![სასტუმრო ბიზნესი მოგებიანი აღარ არის, სექტორის [საინვესტიციო] მიმზიდველობა შემცირდა - პაატა კოკაია](https://bm.ge/uploads/files/2026/04/09/309316/paata-kokaia_w_h.jpeg)
სასტუმრო ბიზნესი მოგებიანი აღარ არის, სექტორის [საინვესტიციო] მიმზიდველობა შემცირდა - პაატა კოკაია
„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის განცხადებით, საქართველოში სასტუმრო ბიზნესის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირებულია.
როგორც პაატა კოკაიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში სექტორის უკუგება მკვეთრად შემცირდა, რადგან ბაზარზე სასტუმრო ნომრების ჭარბი მიწოდებაა.
კოკაია აღნიშნავს, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა მზარდია, თუმცა მიწოდება იმდენად გაიზარდა, რომ მოთხოვნა ვეღარ ეწევა. „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, როგორც წესი, სასტუმროების საბანკო კრედიტებს კომპანიები სხვა ბიზნესებიდან აფინანსებენ.
“ჩვენ ინვესტიცია წელსაც განვახორციელეთ, გუდაურში ერთი კორპუსი მთლიანად გავარემონტეთ, ავეჯი შევცვალეთ, თუმცა ახალი სასტუმროების აშენებას ჩვენ არ ვგეგმავთ, იმიტომ რომ ეს ბიზნესი აღარ არის მოგებიანი, აღარ არის მიმზიდველი. სასტუმროს აშენება და გარემონტება საკმაოდ ძვირი ჯდება, ხოლო უკუგება ძალიან დაბალი აქვს. შესაბამისად, ჩვენ პირიქით, სხვა ბიზნესებიდან ვცდილობთ არსებული კრედიტების დაფარვას და ვფარავთ კიდეც.
ტურისტების ნაკადი საქართველოში იზრდება, თუმცა გვაქვს ჭარბი მიწოდება, ძალიან ბევრი ნომერია. ვნახეთ კიდეც, რომ ზამთარში ძალიან ბევრი სასტუმრო ან დაიკეტა ან გაჩერდა. ბევრი სასტუმრო იყიდება კიდეც. დღეს შეგიძლიათ სასტუმრო უფრო იაფად იყიდო, ვიდრე ააშენო და ამიტომ მე აზრს ვერ ვხედავ, [ამ ბიზნესში] ახალი ფულის ჩადების. სასტუმრო ბიზნესი კრედიტებს ვერ “იტანს”. ყველაზე დიდი რაც შეიძლება სასტუმრო ბიზნესმა “აიტანოს” [გადახდა შეძლოს], ეს არის ერთ კვადრატულ მეტრზე 200 დოლარი. დანარჩენი, უფრო მეტი მაღალი კრედიტი თუ გაქვთ, აუცილებლად სხვა ბიზნესებიდან მოგიწევთ ფულის მოტანა”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.