მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუ ყველა ობიექტი აშენდება, 2030 წლისთვის გენერაციის შეზღუდვა 4-ჯერ გაიზრდება | G&T-ი სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს
თუ ყველა ობიექტი აშენდება, 2030 წლისთვის გენერაციის შეზღუდვა 4-ჯერ გაიზრდება | G&T-ი სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს

თუ ყველა ობიექტი აშენდება, 2030 წლისთვის გენერაციის შეზღუდვა 4-ჯერ გაიზრდება | G&T-ი სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 16:57|bm.ge

Galt & Taggart-ის შეფასებით, საქართველოში ყველა დაგეგმილი ენერგეტიკული ობიექტი აშენების შემთხვევაში, ოპტიმისტური სცენარით, 2030 წლისთვის გენერაციის შეზღუდვა თითქმის ოთხჯერ გაიზრდება (+4.0 გვტ სიმძლავრე 2032 წლისთვის).

საინვესტიციო ბანკმა ენერგეტიკის სექტორის ახალი მიმოხილვა - „ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი: რა უნდა მოგვცეს ახალმა აუქციონმა?“ გამოაქვეყნა, სადაც სისტემის ხარვეზები და საჭირო ნაბიჯებია გაანალიზებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სისტემას ზაფხულში ჭარბი ენერგია აქვს, ზამთარში კი დეფიციტი. 2026 წლის მაის-ივლისში სადგურებს გამომუშავება მასშტაბურად პირველად შეეზღუდათ. შეზღუდვამ 0.5 ტვტ.სთ შეადგინა, რაც, Galt & Taggart-ის შეფასებით, 67 მლნ ლარამდე მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს. ამავე დროს, 9 თვის მიწოდების 25.8% იმპორტმა და თბოსადგურებმა დაფარა.

„ჩვენი შეფასებით, თუ ყველა დაგეგმილი პროექტი აშენდება, 2030 წლისთვის შეზღუდვა თითქმის ოთხჯერ გაიზრდება ოპტიმისტური სცენარით (+4.0 გვტ სიმძლავრე 2032 წლისთვის). ტექნოლოგიები ზამთრის დეფიციტს განსხვავებულად ამცირებს. ამას ორი ფაქტორი განსაზღვრავს. პირველი სეზონურობაა. სექტემბერ-აპრილში ქარი წლიური გამომუშავების 67%-ს იძლევა, წყალსაცავიანი ჰესი 66%-ს, მზე 60%- ს, მოდინებაზე ჰესი კი 59%-ს. მეორე დღიური ცვალებადობაა:

• წყალსაცავიანი ჰესი ყველაზე მართვადია და სიმძლავრისა და სიხშირის რეგულირებაში ეხმარება სისტემას. • ქარის სადგურების გამომუშავება საათობრივად იცვლება, თუმცა ზამთარში სტაბილურია. • მოდინებაზე ჰესი დღის განმავლობაში სტაბილურად მუშაობს და სისტემას ინერციას აწვდის, მაგრამ მეტს გაზაფხულ-ზაფხულში გამოიმუშავებს. • მზის სადგური მხოლოდ შუადღის საათებში მუშაობს და ყველაზე ცვალებადია, რაც ქსელს დამატებით გამოწვევებს უქმნის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან მითითებულია, რომ დღეს მზის სადგურებს საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი პირობები აქვს, თუმცა სისტემისთვის სარგებლით ბოლო ადგილზეა. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ შემდგომ სიმძლავრის აუქციონზე პრიორიტეტი შემდეგი რიგით განისაზღვროს: წყალსაცავიანი ჰესი, ქარი, მოდინებაზე ჰესი და ბოლოს მზე.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მზის სადგურები ენერგიას ძირითადად შუადღის საათებში გამოიმუშავებს, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულში, როცა ენერგია ისედაც ჭარბია. ამ საათებში სიჭარბეა მთელ რეგიონშია: მზის მაღალი წილის გამო (თურქეთში 21%, ბულგარეთში 36%) შუადღის ფასი ყველგან ერთდროულად ეცემა. მაგალითად, 2026 წლის მაის-ივლისში თურქეთში საშუალო ფასი 3.5 ცენტი იყო (წლიურად −46%), ამიტომ საქართველოდან ჭარბი ენერგიის ექსპორტიც კომერციულად არამომგებიანია.

„ოპტიმისტური სცენარით გათვალისწინებულია 1.7 გვტ მზის სადგურების მშენებლობა, მაშინ როცა ქსელს მხოლოდ 0.5 გვტ-ის მიღება შეუძლია (DigSilent-ის კვლევა, სსე-ს ათწლიანი განვითარების გეგმა, 2024). ჩვენი შეფასებით, მიზანშეწონილია, მზის 1.7 გვტ-იანი გეგმა გადაიხედოს და მასში ქსელის ლიმიტის ფარგლებში არსებული პროექტები დარჩეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„გალტ ენდ თაგარტის“ ანალიზით, დაგეგმილი სიმძლავრის გადახედვა ზაფხულის სიჭარბის რისკს შეამცირებს.

მათი შეფასებით, ოპტიმისტური სცენარით, 2032 წლამდე დაგეგმილი 4.0 გვტ-დან ამჟამად 1.4 გვტ-ის პროექტები მიმდინარეობს. თუ გეგმა ამ პროექტებით შემოიფარგლება, ზაფხულის შეზღუდვა 50%-ის (მაღალი შეზღუდვის სცენარი) ნაცვლად საშუალოდ 30% იქნება (საბაზისო შეზღუდვის სცენარი).

ამავე მიზნით მიზანშეწონილია, ახალი მემორანდუმების გაფორმება, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით, შეჩერდეს და ასეთი პროექტები ახალ აუქციონზე გავიდეს. ინვესტორს აუქციონამდე სრული ინფორმაცია სჭირდება. შეზღუდვის წესები, ქსელის ლიმიტები, პროექტების სია და ოფიციალური 10-წლიანი პროგნოზი უმჯობესია აუქციონამდე გამოქვეყნდეს.

ამასთან, მათი შეფასებით, ახალ აუქციონზე მიზანშეწონილია იმ ტექნოლოგიებისწახალისება, რომლებიც ქვეყანას მეტად სჭირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები ლიდერობს | ტვირთების სტრუქტურა

რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები ლიდერობს | ტვირთების სტრუქტურა

BM.GE

ერთ დღესაც სრულფასოვან ბაზას მივიღებთ, გვეცოდინება ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს - მინისტრი

ერთ დღესაც სრულფასოვან ბაზას მივიღებთ, გვეცოდინება ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს - მინისტრი

BM.GE

III კვარტალში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 27%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი - 40%-ით

III კვარტალში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 27%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი - 40%-ით

BM.GE

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

BM.GE