკეული აპლიკაციები უკვე არსებობს, მის მიერ შექმნილი ფუნქციების ერთ სივრცეში გაერთიანებული ვერსია, მისი შეფასებით, ბაზარზე ჯერ ფართოდ არ არის წარმოდგენილი.

„მსგავსი აპლიკაციები, რა თქმა უნდა, არსებობს, უბრალოდ, ამდენი ფუნქციონალით ერთად გაერთიანებული ჯერ არ არის. ქართულ სივრცეში კი საერთოდ არ არის“, - აცხადებს Herspace-ის დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე მარიამ ბენდელიანის მთავარი მიზანი პლატფორმის განვითარება, მისი კიდევ უფრო პერსონალიზება და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის შეთავაზებაა - სტარტაპი კი, რომელიც ერთი ადამიანის იდეითა და თვითნასწავლი პროგრამირებით დაიწყო, ეტაპობრივად დამოუკიდებელ ტექნოლოგიურ პროდუქტად ყალიბდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

BM.GE

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

BM.GE

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

BM.GE

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE