
"ჰუმანიტარული და ბიზნესინტერესები დაემთხვა" - როგორ ყიდის "სოლიდუსი" საწვავს აფხაზეთში|ინტერვიუ გიორგი არველაძესთან
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტის გამწვავების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებულმა სპეციალური სტატუსის მქონე კომპანია „სოლიდუსმა“ ბოლო დღეების განმავლობაში, ოკუპირებულ რეგიონში 400 ტონა საწვავი გაყიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი არველაძე ამბობს, ეს აფხაზეთში საწვავის გაყიდვის პირველი შემთხვევა იყო და მოთხოვნის არსებობის პირობებში, საწვავის მიწოდებას გააგრძელებს.
კომპანიის მფლობელისგან ოკუპირებულ რეგიონში საწვავის გაყიდვის შესახებ დასტური BM.GE-მ 13 აგვისტოსვე მიიღო, თუმცა კითხვები იმის შესახებ - იყო ეს ჰუმანიტარული აქტი თუ ბიზნესგარიგება, ვისგან შეიძინა „სოლიდუსმა“ საწვავი, ვის მიჰყიდა აფხაზეთში და როგორ მოხდა ანგარიშსწორება - პასუხგაუცემელი დარჩა. ამ და სხვა კითხვებით BM.GE-მ კომპანიის დამფუძნებელს გიორგი არველაძეს მიმართა. ჩვენთან საუბრისას „სოლიდუსის“ მფლობელი აცხადებს, რომ საწვავს აფხაზეთში, კონკრეტულად კი გალის რაიონში არაორგანიზებული ბაზრის მონაწილეებზე ყიდის და დეფიციტი, რომელიც ადგილზე არსებობს, მხოლოდ 300 ტონის მიწოდებით ვერ შეივსება. მისი ინფორმაციით, კომპანია საწვავის გაყიდვას მანამდე გააგრძელებს, სანამ მოთხოვნა და გადახდის შესაძლებლობა იარსებებს. გიორგი არველაძე იმასაც ამბობს, რომ საქართველოში საწვავს კომპანია „რეფსოლისგან“ ყიდულობს, რადგან ეს კომპანია მას საუკეთესო ფასს სთავაზობს. ამასთან, ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ მისი საქმიანობა სრულად კანონიერია.
• BM.GE-სთან საუბრისას, თქვენ აღნიშნეთ რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტის გამო იქმნებოდა ჰუმანიტარული კრიზისი. რეალურად ეს იყო ჰუმანიტარული აქტი თუ ბიზნესგარიგება, რომელიც მათი საჭიროებებიდან გამომდინარეობდა?
ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტერესები და ჰუმანიტარული აქტი დაემთხვა ერთმანეთს. ჰუმანიტარული აქტი ამ შემთხვევაში არის, რომ მთავრობამ ამას არ შეეწინააღმდეგა... მე არავისთვის არაფერი მიჩუქებია, იმათმა - ჩემმა პარტნიორებმა თავის ფულით იყიდეს ეს ბენზინი.
და ეს პარტნიორობა როგორა არის იცით? ერთი და ორი კაცი კი არაა, არამედ გალის რაიონის ნავთობგასამართი სადგურებია. ფული შეაგროვეს და ერთად ყიდულობენ. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზ და ქართველებს შორის ბიზნესტრანზაქციები? ობიექტური რეალობა ძალიან რთულია. ობიექტური რეალობა, რომ ძალიან რთული არის, ამას ისიც ადასტურებს, რომ აფხაზურ მხარეს არასდროს გაუკეთებია განცხადება, რომ საქართველოდან ჩვენ ამას ვყიდულობთ. არასდროს, არ მომხდარა. უპრეცედენტო განცხადება გააკეთეს...
• თუმცა მათ განაცხადეს, რომ ალტერნატიული ბაზრებიდან შეიტანეს საწვავი... ბატონო გიორგი, კონკრეტულად თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ, ვისგან იყიდეთ საქართველოში საწვავი?
"რეფსოლისგან" ვიყიდე. ვინც კარგ ფასს მომცემს, იმისგან ვიყიდი-თქო და თუ გაქვთ სურვილი შემომთავაზეთ-თქო.
