
ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის ნავთობტანკერებს თავს დაესხნენ
იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ ორ ნავთობტანკერს, Encelia-სა და Layla-ს, უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით დარტყმები მიაყენეს.
როგორც ირკვევა, ინციდენტი საუდის არაბეთის ქალაქ სანაპიროდან 130 კილომეტრში მოხდა, თუმცა შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. საუდის არაბეთის ტრანსპორტის გენერალურმა სააგენტომ მომხდარი საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
პარალელურად, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების დაბომბვა ზედიზედ მეთორმეტე ღამეს გააგრძელეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა მოიერიშეებმა ირანის საზღვაო ინფრასტრუქტურა, სარაკეტო საწყობები, დრონების ბაზები და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თეირანი შეთანხმების მისაღწევად მზად არ არის და განხორციელებული თავდასხმების გამო ირანს პასუხისგება მოუწევს. ამასთან, რუბიომ ჰუსიტების მიერ განხორციელებულ დარტყმებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ იემენური დაჯგუფება ამ კონფლიქტში ირანმა ჩაითრია, რომელიც ასევე მიიღებს საკადრის პასუხს.
საბრძოლო მოქმედებების ესკალაციასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანი მკაცრად გააფრთხილა. ტრამპის თქმით, ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტეში გემებზე განხორციელებული თითოეული იერიშის საპასუხოდ შეერთებული შტატები ირანის თითო ხიდს ან ელექტროსადგურს გაანადგურებს. ირანულმა მხარემ საპასუხო მუქარით უპასუხა და აღნიშნა, რომ ამერიკული იერიშების შემთხვევაში რეგიონში არსებულ ამერიკულ ინფრასტრუქტურასა და ენერგოობიექტებს დაარტყამს.
