
იაპონური კომპანია ორმაგი დანიშნულების თანამგზავრების მასობრივ წარმოებას იწყებს
მძიმე ინდუსტრიის იაპონური გიგანტი, IHI Corporation-ი ქვეყნის შიგნით მცირე ზომის თანამგზავრების მასობრივ წარმოებას იწყებს, რომელთაც კრიტიკული თავდაცვითი ობიექტების მონიტორინგისთვის საჭირო თანამგზავრული ქსელის შესაქმნელად გამოიყენებენ.
Nikkei-ს წყაროების ინფორმაციით, კომპანიამ იაპონიაში მცირე მასშტაბის წარმოება უკვე დაიწყო, თუმცა 2029 წლისთვის ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომლის წლიური სიმძლავრე 20-დან 30 თანამგზავრამდე იქნება.
IHI Corporation-ის თანამგზავრები, რომლებიც დედამიწაზე დაკვირვებისთვის იქნება განკუთვნილი, საზღვაო გზების, თავდაცვითი და სამხედრო ობიექტების, პორტებისა და ელექტროსადგურების მონიტორინგის გარდა, სამოქალაქო მიზნებისთვისაც, მათ შორის სატყეო მეურნეობის მართვისთვის გამოდგება.
ამასთან, აღნიშნული თანამგზავრები დედამიწაზე დაკვირვების მრავალსენსორული სისტემის პირველი ნაწილი იქნება, რომელიც ოპტიკურ, ინფრაწითელ, რადიოსიხშირულ და ჰიპერსპექტრულ ტექნოლოგიებს გააერთიანებს. საერთო ჯამში, კომპანია ხმელეთსა და ზღვაზე ობიექტების აღმოჩენისა და თვალთვალის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და იაპონიის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
BM.GE
წყარო: bm.ge