• და იქ ვის მიყიდეთ?
იქ ცოტა სხვა რეალობაა. ასეთი დალაგებული ორგანიზებული ბაზარი არ არის ჯერ, როგორც აქაა... კერძო მესაკუთრეების ბენზინგასამართი სადგურებია, როგორც ეს საქართველოში 20 წლის იყო. ერთ ოჯახს სამი ბენზინგასამართი აქვს, ოთხი - მეორეს, ხუთი - მესამეს და ასე. სანქცირებული ზონაა და ახლა მანდ ერთადერთი ორგანიზებული ქსელი რუსული „როსნეფტის“ არის. დანარჩენი არის სულ პატარ-პატარა ბენზინგასამართი სადგურები, რითეილერები, რომლებიც დარჩნენ საერთოდ უნავთობოდ, იმიტომ რომ რუსეთი „როსნეფტს“ ცოტ-ცოტას აწვდის, ბევრს ვერა, რადგან ლიმიტირებული იყო. გალის და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა ისე დარჩა, რადგან პატარა ბენზინგასამართი სადგურები აქვთ.
• რა ვალუტაში მოხდა ანგარიშსწორება და რა ფასად მიჰყიდეთ საწვავი მათ?
ანგარიშსწორება ლარში მოხდა. ისინი გადმოდიან ფულს ახურდავებენ და ლარში მოაქვთ, რა პრობლემაა...
• ლიტრი რა ფასად გაყიდეთ? ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალში გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 3 ლარი გახდაო...
მარტივად აგიხსნით, დღეს რომ იკითხო გალში რა ღირს ბენზინი, აქამდე იყო იაფი, მაგრამ რატომ იყო იაფი? ზოგადად, რუსული ნავთობი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან საწვავი. მათ შორის ჩვენთან ნავთობპროდუქტებში, ბენზინში გადასახადები, აქციზიც შედის. ახლა გალის რაიონში უკვე გაძვირდებოდა საწვავი, რადგან აქედან რომ შევიტანეთ, ზუგდიდის ფასები გახდა უკვე.
• ადგილობრივების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ არანაირი პრობლემა არ გადაჭრილა და გასამართ სადგურებზე ისევ არის დეფიციტი...
კი ბატონო, პრობლემა კიდევ იქნება, რადგან გალის ოლქში დღიური მოხმარება 400 ტონაა და ახლა 300 და 400 ტონით რა პრობლემა უნდა გადაჭრა, ერთი დღის მოხმარებაა სულ?!
• აქედან გამომდინარე, აპირებთ თუ არა მომავალშიც მიწოდებას და თუ არის მოთხოვნა უკვე შემოსული, რა მოცულობებზეა?
ეს მოთხოვნა დამოკიდებულია იმაზე, როგორ ფორმაში იქნება რუსეთის ნავთობის ინდუსტრია. ჯერჯერობით, კარგ ფორმაში არ არის და თუ ეს ფორმა კიდევ უფრო გაუარესდება, კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა. დღეს ოკუპირებულ რეგიონს საწვავის მიღების ორი ალტერნატივა აქვს: ან უნდა იყიდონ საქართველოდან პატარ-პატარა პარტიებით, ან თურქეთიდან უნდა შევიდეს გემით. მე მგონი, ჯობია, ჩვენ მივაწოდოთ აფხაზებს, ვიდრე თურქეთიდან შევიდეს გემი.
• შესაბამისად, გაიტანთ თუ არა კიდევ დამატებით მოცულობებს?
მოთხოვნა ყოველდღიურია. 100, 150, 200 ტონა... ყოველდღეა მოთხოვნა. სანამ ეს კრიზისი არის, მოთხოვნა იქნება. სანამ ეს კრიზისი იქნება, მე მზად ვარ, რომ მოვამარაგო, მაგრამ ფული თუ ეყოფათ, კი. უფასოდ ეს არ ხდება. არავინ არაფრის ჩუქებას არ აპირებს. თვითონაც არ უნდათ საჩუქრები, ყიდულობენ.
• საგადასახადო კოდექსის 24-ე სეკუნდა მუხლი არეგულირებს სპეციალურ საწარმოს უფლებამოსილებებს. ხომ არ ირღვევა საწვავის მიწოდებით ეს კანონი?
