
III კვარტალში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 27%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი - 40%-ით
2026 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 528 გემი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აქედან 47% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30.7% - თხევადი ტვირთმზიდი, 17% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 4.7% - ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ და სხვა გემებზე განაწილდა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 34%-ით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 16%-ით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 18%-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი, სპეციალიზებული კი - 91%-ით ნაკლები.
საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14% - ლიბერიის, 14% - თურქეთის, 11% - მალტის, დანარჩენი 43.6% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
საქართველოს ნავსადგურები 6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 40% მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.6%-ს შეადგენდა.
საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 მილიონ 636 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. გადამუშავებული ტვირთის 42% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 40% - თხევადი ტვირთი, ხოლო 18% - ნაყარი ტვირთი.
BM.GE
წყარო: bm.ge