ირანი რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება
ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჰამიდრეზა ჰაჯიბაბაი სპარსეთის ყურის ზონიდან ნავთობის ექსპორტის სრული შეჩერებით დაიმუქრა.
პოლიტიკოსის განცხადებით, თუ ირანი საკუთარი ნავთობის ექსპორტს ვერ შეძლებს, რეგიონიდან ნავთობი საერთოდ აღარ გავა. მისივე თქმით, აშშ-სთან დაპირისპირების ამჟამინდელი მასშტაბის ფონზე ერთადერთი სწორი გზა იქნება პრინციპის "ბლოკადა ბლოკადის სანაცვლოდ" გამოყენება. ეს კი გულისხმობს ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოებისთვის ჰორმუზის სრუტის პერიმეტრებზე ისეთი პრობლემების შექმნას, რომელიც ექსპორტის განხორციელებას შეუძლებელს გახდის.
ჰაჯიბაბაიმ რეგიონის ქვეყნები ღიად გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტეში ან სპარსეთის ყურის სხვა ნაწილში აშშ-ის დახმარების შემთხვევაში ისლამური რესპუბლიკა მთელ ამ ტერიტორიას სამიზნედ აქცევს და ნებისმიერ ობიექტს გაანადგურებს.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჰორმუზის სრუტესთვის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის ნებისმიერ მცდელობას თეირანი თავდასხმის "ლეგიტიმურ სამიზნედ" განიხილავს, თუ ამ ნაბიჯის მიზანი ნავთობის ფასების შემცირება და აშშ-ისა და ევროპის დახმარება იქნება.
მისივე თქმით, ვინც აშშ-ის ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით მსგავს ნაბიჯს გადადგამს, ისლამურ რესპუბლიკასთან საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
