!["იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო... აუცილებლად იქნება [ტრამვაის] სხვა ხაზებიც" - თბილისის ვიცემერი](https://bm.ge/uploads/files/2026/07/16/318643/giorgi-tyemaladze_w_h.jpeg)
"იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო... აუცილებლად იქნება [ტრამვაის] სხვა ხაზებიც" - თბილისის ვიცემერი
"3 წლის თავზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისარგებლოთ ტრამვაით და დავაბრუნოთ ის ჩვენს ქალაქში", - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა გიორგი ტყემალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დიდი დიღომი-დიდუბის ხაზი არ იქნება ბოლო და იგეგმება სხვა მიმართულებების განვითარებაც.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს არ იქნება ბოლო, ჩვენ ვაპირებთ შემდგომ სხვადასხვა ხაზებზე განვითარებას და უახლოეს მომავალში გვექნება სიახლეები ამ მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი. აუცილებლად ტრამვაი მომავალში სხვადასხვა ქსელებზე იქნება ანუ დაიქსელება ქალაქი.
ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუმცა, მხოლოდ გარკვეული კვლევების საფუძველზე შეგვეძლება ამაზე ღიად საუბარი რაღაც პერიოდის შემდეგ. ამ ეტაპზე მიდის კვლევის და ტექნიკურ მახასიათებლებზე მუშაობა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად იქნება სხვა ხაზებიც,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ თბილისის მერია დიდუბე-დიდი დიღმის ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და დეპოს მშენებლობის 287.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს თურქეთში რეგისტრირებულ ერთობლივ საწარმო EYE (EmreRay + Yüksel + Erk)-თან გააფორმებს. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესყიდვის წესებით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში ოთხი მსხვილი კომპანია და ერთობლივი საწარმო მონაწილეობდა. შეფასების დასრულების შემდეგ გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე EmreRay დასახელდა.
კალაძის განცხადებით, ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ 14-დღიანი გასაჩივრების ვადა მოქმედებს, რომლის ამოწურვის შემდეგაც კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება.
ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi სარკინიგზო და ტრამვაის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სპეციალიზებული თურქული კომპანიაა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, EmreRay-ს განხორციელებული აქვს სტამბულის ემინონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტი, რომელიც ლიანდაგებისა და საკონტაქტო ელექტროგაყვანილობის მოწყობას მოიცავდა.
დიდუბე-დიდი დიღმის ახალი ტრამვაის ხაზი 7.5 კილომეტრი იქნება და დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო „დიდუბეს“ დააკავშირებს. პროექტი Design-Build (DB) მეთოდით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორზე აერთიანებს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ვალდებულებას.
პროექტის ფარგლებში აშენდება ტრამვაის დეპოც, მარშრუტზე 11 გაჩერება მოეწყობა, ხოლო თითოეულ მოძრავ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. კონტრაქტორისთვის პროექტის განხორციელების ვადა 36 თვეა, საიდანაც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე 24 თვე მოდის.
BM.GE
წყარო: bm.ge