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიას ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური ნაწარმის შემოტანის უფლება არ აქვს, რადგან ეს კონტრაბანდად ითვლება. მე შემოტანით არ ვარ დაკავებული, მე ვარ გატანით დაკავებული და გატანის შემთხვევაში ყველა გადასახადები რჩება აქ - საქართველოში.
• თქვენ თქვით, რომ შვიდი წელია დაახლოებით, რაც ოკუპირებულ აფხაზეთს სხვადასხვა პროდუქტს აწვდით. მათ შორის არის აგროპროდუქციაც - რა ტიპის პროდუქტს აწვდით და რამდენად სკრუპულოზურად ხდება თვითონ ე.წ. საზღვარზე ამ პროდუქტის შემოწმება?
ვაჭრობა იქ არ გაჩერებულა 23 წელია. ძირითადად, აქედან იქით გადადის პროდუქცია, თუმცა ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე რამდენიმე წელია მიეცა. აქამდე, გალის მოსახლეობას ჩანთებით გადაჰქონდათ. მაგალითად, ბანანი რომ იყიდო და გაიტანო რატომ უნდა გაიტანო ჩანთით, როცა შეიძლება გაიტანო მანქანით.
• რაც შეეხება საწვავს - ბენზინს, თქვენ თქვით ცხრა ცისტერნა გავიტანეთო ამ დღეების განმავლობაშიო, ანუ 300 ტონა...
300 ტონა ეს გუშინ ვთქვი, გუშინ დამატებით 100 ტონა კიდევ გავიტანეთ, დღეს ჯამში 400 ტონა გვაქვს უკვე გატანილი.
• ტრანსპორტირებას თქვენ ახდენთ თუ ქირაობთ?
ქართული ტრანსპორტით ხდება ტრანსპორტირება ქართველი მძღოლებით.
• და ეს ნებართვები გაცემულია და დოკუმენტაცია სრულად მწყობრშია, რომ შეძლონ ქართველმა მძღოლმა გადასვლა?
რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება საქართველოს კანონმდებლობით. ყველაფრის ფულს ჩვენ ვიხდით. ახლა ვინ რას გაგიკეთებს ისე, მით უმეტეს იქით [ოკუპირებულ ტერიტორიაზე], რომ გადადიან გარანტიებია და მათ შორის კიდევ დამატებით საფასურს ვიხდით - ეს არ არის ჩვეულებრივი რეჟიმი.
• ანუ თქვენი მხრიდან ეს იყო სუფთა ბიზნესინტერესი, რომ მიგეწოდებინათ საწვავი ოკუპირებული რეგიონისთვის, რაც დაემთხვა ჰუმანიტარულ კრიზისს ადგილზე?
დიდი ხანია, ზოგადად, ამ ბიზნესხიდს ვაშენებ. არ არის პირველი, ორი წელი და სამი წელი. აქ არის ათეულობით წლებზე საუბარი, 14-15 წელია ამას ვცდილობ და ეს კანონიც ძალაში შევიდა. ამ კანონის დახვეწაშიც და მის მოხმარებაშიც დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. პირველი ვიყავი, ვინც სპეციალური საწარმოს სტატუსი აიღო და პრეტენზია მაქვს, რომ ყოველთვის პირველი ვიყო, რომ ასეთი რაღაცები ვაკეთო. იმიტომ რომ მჯერა, რომ ნდობა, პირველ რიგში, მეწარმეებს შორის უნდა აღდგეს. ეს არ არის მარტივი - ჩვენ ერთმანეთს საქმეში ვენდობით და ფულში ვენდობით, ეს ნდობა უნდა არსებობდეს.
• დამატებითი მოცულობების შესახებ მთავრობას საქმის კურსში აყენებთ, თუ არ გაქვთ ამისი ვალდებულება?
არ მაქვს ეგ ვალდებულება, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ პროცესში ყოველდღიური რამის შეთანხმება.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.
13 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულება, რომელიც პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს "სოლიდუსს". დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება სწორედ სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიას შეუძლია.
BM.GE
წყარო: bm.ge