
I კვარტალში სადაზღვევო სექტორი 18%-ით გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებში სტაბილურად მაღალ ზრდას აჩვენებს, რაც პირველი კვარტალის მონაცემებითაც დასტურდება, როცა სექტორის ზრდამ 18% შეადგინა. ამის შესახებ მან "დაზღვევის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე BMG-სთან ისაუბრა.
"სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებში საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. უნდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ზრდა საშუალოდ 15%, 17%, 18% იყო. შარშან შედარებით ნაკლები 12%-მდე დაფიქსირდა, ახლა კი პირველად ვაჟღერებ - პირველი კვარტალის მონაცემებით, ზრდა ისევ 18%-ია. ზოგადად, ნებისმიერი მაჩვენებელი, რომელიც 10%-ს აღემატება, საკმაოდ კარგ შედეგად ითვლება და ეს, რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ასეთი ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ განვითარებაში მთავარი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს, რაც 600 მილიონ ლარს შეადგენს — ეს კი ძალიან სერიოზული და სოლიდური ციფრია. მთლიანად 25 წლის შედეგებით, პოლისების გაყიდვიდან მიღებული მთავარი მაჩვენებელი (შემოსავალი) 1 მილიარდ 410 მილიონი ლარია. შედარებისთვის, 2016 წელს ეს ციფრი სულ რაღაც 400 მილიონი იყო. ანუ, ამ 10 წლის მანძილზე მაჩვენებელი, ფაქტობრივად, გაორმაგდა, რაც ძალიან კარგი შედეგია; ჯამურად კი, ათ წელიწადში, შემოსავლები — ანუ პოლისების გაყიდვით მიღებული პრემია, როგორც ამას დაზღვევის სფეროში ვეძახით — 300%-ით გაიზარდა.
ცხადია, არის კიდევ გარკვეული მიმართულებები, რომელთა ხარჯზეც სექტორს გაფართოება შეუძლია. არსებობს დაზღვევის მთელი რიგი სახეობები, რომლებიც საქართველოში ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. ჩვენ მაინც ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში დაზღვევა შუა საუკუნეებიდან, განსაკუთრებით კი XIX-XX საუკუნეებში ვითარდებოდა. ჩვენთან, მაგალითად — რაც მგონია, რომ მალე მაინც შემოვა — მომზადებულია კანონპროექტი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ.
ასევე ვითარდება სიცოცხლის დაზღვევა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ძირითადად საბანკო პროდუქტებთან ასოცირებულ დაზღვევას ეხება. ანუ, თუ თქვენ ბანკში იღებთ სესხს, განსაკუთრებით კი იპოთეკურს, ვალდებული ხდებით, სიცოცხლის დაზღვევაც გააფორმოთ — ეს საკმაოდ მზარდი პროდუქტია. განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ქონების დაზღვევასაც, ასევე პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა სახეობას. პოტენციურად, თუ ეს ყველაფერი ამოქმედდება, ვფიქრობ, ხუთ წელიწადში ბაზარი მინიმუმ გაორმაგდება ან უფრო მეტადაც გაიზრდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასებიც მატულობს, რაც როგორც ეკონომიკის ზრდასთან, ისე პოლისების გაყიდვების მატებასთანაა კავშირში. ჩვენ, როგორც რეგულატორები და ზედამხედველები, ვაკვირდებით მომსახურე პერსონალის ანაზღაურებასაც. ეს კერძო სექტორია და კონკურენცია მაღალია — თუ თანამშრომელს კარგ ხელფასს არ მისცემთ, ის წავა, მაგალითად, საბანკო სფეროში. ვფიქრობთ, მომავალშიც ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება. კი ბატონო, ბრძანეთ.
დაზღვევის სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი ზედამხედველობის ნაწილია, მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ხშირად ფიქსირდება სადავო საკითხები. პირველ რიგში, მომხმარებელმა პრეტენზიით კომპანიას უნდა მიმართოს ჩვენი მოთხოვნით, ყველა კომპანიას აქვს ცალკე ერთეული, რომელიც მსგავს შემთხვევებს იხილავს. თუ საკითხი იქ არ დაკმაყოფილდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენ და პრობლემა ჩვენი ჩარევით განიხილება. მინდა გითხრათ, რომ ასეთი დავები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, როგორც წესი, საკითხი ჩვენი მონაწილეობითა და გარკვეული კონსენსუსის საფუძველზე გვარდება. საქმეები სასამართლომდე იშვიათად მიდის, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია", - ამბობს ონოფრიშვილი.
კითხვაზე როგორია ინფლაციის მაჩვენებელი სექტორში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ონოფრიშვილი პასუხობს, რომ ინფლაციის კუთხით სხვა ქვეყნებში ბევრად მძიმე მდგომარეობაა.
"უნდა ვიცოდეთ, რომ სადაზღვევო სფერო მხოლოდ რეაგირებს, რადგან ის, გარკვეულწილად, შუამავალია: აორგანიზებს ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და კლინიკებს, კრავს მათ ერთ პაკეტში და შემდგომ მომხმარებელს სთავაზობს. ახლა, თუ ფასები გაიზარდა ვთქვათ, წამლებზე ან სხვადასხვა სამედიცინო პროდუქტზე სექტორი იძულებულია, შესაბამისად იმოქმედოს. სადაზღვევო კომპანიები კერძო სტრუქტურებია და, ცხადია, წაგებაზე ვერ იმუშავებენ; ისინი ამ ცვლილებებს ადეკვატურად ასახავენ პოლისის ღირებულებაში.
უნდა ითქვას, რომ მარჟა მაღალი არ არის. ჩვენ ამასაც ვაკვირდებით, რათა ვინმემ არ თქვას, თითქოს სადაზღვევო კომპანიები ფასს ხელოვნურად უმატებენ და მეტ მოგებას იღებენ. ეს ასე არ არის მოგება ხშირად 10%-ზე ნაკლებია, ზოგჯერ 5%-იც კი, ზოგჯერ კი კომპანიები "ზღვარზეც" მუშაობენ.
მინდა გითხრათ, რომ დაზღვევის სფერო, როგორც ფინანსური სექტორის ნაწილი, ადეკვატურად რეაგირებს ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე. თუ ქვეყანაზე გარე ფაქტორები მოქმედებს, რაც ზოგ შემთხვევაში ნეგატიურად აისახება ინფლაციურ პროცესებზე, ეს სფეროზეც ახდენს გავლენას. თუმცა, თუ ზოგადად ინფლაციაზე ვისაუბრებთ, სხვა ქვეყნებში ბევრად უფრო რთული მდგომარეობაა და ჩვენ ამ მხრივ ბევრად უკეთეს პოზიციაში ვართ. ცხადია, ახლო აღმოსავლეთსა თუ სამხრეთში მიმდინარე ომები ჩვენს ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას", - ამბობს ონოფრიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge