
ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?
ბოლო ორ წელში პირველად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდის შედეგად, 252 ათას მეტ ადამიანს სესხი გაუძვირდა. რადგან აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 20 მლნ ლარის ღირებულების 252 029 სესხია გაცემული.
ქვეყნის ცენტრალური ბანკი განაკვეთის ზრდას ახლო აღმოსავლეთში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს.
"ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები. ეს მოლოდინები და ეს რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. ასევე, არავინ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, როგორი იქნება შემდგომი ფასების ვოლატილობა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია", - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბოლოს 2024 წლის მაისში 8%-მდე შემცირდა და მას შემდეგ ეროვნული ბანკი უცვლელად ტოვებდა.
საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება უფრო ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა.
"0.25 პუნქტით გაზრდა ინფლაციურ შენებას ვერ მოახდენს გამომდინარე იქიდან, რომ ის რა ინფლაციაც გვაქვს ეს გამოწვეულია ერთჯერადი და მიწოდების მხრიდან ფაქტორებით. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება ამ შემთხვევაში ვერ ჩააქრობს მიწოდებიდან მომდინარე შოკს ინფლაციაზე", - აცხადებს ქავთარაძე.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ თუ მაღალი ინფლაციის რისკი შენარჩუნდა, მონეტარული პოლიტიკა კიდევ გამკაცრდება.
"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე მოულოდნელი, რადგან ინფლაციაზე მოქმედი მიმდინარე ფაქტორები გარკვეულ რეაგირებას მოითხოვდა. თუ საერთაშორისო გარემოსა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს შევხედავთ, თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ ეს პროცესი ხანმოკლე იქნებოდა და არ გადაიზრდებოდა იმ გაურკვევლობაში, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. აქედან გამომდინარე, არსებული წნეხის შესამსუბუქებლად, ეს ნაბიჯი წინსწრებითაა გადადგმული - მათ შორის მოლოდინების მართვის კუთხითაც. ამით ჩანს, რომ ეროვნული ბანკი ახდენს რეაგირებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და მზად არის, სამომავლო გაურკვევლობის შემთხვევაში კვლავ გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა", - ამბობს „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი ირაკლი ჟვანია.
ეროვნული ბანკი გაზრდილ რეფინანსირების განაკვეთს გლობალური ინფლაციური შოკით ხსნის, რაც საქართველოზეც აისახა. აპრილში ინფლაცია ნამდვილად დაჩქარდა და ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია. თუ აპრილში წლიურად სამომხმარებლო ფასები 5.9%-მდე გაიზარდა, უფრო დიდი ზრდაა მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სურსათის ჯგუფში, სადაც ფასები საშუალოდ 7.5%-ით არის მომატებული. ინფლაციას ზრდის ელექტროენერგიის გაძვირებაც, რომლშიც მოქალაქეები უკვე მეორე თვეა 5 თეთრით მეტს იხდიან, ამას ემატება საწვავიც.
საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ რადგან ინფლაციამ ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია, ეროვნულ ბანკს განაკვეთის ზრდის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
"რამდენიმე დღეში ყველა ის ადამიანი, ვისაც სესხი ლარში აქვს და მიბმულია ცვლად განაკვეთზე, მიიღებს კომერციული ბანკისგან შეტყობინებას, რომ მას 0.25 პროცენტული პუნქტით გაუძვირდა სესხზე გადასახდელი. შესაძლოა ადამიანებს გარკვეული აგრესია გაუჩნდეთ ბანკების მიმართ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის კომერციული ბანკების გადაწყვეტილება. ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში არც ეროვნული ბანკი არ არის დამნაშავე. დამნაშავეა ინფლაცია და ამ ინფლაციის გამომწვევი მიზეზები. პირველ რიგში ამ ყველაფერზე ალბათ პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელმაც ვერ უზრუნველყო ის, რომ ინფლაცია კიდევ არ გაზრდილიყო", - ამბობს კეპულაძე.
მართალია, განაკვეთს ზრდის დროს ქვეყანაში სესხები ძვირდება, ეს კი საბოლოოდ მასზე მოთხოვნას ამცირებს, რაც თავის მხრივ, ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს. თუმცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გავლენა ეკონომიკაზე მყისიერად არ ხდება და მას საშუალოდ 1-1.5 წელი სჭირდება. შესაბამისად, ცენტრალური ბანკის ეს გადაწყვეტილება ინფლაციაზე ჯერჯერობით გავლენას ვერ მოახდენს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ირან-ამერიკის საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
BM.GE
წყარო: bm.ge