
Infineon-მა ტაილანდში $1.4 მილიარდად შეფასებული საწარმო გახსნა
გერმანულმა ნახევარგამტარების მწარმოებელმა გიგანტმა Infineon-მა ტაილანდში ახალი საწარმო ოფიციალურად გახსნა. არსებული ინფორმაციით, ბანგკოკის მახლობლად მდებარე ობიექტი მზა ჩიპების საბოლოო დამუშავებასა და ტესტირებას უზრუნველყოფს.
კომპანიის ცნობით, საწყისი ეტაპის ინვესტიციამ €100 მილიონს ($113.57 მლნ) გადააჭარბა. ტაილანდის საინვესტიციო საბჭოს მონაცემებით, გრძელვადიანი პროექტის საერთო ღირებულება $1.4 მილიარდი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ობიექტი მუშაობას 30,000 კვადრატული მეტრის სტერილური სივრცით იწყებს. განმარტებისთვის, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ნახევარგამტარების წარმოება შეუფერხებლად მოხერხდეს და მტვრის მცირედმა ნაწილაკებმაც კი არ დააზიანოს ჩიპები.
კომპანიის საოპერაციო დირექტორის განცხადებით, სამომავლოდ საწარმოო ფართობის 150,000 კვადრატულ მეტრამდე გაზრდა იგეგმება. ამ ნაბიჯით Infineon-ი მომხმარებლებისთვის მიწოდების ალტერნატიული ჯაჭვის ფორმირებას შეძლებს. მენეჯმენტის განმარტებით, თუ მალაიზიის ქარხანაში გარკვეული შეფერხება წარმოიქმნება, პარტნიორების მომარაგებას ტაილანდის საწარმო უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, ამჟამად გერმანული მწარმოებელი აშშ-ში, ევროპაში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 13 საწარმოო ობიექტს ფლობს.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ნახევარგამტარების გლობალური გაყიდვების მოცულობა $1 ტრილიონს მიაღწევს. ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების სწრაფი განვითარების ფონზე კი, 2035 წლისთვის ბაზრის საერთო მაჩვენებლის $2 ტრილიონამდე გაზრდაა ნავარაუდები.
BM.GE
წყარო: bm.ge